CIA-ის გონების კონტროლის პროგრამა — გასაიდუმლოებული ექსპერიმენტები ადამიანებზე
1949 წლის 29 აგვისტოს საბჭოთა კავშირმა ბირთვული ბომბი RDS-1 გამოსცადა. ეს მსოფლიოს მასშტაბით ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა აღმოჩნდა, რადგან მანამდე ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ბირთვულ იარაღს ფლობდა, აშშ იყო. 1949 წლის აგვისტოდან კი უკვე მასშტაბური განადგურების უნარის მქონე ბომბზე ხელი სსრკ-საც მიუწვდებოდა.
აღსანიშნავია, რომ ორ სუპერსახელმწიფოს შორის დაპირისპირებამ და ახალი იარაღების ძიებამ ტექნოლოგიურ ინოვაციებს დაუდო საფუძველი. აშშ-შიც და სსრკ-შიც აცნობიერებდნენ, რომ მიმდინარე ეპოქაში უპირატესობას ის ქვეყანა მოიპოვებდა, რომელიც ტექნოლოგიურად ყველაზე დახვეწილ იარაღს განავითარებდა.
დახვეწილ იარაღში მხოლოდ სარაკეტო სისტემები და ჯავშანტექნიკა არ მოიაზრება. ერთ-ერთი რამ, რისი პოტენციურ იარაღად გამოყენებაც სსრკ-სთვის და აშშ-სთვის საინტერესო იყო, ფსიქოაქტიური საშუალებებია (LSD, MDMA და ა.შ). ამ საშუალებების კვლევას ყველაზე მეტ ყურადღებას აშშ აქცევდა. სსრკ-სთვის კი პრიორიტეტული რთულად აღმოჩენადი საწამლავის და ქიმიური იარაღის შექმნა იყო.
ორივე შემთხვევაში ექსპერიმენტები ხშირად ისე ტარდებოდა, რომ ცდისპირებმა არც კი იცოდნენ, რომ მათ წამლავდნენ ან ფსიქოაქტიურ საშუალებებს აძლევდნენ. ეს პრაქტიკა ნაწილობრივ იმით იყო განპირობებული, რომ სამხედრო სააგენტოები ხშირად მთავრობისგან დამოუკიდებლად და კონფიდენციალურად მოქმედებდნენ.
განსაკუთრებით საინტერესო CIA-ის ერთ-ერთი პროექტია, სახელად MKUltra, რომლის მიზანიც ადამიანზე ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავლენის შესწავლა იყო. სხვაგვარად, პროექტს გონების კონტროლის პროგრამას ეძახდნენ.
CIA, ნაცისტები და გონების კონტროლი
მეოცე საუკუნის 50-იან წლებში გარკვეული ფსიქოაქტიური საშუალებები პოპულარული გახდა. ადამიანს, რომელიც ფსიქოდელიურ საშუალებას იღებს (მაგალითად LSD-ს), რეალობის აღქმა ეცვლება.
CIA-ში ბევრს სჯეროდა, რომ ფსიქოაქტიური საშუალებების პოტენციური დამნაშავეებისთვის და შპიონებისთვის მიცემა მათ დაკითხვას გაადვილებდა. ამასთანავე, თავდაპირველი ვარაუდით, ფსიქოაქტიური ნივთიერების მიღების შემდეგ ადამიანის მანიპულაცია უფრო მარტივი იქნებოდა. რაც CIA-ის იმდროინდელი წარმოდგენით სხვადასხვა ქვეყნის ლიდერების ფსიქოლოგიურ მანიპულაციას გაადვილებდა.
პროექტი 1953 წელს დაიწყო და 1973 წელს დასრულდა. MKUltra-ს ფარგლებში აშშ-ის ცენტრალური დაზვერვის სამმართველო (CIA) არალეგალურ ექსპერიმენტებსაც ატარებდა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, სუბიექტებისთვის ჩუმად LSD-ს მიცემა ამ პროექტის ფარგლებში, სხვა პრაქტიკებთან შედარებით ჰუმანური იყო.
მეცნიერები დაკითხვის და მანიპულაციის გაუმჯობესებისთვის ჰიპნოზს, იზოლაციას სექსუალურ ძალადობას და წამების სხვადასხვა ფორმებსაც იყენებდნენ.
ჟურნალისტი სტეფენ კინზერის თქმით, CIA-ის ეს პროექტი მეორე მსოფლიო ომის დროინდელი "გონების კონტროლის" ექსპერიმენტებით იყო შთაგონებული. იაპონიაში და ნაცისტურ გერმანიაში ტყვეებზე მსგავსი ცდები არც ისე იშვიათი იყო.
მართლაც, არსებობს არაერთი საბუთი, რომ მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ არაერთი ნაცისტი მეცნიერი, რომელიც ადამიანებზე ექსპერიმენტებს ატარებდა, CIA-იმ შეიკედლა. აშშ-ში გადასული ნაცისტები ექსპერიმენტებს აგრძელებდნენ და CIA-ის ოფიცრებს სარინ გაზის ლეტალური გამოყენების დახვეწაში ეხმარებოდნენ.
თავის დროზე, MKUltra-ს პროექტი CIA-ის ხელმძღვანელის, ალენ დალესის ინიციატივით დაიწყო. დალესმა, ედვარდ ლენსდეილთან ერთად, სახელი ჯერ კიდევ 1940-1950-იან წლებში ფილიპინებში მიმდინარე ოპერაციებში გაითქვა.
ედვარდ ლენსდეილი თანამედროვე "ფსიქოლოგიური ომის" ერთ-ერთ ფუძემდებლად მიიჩნევა. ფილიპინებში ლენსდეილმა შენიშნა, რომ საზღვარგარეთ მიმდინარე სადაზვერვო და სამხედრო ოპერაციებს ადამიანების "ფსიქოლოგიური პორტრეტის" შედგენა ძალიან ეხმარებოდა. მისი დაკვირვებით ყველა კულტურას აქვს "შიშები", რომელთა ექსპლუატაციაც პოლიტიკური მიზნებისთვის შეიძლება.
CIA-ის წარმოებული "ფსიქოლოგიური ომი" სავსეა საინტერესო და ხანდახან კომიკური ოპერაციებითა და გეგმებით. მაგალითად, CIA გეგმავდა, რომ ამერიკელ პილოტებს რუსეთში გიგანტური ზომის პრეზერვატივები ჩაეგდოთ, რომლებსაც ეწერებოდა "US Medium". სამწუხაროდ ეს გეგმა არ განხორციელებულა (თუმცა ძალიან კომიკური იქნებოდა).
MKUltra და მსგავსი პროგრამები დიდწილად ორ სუპერსახელმწიფოს შორის მიმდინარე ფსიქოლოგიური ომით იყო შთააგონებული.
ჰიპნოზი, ამფეტამინი, LSD და CIA
CIA-ში აინტერესებდათ შეძლებდნენ თუ არა LSD-ს საბჭოთა შპიონების "გადაბირებას". ცდების ჩატარება თავიდან სექს მუშაკებში, ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტებსა და ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებულ ადამიანებში დაიწყეს. ანუ, "ადამიანებში რომლებსაც შეწინააღმდეგება არ შეეძლოთ", — ამბობს CIA-ის ერთერთი თანამშრომელი.
ადამიანები ვინც LSD-ს რეკრეაციული მიზნებით იღებენ, ამას მეტწილად იშვიათად აკეთებენ. ნაწილობრივ იმიტომ, რომ ადამიანი LSD-სადმი ტოლერანტობას იმუშავებს და პიკის ხელახლა მიღწევისთვის დოზის გაზრდაა საჭირო. CIA ფსიქიატრიული კლინიკის ერთ-ერთ პაციენტს LSD-ს 174 დღის მანძილზე აძლევდა. ანუ, პაციენტი "თრიფში" თითქმის ნახევარი წელი იყო.
ფსიქოაქტიური საშუალებების სუბიექტებისთვის ჩუმად მიცემა ნურემბერგის კოდის სერიოზული დარღვევაა. ქიმიკოსი სიდნი გოტლიბი MKUltra-ს პროგრამის ხელმძღვანელი იყო. მან შენიშნა, რომ ადამიანები მეტნაკლებად კონტროლირებად გარემოში სხვანაირად იქცევიან, ამიტომ მისი ინიციატივით, LSD-ის ადმინისტრირება "ჩვეულებრივ" ადამიანებშიც, სამმართველოს თანამშრომლებშივე დაიწყო.
ფსიქოდელიური საშუალებების მიღებისას მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი ინფორმირებული იყოს და თავს უსაფრთხოდ გრძნობდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, LSD-ს შეიძლება "ცუდი თრიფი" ჰქონდეს, რაც ხშირად მენტალური ჯანმრთელობისთვის საზიანოა.
მაგალითად CIA-ს ქიმიკოსმა, რომელსაც LSD-ს დიდი დოზა ჩუმად მისცეს თავი მოიკლა.
LSD ერთადერთი ქიმიური ნაერთი არ იყო, რომელსაც ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო ადამიანებზე ჩატარებულ ექსპერიმენტებში იყენებდა. მაგალითად, ერთ-ერთ კვლევაში ადამიანებს ერთდროულად ბარბიტურატებს და ამფეტამინს აძლევდნენ.
მეცნიერებს ჯერ ბარბიტურატები შეჰყავდათ, რასაც ადამიანი ძილისკენ მიჰყავდა, შემდგომ კი ამფეტამინს უკეთებდნენ (რასაც გამომაფხიზლებელი ეფექტი აქვს). შედეგად ადამიანები უცნაურ მდგომარეობას აღწევდნენ. სატესტო სუბიექტი ბოდვას და გაუგებარ ლაპარაკს იწყებდა, თუმცა დროის გარკვეულ მონაკვეთებში კითხვებზე პასუხის გაცემა შეეძლო.
რეალური დაკითხვისას ეს სტრატეგია გამოყოფილი არ ყოფილა, თუმცა ამ გზით დაზვერვისთვის სასარგებლო პასუხების მიღება შესაძლებელი იყო.
მეოცე საუკუნის 60-იანების მიწურულს, CIA-იმ დაასკვნა, რომ LSD-ის დაკითხვისთვის და მანიპულაციისთვის გამოყენება არც ისე სარგებლიანი იყო, რადგან მისი ეფექტების წინასწარმეტყველება რთული იყო. შესაბამისად, 70-იანების დასაწყისში CIA-ში LSD-სადმი ინტერესი მინელდა. LSD-ს ნაცვლად CIA-იმ ეგრეთ წოდებული BZ-ის (C21H23NO3) ტესტირება დაიწყო, რომელიც აეროზოლურ მდგომარეობაში, მოგვიანებით, ქიმიურ იარაღებშიც გამოიყენებოდა.
LSD და ეთიკური პრობლემები
1973 წელს CIA-ის მაშინდელმა დირექტორმა - რიჩარდ ჰელმსმა, MKUltra-ს შესახებ დაგროვილი ინფორმაციისა და არქივის განადგურების ბრძანება გასცა. 1975 წელს კი აშშ-ის კონგრესმა ამ პრეოქტის გამოძიება დაიწყო. იმის გამო, რომ არქივი თითქმის მთლიანად განადგურდა, MKUltra-ს ბევრი პროექტი დაიკარგა. თუმცა, 1977, 2001 და 2018 წლებში დეკლასიფირებულმა დოკუმენტებმა MKUltra-ს აქტივობას შედარებით მეტი ნათელი მოჰფინა.
CIA-ის გასაიდუმლოებული საქმიანობა საერთაშორისო კრიტიკის საგანი მომენტალურად გახდა. ადამიანებზე ექსპერიმენტირებამ პიკს მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტურ გერმანიაში მიაღწია და ის ერთ-ერთ ყველაზე არაეთიკურ პრაქტიკად მოიაზრება.
MKUltra-ს გახმაურებას აშშ-ის მთავრობისგანაც მკაცრი რეაქცია მოჰყვა, თუმცა შედეგად არასწორი ადამიანები დაისაჯნენ. 60-70-იან წლებში LSD-სადმი ინტერესი მხოლოდ CIA-ს არ ჰქონია. LSD-ს ეფექტების მეტად უფრო კონტროლირებადი და აკადემიური კვლევა სამედიცინო დაწესებულებებში და უნივერსიტეტებში მიმდინარეობდა.
ბევრი ექიმი და ფსიქიატრი ვარაუდობდა, რომ ფსიქოაქტიურ საშუალებებს შესაძლოა, ძალიან მნიშვნელოვანი სამედიცინო გამოყენება ჰქონოდა. მაგალითად, ადრეული კვლევები აჩვენებდა, რომ MDMA-ს და LSD-ს ფსიქოთერაპიასთან ერთად გამოყენება PTSD-ის (პოსტ ტრავმული სტრესული აშლილობა) მქონე ინდივიდებზე დადებითად აისახებოდა.
თუმცა, 80-იან წლებში აშშ-ში ფსიქოაქტიური საშუალებების რეკრეაციული და სამედიცინო გამოყენება მნიშვნელოვნად შეიზღუდა. ფსიქოდელიური ნივთიერებების მოხმარება, თითქმის ყველგან, ძალიან მკაცრად ისჯება. თუმცა, მეცნიერებსა და ექიმებში ფსიქოაქტიური საშუალებებისადმი ინტერესი ახლიდან იღვიძებს.
MAPS (Multidisciplinary Association for Psychedelic Studies) 1986 წელს დაარსებული ორგანიზაციაა, რომელიც ფსიქიკური აშლილობების ფსიქოდელიური საშუალებებით მკურნალობას იკვლევს. ერთ-ერთი ინოვაციური კვლევა MDMA-ს და LSD-ს ფსიქოთერაპიისას გამოყენებას ეხება. აშშ-ში FDA-იმ მკურნალობის ზემოხსენებულ კურსს "გარღვევა" უწოდა და კლინიკური ტესტები დააჩქარა.
არსებული კვლევების მიხედვით, ფსიქოდელიური საშუალებები კონტროლირებად გარემოში ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანებს ძალიან ეხმარებათ. აქ ხაზი უნდა გაესვას, რომ ფსიქოდელიური საშუელებების ეფექტების შემსწავლელი კვლევები კონტროლირებულ და უსაფრთხო გარემოში მიმდინარეობს. ანუ, თუ დეპრესია გაწუხებთ მაინცდამაინც მიზანშეწონილი არაა, რომ უბრალოდ LSD მიიღოთ და სასწაულს დაელოდოთ.
MKUltra-ს ისტორია მნიშვნელოვან გაკვეთილს გვასწავლის. სამეცნიერო კვლევა ერთგვარი ინსტრუმენტია, რომლის გამოყენებასაც სწორი მიდგომა სჭირდება. ექიმებმა და მეცნიერებმა, რომლებიც ფსიქოაქტიურ საშუალებებს ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესების მიზნით იკვლევდნენ, უფრო მეტ წარმატებას მიაღწიეს, ვიდრე მათ ვინც არალეგალურ საქმიანობაში იყვნენ ჩართულები და სამეცნიერო კვლევა ძალაუფლების ინსტრუმენტად აქციეს.
ამის მიზეზი ისაა, რომ ლეგალური, აკადემიური კვლევები სხვა სტანდარტებით ფასდება. მეცნიერებს ერთმანეთის ნაშრომების გაკრიტიკება და დახვეწა შეუძლიათ. ამ პროცესის გამოტოვებით კი, მეცნიერება ნაკლებად სანდოა და შეცდომების კორექტირება, ან ინტელექტუალური თავმდაბლობის გამოჩენა რთულია. ამასთანავე, კვლევა, რომელიც პოლიტიკური მიზნებითაა მოტივირებული, მკვლევრებში ერთგვარ მიკერძოებულობას ქმნის. მეცნიერს აღარ სურს შეამოწმოს რეალური ფენომენი და უფრო მეტად პოლიტიკური მიზნების გამართლებაზეა ორიენტირებული.
კომენტარები