მეცნიერები, COVID-19-ის მკურნალობის კუთხით, ასპირინის შესაძლებლობებს იკვლევენ
მედიკამენტი ასპირინი, რომელსაც ზოგჯერ სისხლის გამათხიერებელსაც უწოდებენ, შესაძლოა, COVID-19-ის სამკურნალო საშუალება გახდეს. აღნიშნული მიმართულებით დიდ ბრიტანეთში ყველაზე დიდი მოცულობის კვლევა დაიწყება.
როგორც უკვე ვიცით, ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულები სისხლის შედედების შედეგად ჩამოყალიბებული კოლტებით გამოწვეული გართულებების გაზრდილი რისკის ჯგუფში შედიან. აღნიშნულის ზუსტი მიზეზი ბოლომდე გარკვეული არ არის, მაგრამ გამოკვეთილია, რომ ამაში ჰიპერ-რეაქტიულ თრომბოციტებს მიუძღვით წვლილი. ეს უკანასკნელნი სისხლის შედედებაზე და ამ გზით სისხლდენის შეჩერებაზე არიან პასუხისმგებელნი.
ასპირინი კი ანტითრომბული მედიკამენტი გახლავთ, რომელსაც სისხლის კოლტების ჩამოყალიბების რისკების შემცირება შეუძლია, ვკითხულობთ კვლევის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. როგორც ირკვევა, კვლევაში ჩართული მინიმუმ 2 ათასი პაციენტი, თავისი ჩვეული დანიშნულების გარდა150მგ ასპირინს რანდომულად მიიღებს. აღნიშნულ მონაცემებს მეცნიერები მოგვიანებით დანარჩენი იმ 2 ათასი მოხალისის მონაცემებს შეადარებენ, რომელთაც მკურნალობის კურსში ეს მედიკამენტი დანიშნული არ ჰქონიათ.
"არსებობს მყარი საფუძველი, რათა ვირწმუნოთ, რომ მას [ასპირინს] სასარგებლო ეფექტი აქვს, უსაფრთხოა, იაფია და ხელმისაწვდომი", — აღნიშნავს პროექტის მთავარი თანამკვლევარი, პიტერ ჰორბი.
ამჟამად COVID-19-ის სამკურნალო ოფიციალურ საშუალებად აშშ-ში რემდესივირია დარეგისტრირებული. აღსანიშნავია, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ჩატარებულ კვლევაში ამ მედიკამენტმა არც ისე სახარბიელო შედეგები აჩვენა და ამას სამეცნიერო წრეებში შესაბამისი ხმაურიც მოჰყვა. აღნიშნულ ანტივირუსულ მედიკამენტს კომპანია Gilead აწარმოებს. მისგან განსხვავებით, ასპირინი ჯენერიული მედიკამენტია, რაც მის წარმოებას კიდევ უფრო იაფს ხდის.
ახალი კვლევის უკან მდგომ მეცნიერთა გუნდს უკვე დიდი გამოცდილება აქვს. დიდ ბრიტანეთში წამოწყებულ COVID-19-ის თერაპიის რანდომიზირებული შეფასების პროექტს შემოკლებით RECOVERY კვლევასაც ეძახიან და სწორედ მასში მონაწილე მკვლევარები იყვნენ პირველნი, რომელთაც დექსამეტაზონის ეფექტიანობა დაამტკიცეს, რითიც ათასობით სიცოცხლის გადარჩენა გახდა შესაძლებელი.
იგივე სამეცნიერო ჯგუფმა გამოკვეთა, რომ ჰიდროქსიქლოროქინს (იგივე პლაქვენილი) პაციენტთა მკურნალობაში ეფექტიანობა არ გააჩნდა. ამჟამად, ასპირინის ახალი კვლევის გარდა, ბრიტანელ მეცნიერთა ჯგუფი COVID-19-ზე ანტიბიოტიკ აზითრომიცინისა და ფარმაკოლოგიური კომპანია Regeneron-ის მიერ შექმნილ ანტისხეულთა კოქტეილის გავლენას იკვლევს
კომენტარები