ახალი რობოტი აგრონომებს კარგი მოსავლის მიღებაში დაეხმარება
უკანასკნელ პერიოდში ადამიანთა რიცხვმა პლანეტაზე საგრძნობლად იმატა. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა ახალი რესურსების მოძიებისა და მათი მოპოვების გზების გაუმჯობესების საკითხი. ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რესურსს კი საკვები პროდუქტები წარმოადგენს. აგრონომიის სფეროში მიღწეული პროგრესი კი დაგვეხმარება ხარისხიანი საკვები რესურსის წარმოების გაზრდაში. თუ გავითვალისწინებთ სპეციალისტთა პროგნოზებს, დედამიწა შეიძლება შიმშილის პრობლემის წინაშე დადგეს, ამ არასასურველი რეალობის თავიდან ასაცილებლად კი აუცილებელია დღესვე დავიწყოთ მოქმედება.
სწორედ ამიტომ, 2018 წელს Alphabet-ის X ლაბორატორიამ, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, დაიწყო ისეთი პროდუქტის შექმნა, რომელიც მომავალში გააუმჯობესებდა აგრო მეურნეობას. გუშინ კი მათ განაცხადეს, რომ "გამოთვლითი აგრომეურნეობის" პროექტის შედეგს "მინერალი" ეწოდება.
Alphabet X-ის გუნდმა უკანასკნელი რამდენიმე წელი გაატარა იმ პროტოტიპების გაუმჯობესებასა და შემდეგ გამოცდაში, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტში, სიმულაციებში, რობოტიკასა და სხვა სფეროებში მიღწეულ აღმოჩენებზეა დაფუძნებული.
ერთ-ერთი მოწყობილობა, რომელიც ამ პროექტის ფარგლებში შეიქმნა, არის "მცენარის ხოჭო", რობოტი, რომელიც ენერგიას მზის სხივებით გამოიმუშავებს. კამერებითა და სენსორებით აღჭურვილი "ხოჭო" მიწაზე გადაადგილდება და აკვირდება ყველა მცენარეს, რომელსაც გზად ჩაუვლის. საბოლოოდ, ამინდისა და ნიადაგის მონაცემების დამუშავებით, ხოჭომ და მისმა AI სისტემამ უნდა მოახერხონ ნიმუშების იდენტიფიცირება და ფერმერებს წარმოდგენა შეუქმნან იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაში იმყოფებიან მათი მცენარეები.
Alphabet X-ის გუნდის ერთ-ერთ მთავარ დაპირებას ის წარმოადგენს, რომ ამ მოწყობილობის საშუალებით ფერმერები შეძლებენ თითოეული მცენარის დიაგნოსტირებას. ამ გზით, თუ რომელიმე მათგანს ესაჭიროება სასუქი, ან რაიმე სხვა სახის მოვლა, ფერმერები ადვილად შეძლებენ მათ "დახმარებას". ამასთანავე ისინი დაზოგავენ ფინანსებს და შეამცირებენ უარყოფით გავლენას გარემოზე.
Mineral-მა თავის საიტზე განათავსა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც არსებობს სასწრაფო საჭიროება იმისა, რომ მეურნეობა უფრო პროდუქტიული და მდგრადი გახდეს. "პლანეტაზე, მოსახლეობის მატებასთან ერთად, მეტი რესურსია საჭირო ადამიანების გამოსაკვებად. მეტი პროდუქტის საწარმოებლად საჭიროა გლობალური მეურნეობის განვითარება. მომავალ 50 წელში იმაზე მეტი საკვები დაგვჭირდება, ვიდრე წინა 10 000 წელში ერთად და ეს მაშინ, როდესაც კლიმატის დათბობასთან ერთად ჩვენი მცენარეები კარგავენ პროდუქტიულობას და მით უფრო ძნელი ხდება მათი მოყვანა“.
ბუნებაში მრავალი სახის საკვები კულტურა გვხვდება, მაგრამ აგროეკონომიკა ცდილობს წაახალისოს მონოკულტურების მოყვანა. თუმცა, ეს მათ მცენარეებს კიდევ უფრო მოწყვლადებს ხდის დაავადებებისა და პესტიციდების მიმართ. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ კარგი მოსავალი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ნიადაგზე და ეკოსისტემაზე. სწორედ ამ საკითხებს ეხება მინერალის პროექტიც.
ალბათ, კიდევ რამდენიმე წელი გავა, სანამ Mineral-ისგან რაიმე სიახლეს გავიგებთ. მანამდე კი, Alphabet X-ის გუნდი ამბობს, რომ ისინი მუშაობენ მცენარეთა რობოტ მებაღეებზე აშშ-ში, კანადაში, არგენტინასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. პარალელურად კი, ისინი ცდილობენ სხვა კომპანიების, ორგანიზაციებისა და სახელმწიფო უწყებების მოძიებას მათთან თანამშრომლობის მიზნით.
კომენტარები