პირბადის საყოველთაო ტარებას 130 ათასი ამერიკელის სიცოცხლე გადარჩენა შეუძლია — კვლევა
პირბადის საყოველთაო ტარებას 130 ათასი ამერიკელის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია, ვარაუდობენ მეცნიერები ახლახანს გამოქვეყნებულ კვლევაში.
ინფიცირების მაჩვენებლების ზრდით გამოწვეული ჰოსპიტალური ქსელის გადატვირთვის ერთ-ერთი მიზეზი პრევენციის ზომების დაუცველობა და უყურადღებობა გახლდათ. გასულ სამშაბათს აშშ-ში 75 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ეს პანდემიის დაწყებიდან რიგით მეორე, ყველაზე დიდი მაჩვენებელია. 8 შტატში კი ახალი რეკორდი დამყარდა.
არსებობს მოლოდინი, რომ სტატისტიკა შემოდგომასა და ზამთარში კიდევ უფრო გაიზრდება, რაც იანვრამდე გასტანს. იმ დროისთვის კი იგი ასეთ მაღალ ნიშნულზე დარჩება, ვარაუდობს ქრისტოფერ მიურეი, ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორი და კვლევის მთავარი ავტორი.
კვლევა ჟურნალში Nature Medicine გამოქვეყნდა და იგი ჭეშმარიტად პესიმისტურ პროგნოზს აკეთებს: 2021 წლის მარტისთვის, მიუხედავად ბევრი შტატის სოციალური დისტანციის პოლიტიკისა, სიკვდილიანობა ნახევარ მილიონს მიაღწევს.
სხვა ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ამ კვლევაში გამოყენებულ მოდელში გათვლები ბევრ ვარაუდს ეფუძნება და იგი როგორც პროგნოზი, ისე არ უნდა იქნეს განხილული.
"ეს წინასწარმეტყველება და ან პროგნოზი არ არის, რადგანაც აღნიშნული მაჩვენებელი, შესაძლოა, საერთოდაც გაქრეს", — შენიშნავს ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის ინფექციური დაავადებების სპეციალისტი, შვეტა ბანსალი (იგი კვლევაში მონაწილეობას არ იღებდა)
მისი სიტყვებით, ჩვენ ეს მოდელი უნდა აღვიქვათ როგორც "დახვეწილი თეორიული ექსპერიმენტი", რომლის დასკვნებმაც ადამიანთა ქცევის შეცვლას უნდა შეუწყოს ხელი.
მსგავსი ეპიდემიოლოგიური მოდელები, რომელთაც მომავლის სცენარების საპროგნოზოდ ქმნიან, ბევრი ნაკლით ხასიათდება. ამის მიზეზი "არსებული სიტუაციის სწრაფი დინამიკა და მყისიერი ცვლილებები გახლავთ", შენიშნავს ტორონტოს უნივერსიტეტის ინფექციურ სნეულებათა სპეციალისტი, ეშლი ტუიტი.
მისი და კოლეგების აზრით, 2021 წლის მარტის პესიმისტური, უხეშად გამოთვლილი პროგნოზი მხოლოდ ამჟამინდელი დინამიკის გაგრძელების შემთხვევაშია მოსალოდნელი.
მიურეიმ და მისმა კოლეგებმა ინფიცირებულთა კლინიკური შემთხვევები, ტესტირების მასშტაბები, პირბადის გამოყენების სტატისტიკა და მობილური ტელეფონებიდან მოძრაობის შესახებ ამოღებული მონაცემები გააანალიზეს. დროის პერიოდად პირველი ინფიცირებიდან 21 სექტემრამდე შუალედი შეირჩა. ამის შემდგომ, მათ 2021 წლის მარტისთვის მოსალოდნელი სიკვდილიანობა თითოეული შტატისთვის სათითაოდ გამოთვალეს. ამაში მოიაზრებოდა ამ შტატებში პირბადის ტარებისა და სოციალური დისტანციის კანონით აუცილებელი თუ მოხალისეობრივი ვალდებულებაც.
თუ ბევრი შტატი გააგრძელებს არსებულ პოლიტიკას და პრევენციის ღონისძიებების სავალდებულოობას გააუქმებს, სიკვდილიანობამ 2020 წლის 28 თებერვლისთვის შეიძლება 1 მილიონს გადააჭარბოს. აქედან შემთხვევათა მესამედი ფლორიდასა და პენსილვანიის შტატებზე მოვა.
უფრო მეტად მოსალოდნელია, რომ შტატები შეზღუდვებს მას შემდეგ განაახლებენ, რაც სიკვდილიანობა მილიონ მოსახლეზე 8 ადამიანს მიაღწევს. როგორც ამას აღნიშნული მოდელი ვარაუდობს, ამ შემთხვევაში, 2021 წლის თებერვლის ბოლოსთვის 511 373 ადამიანი მოკვდება.
სხვა ეპიდემიოლოგიური მოდელები მომავალში ასე შორს არ იჭვრიტება, ან სეზონურობას არ აგდებს სათვალავში. ისინი მოსალოდნელ სიკვდილიანობას ჯეროვნად არ აფასებენ, აღნიშნავს ქრისტოფერ მიურეი.
მსგავსი მოდელები "იმ არასამეცნიერო შეხედულებებით საზრდოობენ, თითქოს ეპიდემია უკვე დასრულდა ყველაზე ცუდი უკვე უკან მოვიტოვეთ. ეს ძალიან სარისკო სტრატეგიაა", — მიიჩნევს მიურეი.
თუმცა, დოქტორი ტუიტი აღნიშნავს, სეზონურობის გათვალისწინებითაც კი მას ეჭვი ეპარება, რომ სიკვდილიანობის პიკი გაზაფხულზეა მოსალოდნელი. ამის თქმის საშუალებას მას ის აძლევს, რომ არსებული მოდელი არ ითვალისწინებს იმ სამკურნალო მეთოდოლოგიასა და მედიკამენტებს, რითიც ჰოსპიტალიზირებული პაციენტების მენეჯმენტი ხდება. მაგალითად: სიკვდილიანობა ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა 25,6%-დან 7,6%-მდე შემცირდა.
"ახალი კვლევა მცდარ შეხედულებებს ეფუძნება", - სკეპტიკურად შენიშნავს დოქტორი ბანსალიც. აღნიშნული მოდელი სათითაოდ ყველა შტატისთვის თვლის სავარაუდო შედეგებს და არ ითვალისწინებს შტატების შორის ასაკის ან ლოკალიზაციის ვარიაბელურობას. ასევე, აღნიშნული გამოთვლები პანდემიის დასაწყისში, ლიმიტირებული ტესტირებისა და სიკვდილიანობის სტატისტიკის მიხედვით არის შედგენილი.
ამ და სხვა ვარაუდების გამო, გარდაცვლილთა მოსალოდნელი რაოდენობა, საუკეთესო შემთხვევაში, მიახლოებითია. მიუხედავად ამისა, ეს ციფრი ინდივიდუალური და პოპულაციური მასშტაბის პრევენციის ზომების საჭიროებას უსვამს ხაზს.
მიურეიმ და მისმა კოლეგები გამოკვეთეს, რომ პირბადის გამოყენებას დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია, რადგანაც იგი ინფიცირების რისკს როგორც ინდივიდუალურ, ასევე პოპულაციურ დონზეც ანახევრებს.
20 სექტემბრისათვის ამერიკის მოსახლეობის ნახევარი აღნიშნავდა, რომ ისინი პირბადეს რეგულარულად ატარებენ. ახალი კვლევის თანახმად, თუ პირბადეს აშშ-ს მოსახლეობის 95% გამოიყენებს, მაშინ 129 574 სიცოცხლის გადარჩენა იქნება შესაძლებელი. თუ პირბადის ტარების მაჩვენებელი 85%-მდე ჩამოიწევს, ეს მხოლოდ 95 814 სიცოცხლეს გადაარჩენს.
კომენტარები