დედამიწის ციფრული ტყუპი: ბოლოს და ბოლოს, ამინდის პროგნოზები ზუსტი გახდება
ევროკავშირის ამბიციური პროექტი, რომელიც დედამიწის ციფრული ასლის შექმნას გულისხმობს, დასასრულს უახლოვდება: ციფრული ტყუპისცალი არნახული სიზუსტით გამოთვლის ამინდის პროგნოზს, გვალვებს, ხანძრებსა თუ წყალდიდობებს წლებით ადრეც კი. პროექტს "დანიშნულების ადგილი: დედამიწა" ჰქვია და ის მხოლოდ პროგნოზირებით არ შემოიფარგლება: მისი შემქმნელები ადამიანების ქცევის სიმულირებასაც შეეცდებიან, რითაც დააკვირდებიან, როგორ ვცვლით ჩვენი ქმედებებით კლიმატს.
ეს გამბედავი მისია სხვა მასშტაბური პროექტის მემკვიდრეა. მილიარდევროიანი Extreme Earth ევროკავშირმა შეწყვიტა, თუმცა იდეით დაინტერესება არ გამქრალა. ციფრული ტყუპისცალის შესაქმნელად დედამიწის ატმოსფერო 1-კილომეტრიან "უჯრებად" დაარენდერეს, რაც პროგნოზების სიზუსტეს უზრუნველყოფს. პროგრამა ფინეთში, იტალიასა და ესპანეთში განთავსებულ სუპერკომპიუტერებზე გაეშვება.
ატმოსფეროს გარდა, მოდელი დედამიწის ოკეანეების სიმულაციასაც გვთავაზობს. მეცნიერები დროთა განმავლობაში მოდელს მიმდინარე მოვლენების მონაცემებით გააახლებენ ხოლმე, იქნება ეს ატმოსფეროს დაბინძურება, ხანძარი ტყეებში თუ ნებისმიერი სხვა მოვლენა, რომელიც ამინდსა თუ კლიმატს ცვლის. მოდელი ასევე შეძლებს განსაზღვროს, რა გავლენა ექნება კლიმატის ცვლილებას აგროკულტურასა და მიგრაციაზე.
რა თქმა უნდა, ასეთი მოდელის შექმნა მხოლოდ ევროპელებს არ სურთ — მსგავს პროექტზე ჩინეთშიც აქტიურად მუშაობენ.
კომენტარები