ედინბოროს უნივერსიტეტის მკვლევრებმა მონღოლეთში, გობის უდაბნოში Oksoko Avarsan-ის სახეობის დინოზავრების ძვლები იპოვეს. ეს ბუმბულებით შემოსილი დინოზავრი ასობით მილიონი წლის წინ ცხოვრობდა და უკბილო ნისკარტი ჰქონდა.

მკვლევრები ამბობენ, რომ ეს სახეობა იმის გაგებაში გვეხმარება თუ როგორ დაკარგეს ცხოველებმა ხელის და ფეხის თითები ევოლუციასთან ერთად. ახლო ნათესავებისგან განსხვავებით, ამ სახეობას ორივე ზედა კიდურზე ერთით ნაკლები თითი აქვს.

ეს ნიშანთვისება დინოზავრს სავარაუდოდ ცარცული პერიოდის გარემოსთან შეგუებაში დაეხმარა.

მონღოლეთის უდაბნოში მეცნიერებმა ამ სახეობის წარმომადგენლების სრული ჩონჩხები იპოვეს. მკვლევრების თქმით ეს სამთითა დინოზავრებში (ოვირაპტორები) თითის დაკარგვის პირველი საბუთია.

ფოტო: UNIVERSITY OF EDINBURGH

აღმოჩენა საინტერესო კიდევ იმიტომაა, რომ მეცნიერებმა ძვლები ჯგუფებად იპოვეს. რაც მიანიშნებს, რომ ეს პატარა დინოზავრები სოციალური ცხოველები იყვნენ.

ედინბოროს უნივერსიტეტის გეომეცნიერებების დეპარტამენტის მკვლევარი, გრეგორი ფუნსტონი ამბობს, რომ აღმოჩენა თუთიყუშის მსგავსი დინოზავრების ცხოვრებას მეტ ნათელს ჰფენს.

"Okosko Avarsan საინტერესოა იმიტომ, რომ აღმოჩენილი ჩონჩხები კარგად შენახულია და ერთმანეთთან ახლოს არის ნაპოვნი. რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ცხოველები ახალგაზრდა ასაკში ჯგუფებად გადაადგილდებოდნენ".

კვლევა Journal Royal Society of Open Science-ში გამოქვეყნდა.