"მოდით, უკომენტაროდ", — ასე გამოეხმაურა პრემიმერმინისტრი, გიორგი გახარია ქართული ოცნების ყოფილი წევრის, სოსო ჯაჭვლიანის განცხადებებს, რომელმაც ხელისუფლებას "ზონდერ-ბრიგადა" უწოდა.

"რა პრეტენზიითაც არ უნდა მიდიოდეს ბატონი სოსო ჯაჭვლიანი, მე მის მსგავს ემოციურ გამონათქვამებზე სერიოზულ კომენტარს არ გავაკეთებ", — განაცხადა გახარიამ.

26 ოქტომბერს მთავარი არხის ეთერში მკლავჭიდის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა სოსო ჯაჭვლიანმა თქვა, რომ ქართულ ოცნებას ტოვებს.

"ახლა, დღეიდან, ამ წუთიდან, ქართული ოცნების წევრი მე არ ვარ. იმ ზონდერ-ბრიგადის წევრი მე ვერასოდეს ვერ ვიქნები. ეს რეჟიმი უნდა წავიდეს. ეს რეჟიმია, აბა რა არის?", — განაცხადა ჯაჭვლიანმა.

მკლავჭიდის ეროვნული ფედერაციის გამგეობის სხდომაზე დაპირისპირება 17 ოქტომბერს მოხდა. ფედერაციის პრეზიდენტის, სოსო ჯაჭვლიანის გადადგომის მოთხოვნით მწვრთნელებისა და სპორტსმენების ნაწილი სხდომაზე შევიდა და მას წყალი და ბოთლები ესროლა.

სექტემბრის დასაწყისში მწვრთნელებმა განაცხადეს, რომ სოსო ჯაჭვლიანს აქამდე პრემიებს უნაწილებდნენ, თუმცა იმის გამო, რომ ახლა ამ თანხას აღარ აძლევენ, ის მათ ჩანაცვლებას აპირებს.

რამდენიმე დღის წინ კი, სოსო ჯაჭვლიანმა ტელეკომპანია ფორმულას ეთერში ისაუბრა იმაზე, რომ მას პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასა და თბილისის მერ კახა კალაძესთან შეხვედრა სურდა. ჯაჭვლიანის თქმით, მის ცოლს ქუჩაში "ვიღაც ნიღბიანი" დახვდა და დაემუქრა.