კოსმოსური ნაგვის გამო, დედამიწის ორბიტაზე აფეთქებები ხდება
კოსმოსში ათასობით ახალი ხელოვნური თანამგზავრი იგზავნება, რის გამოც ჩვენი პლანეტის ორბიტა მეტნაკლებად გადატვირთულია. წინა თვეს, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს სპეციალური მანევრის გაკეთება მოუწია, რათა კოსმოსურ ნაგავთან შეჯახება აერიდებინა.
დამატებითი დაბინძურება მაშინ წარმოიქმნება, როცა ორბიტაზე, ნარჩენი საწვავის ავზების და ბატარეების გამო, აფეთქებები ხდება. ამის შესახებ ევროპული კოსმოსური სააგენტოს უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელი ჰოგლერ კრაგი იუწყება.
"მიუხედავად იმისა, რომ ამის თავიდან ასაცილებლად გარკვეული ზომები არსებობს, მსგავსი მოვლენები არ კლებულობს", — ამბობს კრაგი.
რაც მეტი ნარჩენია ორბიტაზე, შეჯახების მით უფრო მაღალი ალბათობაა. ეს კი ცუდი ამბავია, რადგან დამატებით კოსმოსური ნაგავი წარმოიქმნება.
ამ დროისთვის NASA დედამიწის ორბიტაზე არსებულ ათობით ათას ნარჩენს აკვირდება. NASA-ს მიახლოებული გამოთვლებით, ჩვენი პლანეტის გარშემო ნახევარი მილიონი პატარა ნარჩენი დაფრინავს, რაც ასტრონავტებს საფრთხეს უქმნის.
ნაგვის პრობლემის გამო, ბევრი თანამგზავრი, მუშაობის შეწყვეტის შემდეგ, ორბიტის შორეულ ნაწილში ინაცვლებს, ეგრეთ წოდებულ "სასაფლაო ორბიტაზე". ისეთი დიდი დანადგარები როგორიცაა რაკეტა, საწვავავის ავზი და ა.შ. კი საქმის დასრულების შემდეგ, ატმოსფეროში იწვება.
თუმცა, ექსპერტები შიშობენ, რომ კომერციული კოსმოსური სააგენტოების მომრავლებასთან ერთად, კომპანიები ზემოხსენებულ პრობლემას ყოველთვის არ გაითვალისწინებენ.
Space X-ის Starlink-ის თანამგზავრების გამშვები მოდულები დედამიწაზე უკან ბრუნდება და "ნარჩენების" 95% ატმოსფეროში იწვება. ამასთანავე, Space X-მა პირველი მრავალჯერადი გამოყენების რაკეტა შექმნა, რომელიც მისიის განხორციელებისას "ნაგავს" არ ტოვებს.
ამის მიუხედავად, ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, კოსმოსური ნაგვის 75% გეოსინქრონულ ორბიტაზეა და აღწერილი არაა.
კოსმოსის და დედამიწის ორბიტის სუფთად შენახვა ყველას ინტერესებშია, მათ შორის, კომერციული კომპანიების.
კომენტარები