პოლონელი ქალების ბრძოლა აბორტის უფლებისთვის — მოკლედ

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

რა ხდება?

22 ოქტომბერს, პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ნაყოფის განვითარების პათოლოგიების — ფიზიკური ან ჯანმრთელობის სხვა პრობლემის შემთხვევაში აბორტი არაკონსტიტუციურად ცნო. ეს იმას ნიშნავს, რომ აბორტი ქვეყანაში, ფაქტობრივად, სრულად არის აკრძალული და ლეგალურია მხოლოდ გაუპატიურების, ინცესტის ან დედის სიცოცხლისთვის საფრთხის არსებობის შემთხვევაში.

წარწერა ფოტოზე: ვისურვებდი, ჩემი მთავრობის აკრძალვას

ფოტო: DW

გამოკითხვების თანახმად, პოლონელების უმრავლესობა კანონის გამკაცრების წინააღმდეგი იყო. ქალთა უფლებადამცველების შეფასებით, წელიწადში, დაახლოებით, 80 000-დან 120 000 პოლონელი ქალი აბორტის გაკეთებას საზღვარგარეთ ცდილობს. ასევე, ხაზგასმულია სტიგმა ამ საკითხის გარშემო.

ვინ მართავს პოლონეთს?

ქვეყნის პარლამენტში, უმრავლესობას კონსერვატიული პარტია კანონი და სამართლიანობა ფლობს, რომელიც დიდი ხანია, აბორტის უფლების წინააღმდეგ გამოდის. მთავრობის პოზიციას იზიარებს პოლონეთის კათოლიკური ეკლესიაც, რომელსაც ქვეყანაში დიდი გავლენა აქვს. BBC-ის ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლეთა უმრავლესობა მმართველი პარტიის მიერ არის დანიშნული.

როგორ დაიწყო ყველაფერი?

აბორტების გამკაცრების ადრეული მცდელობების გამო ქალთა უფლებების დამცველები ქუჩებში მანამდეც გამოსულან. 1993 წლიდან ქვეყანაში ქალებს აბორტის უფლება მხოლოდ გაუპატიურების ან ინცესტის შემთხვევაში ჰქონდათ, ან მაშინ, თუკი მათი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ იყო ან ჩანასახს განვითარების პათოლოგიები ჰქონდა.

პოლონელების პროტესტი აბორტის წინააღმდეგ, 2018 წელი

ფოტო: BBC

თუმცა 2016 წელს ქვეყანაში აქტიურად დაიწყო საუბარი აბორტის აკრძალვაზე. 4 წლის წინ, მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი ამ სამედიცინო პროცედურას სრულად აკრძალვასთან ერთად, 5 წლით თავისუფლების აღკვეთასაც გულისხმობდა. აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა მაშინ 6 მილიონამდე ქალმა გააპროტესტა.

აბორტზე კანონის გამკაცრებას მხარს მაშინაც კათოლიკური ეკლესია და პოლონეთის მმართველი პარტია — კანონი და სამართლიანობა უჭერდა. ფემინისტებმა მასობრივი გამოსვლები მას შემდეგ დაიწყეს, რაც პოლონეთის პარლამენტმა საპარლამენტო კომისიაში საკითხის განხილვას მხარი დაუჭირა. ინიციატივა მაშინ კონტრაცეპტივების აკრძალვასაც ეხებოდა. მასობრივი პროტესტის შემდეგ, ავტორებმა კანონპროექტი უკან გაიწვიეს.

რა მოხდა შემდეგ?

2019 წლის დეკემბერში მემარჯვენე კანონმდებელთა ჯგუფმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა და გააპროტესტა 1993 წელს მიღებული კანონის ნორმა, რომლის მიხედვით, ნაყოფის განვითარების პათოლოგიების დროს აბორტი დაშვებული იყო.

კანოპროექტის განხილვა მიმდინარე წლის აპრილში შედგა, რაც ქალებმა ისევ გააპროტესტეს, თუმცა ამჯერად მანქანებითა და ველოსიპედებით, რადგან მსოფლიოში უკვე კორონავირუსის პანდემია იყო.

CNN-ის ინფორმაციით, გასულ წელს აბორტების, დაახლოებით, 98% ნაყოფის განვითარების პათოლოგიების გამო გაკეთდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ პოლონეთში ექიმების უმრავლესობას, ასევე, ხელი აქვს მოწერილი ე.წ. სინდისის კლაუზულაზე, რის გამოც, აბორტი კანონით დაშვებულ შემთხვევებშიც კი, თითქმის შეუძლებელია.

უკვე 22 ოქტომბერს ცნობილი გახდა სასამართლოს გადაწყვეტილება — აბორტი ნაყოფის პათოლოგიების შემთხვევაშიც არაკონსტიტუციურად ცნეს, რაც თითქმის სრულ აკრძალვას ნიშნავს.

რა რეაქცია მოჰყვა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას?

სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე, 22 ოქტომბრიდან პოლონეთის ქალაქები საპროტესტო ტალღამ მოიცვა. აქციები დღემდე მიმდინარეობს. "ქალი ინკუბატორი არ არის", "ჩემი სხეული — ჩემი არჩევანი", — სკანდირებენ ქალები.

23 ოქტომბერს, როცა ისინი მმართველი პარტიის კანონი და სამართლიანობის ლიდერის, იაროსლავ კაჩინსკის სახლთან მივიდნენ, პოლიციამ ძალა გამოიყენა. ათობით ადამიანი დააკავეს, თუმცა საპროტესტო ტალღა მეორე დღესაც გაგრძელდა.

აბორტის აკრძალვის საწინააღმდეგო აქცია ვარშავაში, 2020 წლის 23 ოქტომბერი.

ფოტო: Slawomir Kaminski/Agencja Gazeta/via REUTERS

25 ოქტომბერს აბორტის შეზღუდვის მოწინააღმდეგეებმა ქვეყნის მასშტაბით არსებულ ეკლესიებში საპროტესტო აქციები მოაწყვეს და რელიგიური რიტუალი ჩაშალეს. მათ ვარშავის ერთ-ერთი ეკლესიის კედლებზე ჩამოკიდეს ბანერები "ჯოჯოხეთი ქალებისთვის" და "შეუზღუდავი აბორტი".

აქციის მონაწილეები პროტესტის ნიშნად ეკლესიაში სხედან

ფოტო: EPA

ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართა 31 ოქტომბერს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში. ათწლეულების განმავლობაში ყველაზე დიდი პროტესტი პოლონეთში აბორტის აკრძალვის წინააღმდეგ — ასეთი სათაურით გამოაქვეყნა სტატია CNN-მა, რომელიც პროტესტს აშუქებდა.

ფართომასშტაბიანი აქცია აბორტის გამკაცრების შესახებ ვარშავაში, 2020 წლის 31 ოქტომბერი

ფოტო: CNN

მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთი კორონავირუსის პანდემიის გამო წითელ ზონაშია და ხალხმრავალი შეკრებები აკრძალულია, ამას ხელი არ შეუშლია დემონსტრანტებისთვის ქუჩებში მასობრივად გამოსულიყვნენ. საპროტესტო აქციების ორგანიზატორების თქმით, დემონსტრაციებში 150 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა.

დემონსტრანტები იაროსლავ კაჩინსკის სახლთან მიემართებიან, 2020 წლის 31 ოქტომბერი

ფოტო: CNN

ადგილობრივი მედიის ცნობით, ქვეყნის მასშტაბით 400-ზე მეტ აქციას 430 00-მდე ადამიანი შეუერთდა. ისინი, ვინც პროტესტს ფიზიკურად ვერ დაესწრნენ, აქციას ონლაინ ჰეშთეგით — #ThisIsWar [#ესომია] გამოეხმაურნენ.

ანალიტიკოსების განმარტებით, მსგავსი მასშტაბის საპროტესტო ტალღა პოლონეთში 1980 წლის სოლიდარობის მოძრაობის შემდეგ არ დაფიქსირებულა, რამაც მაშინდელი მთავრობის დაშლა გამოიწვია.

რას ამბობენ უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები?

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები მთავრობის ინიციატივას თავიდანვე ეწინააღმდეგებოდნენ. პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ევროსაბჭომ მაშინვე დაგმო. პოლონეთის ყოფილმა პრემიერმინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ პანდემიის შუაგულში ასეთი გადაწყვეტილების მიღება, როდესაც ადამიანებს გაპროტესტების შესაძლებლობა არ აქვთ, "ცინიზმზე უარესია".

"სამწუხარო დღე ქალთა უფლებებისათვის", — ასე გამოეხმაურა და დაგმო სასამართლოს გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, დუნა მიჟატოვიჩმა. მისივე თქმით, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ქალები, ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს, აბორტის გასაკეთებლად საზღვარგარეთ წავლენ, ხოლო აკრძალვა კიდევ უფრო დიდი განსაცდელი იქნება მათთვის, ვისაც ამის საშუალება არ აქვს.

Amnesty International-ი, რეპროდუქციული ჯანმრთელობის ცენტრი და Human Rights Watch მიღებულ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებიან და სასამართლოზე დამოუკიდებელი დამკვირვებლების გაგზავნას გეგმავენ. მათ საკითხის შესახებ ერთობლივი განცხადებაც გაავრცელეს.

რა ხდება ახლა?

პოლონეთის პრემიერმინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ გუშინ, 2 ნოემბერს აქციის ორგანიზატორები მოლაპარაკებების მაგიდასთან მიიწვია. პრემიერმინისტრის მოწოდების მიუხედავად, საპროტესტო გამოსვლები ქუჩებში გაგრძელდა. აქციის ორგანიზატორები საკონსტიტუციო სასამართლოს გადწყვეტილების გაუქმებას ითხოვენ.

პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ 30 ოქტომბერს სადავო კანონში შესწორების პროექტი წარადგინა, რომელიც აბორტის ლეგალიზებას იმ შემთხვევებში მოახდენს, თუ ნაყოფს "ლეტალური პათოლოგია" აქვს და დაბადების შემდეგ ჩვილის სიცოცხლე ვერ შენარჩუნდება. მანამდე დუდა ამბობდა, რომ აბორტი "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მკლელობაა" და თუ პარლამენტი კანონს დაამტკიცებდა, ის ხელს მოაწერდა. უცნობია, დათანხმდებიან თუ არა მის ახალ შეთავაზებას აქციის მონაწილეები.

აღსანიშნავია ისიც, რომ Covid-19-ის რეგულაციების მიუხედავად, როცა პოლონეთში გამოცხადებული კარანტინის მიხედვით, 5-ზე მეტი ადამიანის შეკრება აკრძალულია, პროტესტი გრძელდება. ქალები აპირებენ იბრძოლონ მათი უფლებებისთვის მანამ, სანამ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

განახლება: მასობრივი პროტესტის ფონზე, პოლონეთის მთავრობამ აბორტის თითქმის სრულად ამკრძალავი კანონის ამოქმედება დროებით შეაჩერა. ბრიტანული გარდიანის ცნობით, კანონი 3 ნოემბერს უნდა ამოქმედებულიყო. პოლონეთის პრემიერმინისტრის აპარატში აცხადებენ, რომ საკითხის ირგვლივ დისკუსია მიმდინარეობს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 10 ორგანიზაცია ვასილ მაღლაფერიძისა და თინათინ ბერძენიშვილის გადადგომას ითხოვს
  2. საზოგადოებრივი მაუწყებელი განცხადებას ავრცელებს
  3. ირაკლი რუხაძე: პრემიერს ვუთხარი, გულისყურით რომ გისმენდით, არ ნიშნავს, რომ ყველანი ვეთანხმებით
  4. მამუკა მდინარაძე: რომ ვთქვა, რეალურად 6 ათასი იყო-თქო, მთელი ღამე კლავიატურასთან და ბანერების მომზადებაში უნდა გაათენონ და იყოს 400 000
  5. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

IPM კვლევა: გამოკითხულთა 46% საქართველოს პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილს მიიჩნევს, 22% — მიხეილ ყაველაშვილს

IPM Market Intelligence Caucasus-ის კვლევის მიხედვით გამოკითხულთა 46% საქართველოს პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილს…