2018 წელს მიჩიგანში ჩამოვარდნილი მეტეორიტი არამიწიერი ნაერთებითაა სავსე
ეს აღმოჩენა ამყარებს აზრს იმის შესახებ, რომ დედამიწაზე სიცოცხლის საწყისებისთვის საჭირო ორგანული მასალა მეტეორიტებმა ჩამოიტანეს.
12 მილიონი წლის მეტეორიტი, რომელმაც 2018 წელს ცეცხლოვანი ბურთის სახით მიჩგანის ცაზე გადაიფრინა, მეცნიერებს იმის აღმოჩენაში ეხმარება, თუ რისგან შედგებიან კოსმოსური ქვები და რისი ჩამოტანა შეუძლიათ მათ დედამიწაზე.
სახელდობრ, მეტეორიტი სავსე იყო ისეთი ორგანული შენაერთებით, როგორიც კარბონის შემცველი მოლეკულებია, ეს უკანასკნელი კი დედამიწაზე სიცოცხლის მაშენებელ მთავარ აგურს წარმოადგენს. მეტეორიტზე აღმოჩენილი 2600-ზე მეტი ორგანული შენაერთის შესწავლის შედეგად მეცნიერებმა დაადგინეს მათი აშკარა არამიწიერი წარმოშობა. კვლევა, რომელიც ამ უახლეს აღმოჩენას ეხება ჟურნალ Meteoritics & Planetary Science-ში გამოქვეყნდა.
"ზოგადად, მეტეორიტები სავსე არიან ცოცხალი ორგანიზმებით, მაგრამ ეს მხოლოდ იმის გამოა, რომ მათი აღმოჩენა ჩამოვარდნიდან იმდენად გვიან ხდება, რომ მათ დაპატრონებას დედამიწაზე მობინადრე მიკროორგანიზმები და ქარაგოზები (ლიქენები) ასწრებენ", - განმარტავს კვლევის ავტორი ფილიპ ჰეკი, საველე მუზეუმის კურატორი და ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი.
ამ შემთხვევაში კი, ჩიკაგოს მეცნიერებმა ბუნებისმცოდნეობის საველე მუზეუმიდან იმდენად სწრაფად შეისწავლეს ეს ნიმუში, რომ მათ თავისუფლად გამორიცხეს მისი დაბინძურება. ჩვეულებრივ, ეს ფაქტორი ხელს უშლის ხოლმე მკვლევრებს მეტეორიტების შესწავლაში.
"ამ მეტეორიტს ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან იგი გაყინულ ტბაზე დაეცა და სწრაფადვე მოხდა მისი აღდგენა", - ამბობს ჰეკი. "ის ჯერ ძალიან სუფთა და ხელუხლებელი იყო. ჩვენ დავინახეთ, რომ მეტეორიტში მინერალებს ფორმა არ ჰქონდათ შეცვლილი და მოგვიანებით კი ისიც აღმოვაჩინეთ, რომ იგი არამიწიერი ორგანული შენაერთების მრავალფეროვნებითაც გამოირჩეოდა".
მეცნიერები ფიქრობენ, რომ ეს სწორედ ის შენაერთებია, რომელთაც მეტეორიტების საშუალებით დედამიწამდე მოაღწიეს და აქ დასაბამი მისცეს სიცოცხლეს.
"ამ ტიპის ორგანული შენაერთებმა სავარაუდოდ ადრეულ დედამიწაზე შემოიტანეს პირველი სიცოცხლე მეტეორიტების საშუალებით და მათ ჩვენს პლანეტაზე ცოცხალი ორგანიზმების გაჩენაში დიდი წვლილი მიუძღვით", - ამბობს ჰეკი.
კომენტარები