კანონზე მაღლა — რატომ არ გადის მარკირებას პატრიარქი
უკვე მერამდენე წელია, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი არჩევნებში ხმას მარკირების გარეშე აძლევს. ზოგადად, ამ პროცედურის მიზანია ერთი და იგივე ამომრჩეველმა ხმა რამდენჯერმე არ მისცეს და როგორც წესი, ილია მეორეს მხრიდან მარკირების არგავლას სწორედ ამით ხსნიან. თუმცა, კანონი მასზე გამონაკლისს არ აწესებს. ამავდროულად, ქვეყნის პრეზიდენტები, პრემიერმინისტრები თუ სხვა პირები, რომლებიც მათი ცნობადობიდან გამომდინარე, ასევე ვერ მიიღებენ მონაწილეობას ე.წ. კარუსელში, ამ პროცედურას მაინც გადიან. On.ge დაინტერესდა, რას ფიქრობენ ამაზე საქართველოში მოქმედი ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც არჩევნებს აკვირდებიან და დარღვევებს აფიქსირებენ. კითხვები დავუსვით ცესკო-საც.
საქართველოს საარჩევნო კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, ამომრჩევლის მარკირება მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ, კონკრეტულ შემთხვევებში არ ხდება. მაგალითად, თუ პირი მოთავსებულია პენიტენციურ, საავადმყოფოებსა თუ სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში. მიუხედავად იმისა, რომ ამ ჩამონათვალში პატრიარქის მარკირების პროცედურის შესახებ არაფერი წერია, გამონაკლისი ქვეყანაში მაინც არსებობს — ილია მეორე არჩევნებზე ხმას, ტრადიციულად, მარკირების გარეშე აძლევს.
არ იცვლება, ასევე, საარჩევნო ადმინისტრაციის პასუხები ამ საკითხთან დაკავშირებით. On.ge-ს კითხვას — რატომ არ გადის პატრიარქი მარკირებას, ცესკოში კითხვითვე უპასუხეს.
"მე კითხვას შემოგიბრუნებთ, შეიძლება პატრიარქი კარუსელში მონაწილეობდეს? პატრიარქი არ არის ის პირი, რომელიც მთელმა საქართველომ არ იცის, ხომ? წარმოუდგენელია, პატრიარქი რაიმე ისეთ პროცესში იყოს ჩართული, რომ საეჭვო ვითარება შექმნას", — გვითხრეს ცესკო-ში.
უწყებაში არ დაგვიზუსტეს, არის თუ არა ეს გამონაკლისი დარღვევა, მაგრამ გვითხრეს, რომ ამ საკითხზე ერთი საჩივარიც არ დაწერილა. სხვა დეტალებზე მათ კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.
სხვა რესპონდენტები ადასტურებენ, რომ ეს დარღვევაა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის ანალიტიკოსი, მარიამ ლაცაბიძე აღნიშნავს, რომ მარკირება სავალდებულო პროცედურაა და იგი ყველა ამომრჩეველმა აუცილებლად უნდა გაიაროს.
"ამ კუთხით გამონაკლისს ადგენს კანონი, ხოლო სხვა ყველასთვის სავალდებულოა. ეს არის აუცილებელი და წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონი ითვალისწინებს პასუხისმგებლობის საკითხს. ასევე, ის პირები, ვინც არ გაივლიან, არ დაიშვებიან ხმის მისაცემად კაბინეტში. რაც შეეხება პატრიარქის მხრიდან მარკირების პროცედურის არ გავლას, ეს კანონით ნამდვილად არის დარღვევა", — განაცხადა მან.
მისი თქმით, ეს "პატარ-პატარ ინციდენტები" იმით აიხსნება, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის გავლენა დიდია არა მხოლოდ მოქალაქეებზე, ასევე, დემოკრატიულ ინსტიტუტებზეც.
"ეს თავისთავად ვერ იქნება გამართლებული. ეს უფრო პოლიტიკური საკითხია და იგი არის სისტემური ხასიათის, შესაბამისად, ასეთი გამონაკლისებით კიდევ ერთხელ დასტურდება ეკლესიის გავლენა. თუმცა საუბნო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლების განმარტება ისაა, რომ პატრიარქი არ გააყალბებს არჩევნებს. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს უფრო ზედა ეშელონებში წყდება და არა ქვედა დონის საარჩევნო კომისიაში ", — აღნიშნავს მარიამი.
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) აღმასრულებელი დირექტორის, ელენე ნიჟარაძის განმარტებითაც, გამომდინარე იქიდან, რომ გამონაკლისს მხოლოდ კანონი ადგენს, პატრიარქიც ვალდებულია, ხმის მიცემამდე მარკირების პროცედურა გაიაროს.
"ეს გამონაკლისი არ უნდა იყოს, იმიტომ, რომ ერთადერთი გამონაკლისი დადგენილია საარჩევნო კოდექსით. ხოლო მასში თუ პატრიარქი, ან ვინმე სხვა, თუნდაც რომელიმე თანამდებობის პირი, არ ხვდება, მაშინ იგი, როგორც ამომრჩეველი, მიდის უბანზე და გადის მარკირებას", — აღნიშნა ნიჟარაძემ.
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, გიორგი ონიანიც ამბობს, რომ ეს ერთმნიშვნელოვნად დარღვევაა. თუმცა მიუთითებს, რომ ამაზე საჩივრის დასაწერად, აუცილებელია დამკვირვებელმა ფაქტი ადგილზე დააფიქსიროს.
"კანონი არ იცნობს გამონაკლისებს. შესაბამისად, ყველა საარჩევნო პროცედურა, რომელიც არსებობს, ყველაზე უნდა გავრცელდეს. ჩვენ ხომ ვიცით, რომ ტრადიციულად ეს ასე არ ხდება. სამწუხაროდ, ესაა რეალობა. ამასთან, ჩვენ საჩივარს ვწერთ, როცა უბანზე ვართ და რაღაცას ვხედავთ. უბნებს კი, შემთხვევითი შერჩევით ვინაწილებთ, ამიტომ მაგ მომენტში თუ იქნება ჩვენი დამკვირვებელი და დაინახავს, კი ბატონო, კანონი გვავალდებულებს, რომ დავწეროთ საჩივარი", — განაცხადა მან ჩვენთან საუბრისას.
მიუხედავად იმისა, რომ ფაქტს დარღვევად აფასებენ, ამ სამი ორგანიზაციიდან არც ერთს ცესკო-სთვის წინა წლებში არ მიუმართავს. მათი არგუმენტი ისაა, რომ დარღვევას დამკვირვებლები უშუალოდ არ შესწრებიან.
On.ge ამ საკითხზე საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელსაც დაუკავშირდა. გვაინტერესებდა, რატომ არ გადის ილია მეორე მარკირებას ხმის მიცემამდე. ანდრია ჯაღმაიძემ გვითხრა, რომ არ იცის.
წინა წლებში, პატრიარქის მიერ მარკირების პროცედურაში მონაწილეობის არმიღებას, სხვადასხვა მიზეზით ხსნიდნენ. მაგალითად, 2017 წელს, თვითმმართველობის არჩევნების დროს, იმ საარჩევნო უბანზე, სადაც ილია მეორე ხმას აძლევდა, განაცხადეს, რომ პატრიარქმა მარკირება საკუთარი სურვილით არ გაიარა. კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, მათ პატრიარქს მარკირება არ გაუკეთეს, რადგან მართლმადიდებელი ქრისტიანები არიან და ამით პატივისცემა გამოხატეს.
კომენტარები