საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ჯანდაცვის სფეროს ყველაზე ცნობილი და დაფასებული წარმომადგენლების ლანძღვა მათი ავტორიტეტის შელახვას და საზოგადოებაში ნდობის ფაქტორის შესუსტებას ემსახურება. მისივე თქმით, ეს შეტევები ქვეყანაში არასტაბილურობის განცდის შექმნისთვის კეთდება. აგრეთვე, შიშისა და პანიკის გავრცელებისთვის და დაძაბულობის გაღვივებისთვის წინასაარჩევნო პერიოდში.

"როგორც პრეზიდენტმა არ შემიძლია, არ დავაფასო ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე, ხშირად საკუთარი ჯანმრთელობის ფასად გაწეული, მათი უდიდესი დამსახურება. მინდა გამოვხატო ჩემი და საზოგადოების მადლიერება ეპიდემიოლოგების, ექიმების, ექთნებისა და ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ფრონტის წინა ხაზზე, უხილავი მტრის წინააღმდეგ, დაუღალავად იბრძოდა და იბრძვის. ასევე, მინდა პატივი მივაგო იმ ადამიანებს, რომლებმაც სხვების გადარჩენას შესწირეს თავი", — განაცხადა პრეზიდენტმა.

მან, ასევე, მოსახლეობას არჩევნებზე წასვლისკენ მოუწოდა. საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.