ვინ არის საქართველოს ბანკზე თავდამსხმელი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბანკზე თავდამსხმელი ბადრი ესებუა. ის 1988 წელსაა დაბადებული. უწყებაში არ დაუდასტურებიათ არის თუ არა ის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე.

ამ კითხვით On.ge-მ თავდაცვის სამინისტროს მიმართა, სადაც განაცხადეს, რომ ის მოქმედი სამხედრო არ არის, მაგრამ არ უპასუხეს კითხვას, არის თუ არა ყოფილი სამხედრო მოსამსახურე.

როდის მოხდა თავდამსხმელის იდენტიფიცირება და სად არის ის

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ესებუას იდენტიფიცირება თავდასხმის ღამესვე მოხდა. მათი თქმით, იმავე დღიდან მიმდინარეობდა ღონისძიებები ბადრი ესებუას ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით. შსს-ს განცხადებით, ესაბუა მიმალვაშია.

ბადრი ესებუას ვინაობა თავდაპირველად მთავარმა არხმა გაასაჯაროა.

რატომ არ ასაჯაროებდა/ადასტურებდა შსს ინფორმაციას ესებუაზე

შს მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, ამ დრომდე ესებუას ვინაობას არ ასაჯაროებდნენ და არც ადასტურებდნენ, რადგან არ სურდათ, საგამოძიებო მოქმედებებისთვის შეეშალათ ხელი.

"ჩვენ ამ თავდასხმაში მონაწილე პირის ფოტოების გავრცელებისგან მიზანმიმართულად შევიკავეთ თავი გამოძიების პირველ ეტაპზე იმიტომ, რომ მისი ადგილსამყოფელის დადგენის პროცესში გარკვეულწილად ვაწყდებოდით პრობლემებს და ეს ადამიანი თავდასხმის შემდგომ იმალებოდა და დღესაც იმალება. შესაბამისად, ჩვენს მიერ ამ ფოტოების საჯაროდ, მედიასაშუალებებით გავრცელება იქნებოდა კიდევ ერთი მესიჯი იმისთვის, რომ უფრო მეტად ლატენტური გამხდარიყო და უფრო მეტად გართულებულიყო მისი დაძებნა", — განაცხადა მან.

ფოტო: კადრი ვიდეოდან/მთავარი არხი

მისი თქმით, მედიასაშუალებებს მოუწოდეს არ გაევრცელებინათ ინფორმაცია, მაგრამ ეს არ გაითვალისწინეს, რასაც ის უპასუხისმგებლობად აფასებს.

საიდან მოხვდა ესებუაზე ინფორმაცია მედიაში

ჟურნალისტების კითხვაზე, არის თუ არა სისტემური პრობლემა ის ფაქტი, რომ პოლიციიდან მედიაში გაჟონა ინფორმაციამ თავდამსხმელის ვინაობაზე, ბორცვაძე პასუხობს, რომ ეს ფაქტი დადასტურებული არ არის.

"აბსურდია ეს ყველაფერი. მაშინ, როდესაც მედიასაშუალებებით გავრცელდა ვიდეოჩანაწერები, სადაც კარგად ჩანს ფიზიკური აღნაგობა ამ ადამიანის, ბოროტმოქმედის, ისმის მისი ხმა, არ გამოვრიცხავთ, რომ ვიღაცამ, ნებისმიერმა მოქალაქემ ის ამოიცნო და ამის შესახებ ინფორმაცია მედიასაშუალებებს მიაწოდა.

ასევე, არ გამოვრიცხავთ, რომ სამძებრო ღონისძიებების დროს ინფორმაცია გაიჟონა და აქედან გახდა ეს ინფორმაცია მედიასაშუალებებისთვის ცნობილი და ეს არის ვარაუდი", — განაცხადა მან.

ჰყავდა თუ არა დაკავებული და გაექცა თუ არა შსს-ს ესებუა

ვლადიმერ ბორცვაძის თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მათ ესებუა დაკავებული ჰყავდათ და გაექცათ, სიცრუეა.

"ეს არის მიზანმიმართულად, უტიფრად, სიცრუის ტირაჟირება და გავრცელება, თითქოს ჩვენ ბოროტმოქმედი დავაკავეთ და გაგვექცა. ტყუილია ეს ყველაფერი, სიმართლეს არ შეესაბამება და გპირდებით, დაუყოვნებლივ, მას შემდგომ, რაც დამნაშავის დაკავება მოხდება, ამის შესახებ ინფორმაციას პირველი გაიგებთ ჩვენგან", — განაცხადა მან.

რა კვალიფიკაცია აქვს საქმეს და რა მუხლებით მიმდინარეობდა გამოძიება აქამდე

ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

თავდასხმის დღეს შსს-ში განაცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო, რაც ყაჩაღობას, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და წამებას გულისხმობს.

ფოტო: კადრი ვიდეოდან/On.ge

რატომ მიმდინარეობდა ჩხრეკა ზუგდიდში სხვადასხვა სახლში

მინისტრის მოადგილეს ბრიფინგზე ჰკითხეს აქვთ თუ არა ინფორმაცია ესებუას ადგილამყოფელის შესახებ, რადგან დღეს ზუგდიდში რამდენიმე სახლი გაჩხრიკეს და გაჩნდა ვარაუდი, რომ მას ეძებდნენ. ბორცვაძემ განმარტა, რომ საგამოძიებო მოქმედებები არა ესებუას დასაკავებლად, არამედ სხვა მიზნებითაც ტარდება.

"საგამოძიებო მოქმედება არ ტარდება მხოლოდ პიროვნების დაკავების მიზნით, საგამოძიებო მოქმედება ასევე ტარდება სხვადასხვა მტკიცებულებების მოპოვების მიზნით", — განაცხადა მან.

ფოტო: კადრი ვიდეოდან/ფორმულა

აქვს თუ არა შსს-ს ეჭვი დავით ხვიბლიანზე

შს მინისტრის მოადგილემ უპასუხა კითხვას ბანკში მყოფი ერთ-ერთი მძევლის, დავით ხვიბლიანის შესახებაც. ბორცვაძემ არც დაადასტურა და არც უარყო, მთავარი არხის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხვიბლიანი ესებუას თანამზრახველია და განაცხადა, რომ მასთან არაერთი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა და ჩატარდება.

"თუ ჩვენ შევაგროვებთ მტკიცებულებებს, რომ კონკრეტული პირი დანაშაულებრივ ალიანსში იმყოფებოდა თავდამსხმელთან და შევკრავთ შესაბამის სტანდარტს მტკიცებულებების, კონკრეტულ პირთან მიმართებაში, რომ იგი თანამონაწილე იყო, უშალო თანამონაწილე იყო და, ასევე, ეხმარებოდა დანაშაულის ჩადენაში, რა თქმა უნდა ამ ადამიანების მიმართ ვიმსჯელებთ", — განაცხადა მან.

ფოტო: კადრი ვიდეოდან/იმედი

გაიგეთ მეტი ბრიფინგზე:

21 ოქტომბერს საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა, რომელმაც მძევლები აიყვანა. ის ნახევარ მილიონ დოლარს, ასევე, ვერტმფრენს ან მანქანით, მძევლებთან ერთად ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების გარანტიას ითხოვდა. თავდამსხმელი მძევლის შუამავლობით ტელევიზიებს ვიდეოზარით დაუკავშირდა. მოთხოვნების შესასრულებლად თავდამსხმელმა პოლიციას 2 საათი მისცა, თუმცა დროის ამოწურვის შემდეგ მას საჯაროდ ახალი პირობები არ წამოუყენებია.

ღამის 11 საათისთვის თავდამსხმელმა სამ მძევალთან ერთად საქართველოს ბანკის ტერიტორია დატოვა და გაურკვეველი მიმართულებით წავიდა, დანარჩენი მძევლები კი სამართალდამცავებმა შენობიდან გამოიყვანეს. დილის ხუთი საათისთვის ცნობილი გახდა, რომ თავდამსხმელმა სამივე მძევალი გაათავისუფლა და თავად გაიქცა. მძევლების გარდა თავდამსხმელმა წაიყვანა სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ავთანდილ გალდავა. შეიარაღებულ პირთან მოლაპარაკებებს ის აწარმოებდა.

ამავე თემაზე: