საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, 2016 წელს საქართველოს ისრაელიდან 100 ათასი ტურისტი ეწვია. ამის შესახებ საქართველოს მთავრობამ ფეისბუკში გამოაქვეყნა.

მთავრობის ინფორმაციით, 2016 წელს წინა წელთან შედარებით ისრაელიდან შემოსული ტურისტების რაოდენობა 57 პროცენტით გაიზარდა. ტურისტების რაოდენობის ზრდას მთავრობა ისრაელის მთავრობის მიერ საქართველოსთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებით ხსნის.

„აღსანიშნავია წარმატებული თანამშრომლობა დარგობრივ უწყებებს შორის; საქართველოსა და ისრაელის პარლამენტებს შორის ჩამოყალიბებულ მეგობრობის ჯგუფებს შორის არსებული ინტენსიური თანამშრომლობა; თანამშრომლობა საქართველო-ისრაელის რეგიონებსა და ქალაქებს შორის; შესანიშნავი თანამშრომლობის გამოცდილება კულტურისა და განათლების სფეროში; ასევე, მნიშვნელოვანი სამართლებრივი ბაზა, რომელიც მოიცავს 23 მოქმედ შეთანხმებას,“ - აღნიშნულია მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც მთავრობა აღნიშნავს, 2014 წელს დაფუძნდა საქართველო-ისრაელის მთავრობათაშორისი ერთობლივი ეკონომიკური კომისია, რომელიც ეფექტური მექანიზმია ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით ერთობლივი მიზნების მისაღწევად.