სეზონური გრიპის ახალი ვაქცინა თამბაქოს მცენარეში გამოჰყავთ
სეზონურ გრიპზე და მის ვაქცინაზე ყველას გვსმენია. მიუხედავად ამისა, ხშირად ვაქცინებზე არ გვაქვს საკმარისი ინფორმაცია. მეტიც, ზოგჯერ გრიპი გაციებაშიც გვერევა. აღსანიშნავია, რომ გაციებასაც და გრიპსაც ვირუსი იწვევს, მაგრამ ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან. გაციების მიზეზი ხშირად ადენოვირუსები და რინოვირუსებია. რაც შეეხება გრიპს, მისი ოთხი სახეობა არსებობს: A, B, C და D.
როგორც წესი, გაციება სიცოცხლისთვის საშიში არ არის. ის უმეტესწილად ვლინდება სურდოთი და მსუბუქი დისკომფორტით. მაშინ როცა გრიპისთვის დამახასიათებელია სიცხე, სისუსტე, სურდო, თავის ტკივილი და უყურადღებობის შემთხვევაში, შეიძლება გადაიზარდოს გაცილებით მწვავე ინფექციებში, როგორიცაა ფილტვების ანთება ანუ პნევმონია.
სწორედ ამიტომ, მეცნიერები აქტიურად ებრძვიან გრიპის ვირუსებს და ქმნიან სხვადასხვა ვაქცინებს.
ვაქცინის და ვაქცინაციის ფუძემდებლად ინგლისელი მეცნიერი ედვარდ ჯენერი ითვლება. მან შენიშნა, რომ ადამიანები, რომლებიც ძროხებს წველიდნენ, იმ პერიოდში მასიურად გავრცელებული ყვავილის ვირუსით (smallpox) არ ავადდებოდნენ. ამ ფაქტით დაინტერესებულმა მეცნიერმა განაგრძო დაკვირვება და აღმოაჩინა, რომ ძროხებს აღენიშნებოდათ ყვავილის ინფექცია, თუმცა, ვირუსის ეს შტამი ნაკლებად აგრესიული იყო, ვიდრე ის, რომელიც ადამიანებში ვრცელდებოდა. ის მალევე მიხვდა, რომ ვირუსის მსუბუქ ფორმასთან მუდმივი შეხების გამო, ადამიანებში, განვითარებული იყო იმუნიტეტი ყვავილის ვირუსის მიმართ.
1976 წელს, მან 13 წლის ბიჭი დააინფიცირა ძროხის ყვავილის ვირუსით, რომელმაც ძალიან იოლ ფორმებში მოიხადა ინფექცია და შემდგომ აღარასდროს დაიფიცირებულა ამავე ვირუსით. ექსპერიმენტიდან 2 წელიწადში, უკვე შეიქმნა პირველი ვაქცინა ყვავილის ვირუსის წინააღდედ.
1890- 1950 წლებში ბაქტერიული ვაქცინები უკვე ფართოდ იყო გავრცელებული მთელ მსოფლიოში და აქტიურად გამოიყენებოდა მოსახლეობის იმუნიზაციისთვის. დღეისთვის, ვაქცინების დახმარებით თოთხმეტამდე ინფექციური დაავადება ითვლება აღმოფხვრილად, მაგრამ ეს მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს. ჯერ კიდევ ბევრი ვირუსული და პარაზიტული ინფექციაა ვაქცინის გარეშე.
ზოგ შემთხვევაში უკვე შექმნილი ვაქცინებიც კი ძველდება. მაგალითად, გრიპის ვირუსის ვაქცინა მუდმივ გადახალისებას საჭიროებს.
„ყოველწლიურად გვესმის, რომ სეზონური გრიპის ვაქცინაცია იწყება. გრიპის ვირუსისთვის ერთჯერადი ვაქცინაცია საკმარისი არ არის. არადა, ბავშვობაში გაკეთებული ბცჟ-ს აცრა მთელი ცხოვრების განმავლობაშია საკმარისი. ჩნდება კითხვა, რა გახდა ეს გრიპის აცრა?
საქმე იმაშია, რომ გრიპის ვირუსი დიდი მოუსვენარი ვინმეა. მხატვრულად რომ ვთქვათ, მოზარდი ახალგაზრდასავით იცვლის "სტილს". ხან ვარცხნილობას შეიცვლის, ხან თმას შეიღებავს, ზოგჯერ გარდერობსაც ანახლებს. ამიტომ, გრიპის ვაქცინებსაც მუდმივი განახლება სჭირდებათ. იმუნიტეტი ხშირად უნდა ვავარჯიშოთ და ვამეცადინოთ გრიპის ახალი ფორმის გამოსაცნობად", — გვიყვება ბიოლოგი და გენეტიკოსი, ნინო ჩიღვინაძე.
სწორედ ამიტომ, მეცნიერები გრიპის ვაქცინას არამარტო ანახლებენ, არამედ მისი შექმნის ახლებურ გზებსაც ეძებენ. მეცნიერებმა ვაქცინის ინკუბაციიის სრულიად ახალი გზა გამონახეს. ვაქცინა მოთავსდა თამბაქოს მცენარეში.
კვლევებში ჩართული იყო 23 000 ადამიანი და შედეგებმა აჩვენა, რომ ასეთი ახალი ვაქცინა არა მარტო უსაფრთხოა, არამედ უთანაბრდება აქამდე წარმოებულ გრიპის ვაქცინებს.
როგორც მკვლევარების გუნდი ამბობს, — „ეს კვლევები არის ყველაზე კარგი დემონსტარაცია იმის, რომ მცენარეებისგან შეგვიძლია ადამიანებისთვის უსაფრთხო, იმუნოგენური და ეფექტური ვაქცინა ვაწარმოოთ.“
„გრიპის ვირუსის ინკუბაციურ პერიოდს მეცნიერები წიწილის კვერცხში წარმართავდნენ, ამის მიზეზი იყო ის, რომ რაც შეიძლება მეტი მასალა ჰქონოდათ ვაქცინაზე სამუშაოდ, ახლა კი ჩნდება ახალი პერსპექტივა, გენეტიკურად ინჟინირებულ თამბაქოში ვირუსის კაფსიდის სინთეზი. ეს წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, როგორც დროის მოგების თვალსაზრისით, ასევე გაჩნდება მეტი სამუშაო მასალა, რაც საშუალებას მოგცემს მეტად ეფექტურად განვაახლოთ ვაქცინა.
ვინაიდან მცენარე შეიძლება აღვიქვათ, როგორც საშუალება, სადაც მეცნიერები ვირუსის კაფსიდის სინთეზს ახორციელებენ, აქედან გამომდინარე, მცენარე იქნება როგორც შემნახველი ინკუბატორი, ვაქცინის შესანახად, მარტივად სამუშაოდ და გასაახლებლად. ასევე მნიშვნელოვანია, რომ თამბაქოს გამრავლება უფრო მარტივია“, — ამბობს ნინო ჩიღვინაძე.
თამბაქოს მცენარეში წარმოებული ვაქცინა მეცნიერებმა ორ კლინიკურ კვლევაში გამოსცადეს. ორივემ წარმატებით ჩაიარა. წინ ტესტირების მესამე ეტაპია, რომელიც როგორც წესი, ვაქცინებისთვის ერთ-ერთი ბოლო დაბრკოლებაა ხოლმე. ამ ტესტის წარმატებით გავლა უკვე ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.
პირველ კვლევაში მონაწილეობა მიიღო 10 100-ზე მეტმა ადამიანმა, მათი ასაკი 18-დან 64 წლამდე იყო. კვლევაში მონაწილეები იყვნენ აზიიდან, ევროპიდან და ჩრდილოეთ ამერიკიდან. ხოლო ვაქცინას, სეზონური გრიპისგან, ცდებში მონაწილეების 70 პროცენტი უნდა დაეცვა.
მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მაღალი ნიშნულის მიღწევა ვერ მოხერხდა, ვაქცინამ ადამიანების მესამედის დაცვა მაინც შეძლო. როგორც მკვლევრები ამბობენ, პირველი ეტაპისთვის, ეს საკმაოდ კარგი შედეგია.
მეორე კვლევა კი 12 700 ადამიანზე ჩატარდა და აღსანიშნავია, რომ ესენი იყვნენ 65 წლის და ზემოთ ასაკობრივი კატეგორიის წარმომადგენლები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ხანდაზმულთა იმუნური სისტემა, ასაკის მატებასთან ერთად, იკლებს, რაც მათ უფრო დაუცველს ხდის ინფექციების მიმართ. ვაქცინამ იმუნური უჯრედების მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვია. უჯრედების, რომლებიც მზად არიან რეაგირება მოახდინონ გრიპისმაგვარ ინფექციებზე.
„დღეს ასეთი კვლევები აქტიურად ტარდება, თუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ერთ მშვენიერ დღეს, შესაძლოა, გვქონდეს სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინების წარმოების ახალი გზა, რაც შეიძლება, კიდევ უფრო მასშტაბური იყოს გრიპის პანდემიების შემთხვევაში", — ამბობს ნინო ჩიღვინაძე.
თუმცა, მცენარეულ ვაქცინებს საბოლოო მწვანე შუქის მისაღებად ჯერ კიდევ აქვთ გზა გასავლელი. ჩვენ კი, ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ. მცენარეში წარმოებული ვაქცინა სრულიად ახალი ეტაპი იქნება. ეს კი ნიშნავს იმას, რომ რამდენიმე ნაბიჯი გვაშორებს გრიპის ვაქცინის სრულიად ახალ ეპოქამდე.
კომენტარები