მინისებრი ტვინი, რომელიც ვეზუვის ამოფრქვევის დროს დაღუპული კაცის თავის ქალაში იპოვეს
მკვლევრებმა ვეზუვის ამოფრქვევის გამო დაღუპული კაცის ნამარხი იპოვეს, რომელსაც ტვინის უჯრედები შემონახული აქვს. ტვინის უჯრედების სტრუქტურა, კაცის ტვინში არსებული შავი, მინისებრი ნივთიერების არსებობის მიუხედავად, მაინც შესამჩნევი იყო. მკვლევრების თქმით კი, ეს ნივთიერება მისი ტვინის ნაწილია. სავარაუდოდ, მინად გარდაქმნა ექსტრემალურმა სიცხემ და სწრაფად გაგრილებამ გამოიწვია.
"კვლევის შედეგების მიხედვით, მინად გარდაქმნის პროცესი ჰერკულანუმში მოხდა —მსხვერპლის ნეირონული სტრუქტურები გაიყინა და ჩვენამდე იგი ხელშეუხებლად მოვიდა", — განაცხადა კვლევის ავტორმა, პიერ პაოლო პეტრონმა.
ჰერკულანუმი უძველესი რომაული ქალაქი იყო, რომელიც დაახლოებით 2 ათასი წლის წინ ვულკანმა ვეზუვმა გაანადგურა. ცხელი ნაცრისა და აირების ღრუბლებმა კი ჰერკულანუმი თავის ცნობილ მეზობელთან, პომპეისთან ერთად დამარხა.
ამ ცხელმა ნაცარმა, ქალაქის დამარხვასთან ერთად, ორგანული ნივთიერებები ძალიან სწრაფად გააცხელა. ეტრონმა და მისმა კოლეგებმა მინისებრი შავი ნივთიერება ახალგაზრდა კაცის დაბზარულ და დამწვარ თავის ქალაში იპოვეს, რომელიც ავგუსტალების კოლეჯში, საწოლზე სახით ქვემოთ იწვა.
მკვლევარებმა ნიმუშების ანალიზისას პაწაწინა სფერული და ცილინდრული სტრუქტურები აღმოაჩინეს, რომლებიც ნეირონებსა და აქსონებს ძალიან ჰგავს.
ცილინდრული სტრუქტურების დიამეტრი სულ რაღაც 550-830 ნანომეტრია, შესაბამისად, მათი ზომიდან გამომდინარე, ისინი კაპილარები ვერ იქნებიან. სფერულ სტრუქტურებში კი მემბრანა და ფილამენტებია შემონახული, ისევე, როგორც პაწაწინა ვეზიკულები. გუნდმა დაადგინა, რომ ნიმუშები ნახშირბადითა და ჟანგბადითაა მდიდარი, რაც ნიშნავს, რომ ისინი ორგანულია.
მკვლევრებმა ასევე ნიმუშებში ნაპოვნი ცილების შესწავლა დაიწყეს და აღმოაჩინეს, რომ ყველა მათგანი ტვინის ქსოვილში გვხვდება. მაგალითად, ცილა ATP6VIF სინაფსებს შორის ქიმიური ნივთიერებების გადაცემაში მონაწილეობს.
განამარხებული ტვინის ქსოვილის პოვნა არქეოლოგიაში ძალიან იშვიათი მოვლენაა, თუმცა მას გადარჩენა ათასობით წლის განმავლობაში შეუძლია. მაგალითად, ჩრდილოეთ ინგლისში 2 600 წლის თავის ქალა იპოვეს, სადაც ტვინის ქსოვილიც იყო შემორჩენილი — ქსოვილში ნაპოვნი ცილები კი ხელშეუხებლები იყვნენ.
კვლევა ჟურნალ PLOS One-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები