კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულები ყვებიან, როგორ შეიცვალა მათი ცხოვრება
კორონავირუსის ყოველი შემთხვევის უკან ისტორია დგას, რომელიც ტესტის უარყოფითი პასუხით არ სრულდება. იმის გამო, რომ ვირუსი ჯერ კიდევ ახალია, მეცნიერებმა არ იციან, რა კვალს ტოვებს ის ადამიანის ორგანიზმზე გრძელ ვადაში.
Reddit-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა იკითხა, როგორია ყოველდღიური ცხოვრება კორონავირუსის გადატანის შემდეგ. გამოჯანმრთელებული ადამიანების პასუხები კი სიმპტომების ფართო დიაპაზონსა და კორონავირუსის თანმხლებ ემოციურ მხარეებს გიჩვენებთ.
1. "ყველაფერს შეეცვალა გემო"
"თავიდან ვერც შევამჩნიე, რომ ყნოსვის შეგრძნება გამიქრა, სანამ მთელი ძალით არ დამიბრუნდა და ყველაზე მსუბუქი სუნიც კი ნესტოებს მტკენდა. ცხვირი დაახლოებით ისე მეწვოდა, როგორც მშრალი, ცხელი ჰაერის საათობით სუნთქვის შემდეგ. ახალმომზადებულ ქათამს ისეთი გემო აქვს, თითქოს ერთი ან ორი კვირით დატოვეს მაცივარში. ხორცს ან არაფრის გემო აქვს, ან უბრალოდ გაფუჭებული მეჩვენება. ფაქტობრივად უკვე ორი თვეა, ვეგეტარიანელივით ვჭამ, რადგან სხვანაირად უსიამოვნოა"
— MInime313
2. "6 თვე გავიდა და ენერგია ჯერ არ დამბრუნებია"
"თებერვლის ბოლოს მე და ჩემი პარტნიორი საავადამყოფოს მოსაცდელ ოთახში ვიყავით. გვერდით გვეჯდა ქალი, რომელიც საშინლად ახველებდა. ასეთი ხველება მანამდე არასდროს მომისმენია, მაგრამ დიდი ყურადღება არ მიგვიქცევია. მარტის დასაწყისში, სანამ საერთოდ დაიწყებოდა საუბარი სოციალურ დისტანციაზე, სამსახურში ყელის ტკივილმა შემაწუხა. მომდევნო კვირას ყველა სიმპტომი გამომივლინდა. როგორც წესი, იშვიათად ვხდები ავად. ფილტვებში გამუდმებით კვამლის შეგრძნება მქონდა და ღრმად ჩასუნთქვა არ შემეძლო. კვირის პირველ ნახევარში ძირითადად არ მეძინა, მაკანკალებდა და სიცხისგან გამოწვეული კოშმარები მაწუხებდა. გემოს და სუნის შეგრძნება გამიქრა და ყველაფერს მომწარო გემო ჰქონდა. კვირის მეორე ნახევარში წელის ტკივილის გამო ვერ ვმოძრაობდი და წყალსაც ვერ ვყლაპავდი. ერთი კვირის შემდეგ ხველებამ გამიარა, მაგრამ ფილტვები ბოლომდე არ აღდგენილა. ახლაც მტკივა ხოლმე, როცა ვახველებ ან ვაცემინებ. ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ცუდი კვირა იყო.
ხუთი დღის შემდეგ კი ჩემი ყველაზე საშინელი შიში გამართლდა. ჩემს შეყვარებულს ასტკივდა ყელი. ყელის ტკივილი უძილო ღამეებში და სიცხეებში გადაიზარდა. განსხვავება ის იყო, რომ გამუდმებით გული ერეოდა. საჭმელი და სითხე წამებზე მეტ ხანს არ უჩერდებოდა. ავტოიმუნური დაავადების გამო მის შემთხვევაში ყველაფერი უფრო გართულდა. წარმოიდგინეთ, როგორი შეგრძნებაა, როცა სასწრაფოს მანქანის კარი იხურება და არ იცი, რამდენი ხნის შემდეგ შეძლებ საყვარელი ადამიანის ნახვას. ყოველდღე ვრეკავდი საავადმყოფოში, რომ მედდებისთვის, რომლებიც ისედაც გადატვირთულები იყვნენ, მისი მდგომარეობა მეკითხა.
10 დღის შემდეგ, როცა ექიმებმა მითხრეს, რომ ჩემთვის უძვირფასეს ადამიანს სავარაუდოდ საათები ჰქონდა დარჩენილი სიკვდილამდე, დაავადებამ უკან დაიხია. ერთი კვირის შემდეგ კორონავირუსზე უარყოფითი პასუხი მოვიდა. 6 თვე გავიდა და ჯერაც არ გვაქვს ძალები ბოლომდე აღდგენილი. 4 საათისთვის უკვე ძალიან დაღლილები ვართ. ჩემს შეყვარებულს ღამე ისევ აწუხებს კვამლის შეგრძნება ფილტვებში. ექიმები გვეუბნებიან, რომ ანტისხეულები მხოლოდ 3 თვე ძლებს და სჯობს, თუ თვითიზოლაციაში ვიქნებით. თუ ძაღლის გასეირნებას არ ჩავთვლით, სახლიდან თითქმის არ გავდივარ. ვერ ვნახულობთ მეგობრებს და ოჯახის წევრებს.
როცა კორონავირუსის შესახებ სიახლეები გავრცელდა, შეპყრობილებივით დავიწყეთ ანტიბაქტერიული სითხით ყველაფრის წმენდა. ყველა ზედაპირი, სახელური, მაგიდა საგულდაგულოდ იწმინდებოდა. ვფრთხილობდით და მაინც მოგვაგნო. როცა ვხედავ, რომ ადამიანები მოწოდებებს ყურადღებას არ აქცევენ, მინდა, რომ შევაჯანჯღარო და ვუყვირო: რას აკეთებთ?"
— r2blee2
3. "მამაჩემი მეორე ადამიანი იყო, რომელსაც ჩემს ქვეყანაში კორონავირუსი დაემართა"
"პირადად მე რამდენიმე დღე ვგრძნობდი თავს ცუდად. მამაჩენი მეორე ადამიანი იყო ჩემს ქვეყანაში, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა. 6 დღის განმავლობაში მისი ტესტი მუდმივად დადებითს აჩვენებდა, მდგომარეობა ძალიან მალე გაურთულდა და მეექვსე დღეს მამა დავკარგე. ამ ამბის გაცნობიერება ნორმალურ ვითარებაშიც ძალიან რთულია, მაგრამ კიდევ უფრო რთულია, როცა მთელი ოჯახი იზოლაციაში ხართ გამოკეტილები. ამის შემდეგ კორონავირუსი მეც დამიდგინდა, მამაჩემის ცოლსაც და ოჯახის კიდევ ერთ წევრს. მე მსუბუქი სიმპტომები მქონდა.
ბოლო ექვსი თვე უმძიმესი იყო. ვერ ვიჯერებ მამაჩემის გარდაცვალებას და ამ ყველაფრის გადატანა იმ ყველაფერთან ერთად მიწევს, რაც მსოფლიოში ხდება. ყველაზე მძიმე კი იმასთან შეგუებაა, რომ ზოგიერთ ადამიანს არ სჯერა კორონავირუსის არსებობის და თავს ძლივს ვიკავებ, რომ ყველა სულელურ კომენტარს არ გამოვეხმაურო, სადაც ამას ამტკიცებენ"
– N_SR_1
4. "კორონავირუსის გადატანის შემდეგ თერაპია დამჭირდა"
"კორონავირუსი მარტში დამემართა. ორი კვირა ვერ ვდგებოდი საწოლიდან და 12 კილო დავიკელი. მეორე კვირაში ვერ ვსუნთქავდი, მაღალი სიცხეები მქონდა და ვერაფერს ვაკეთებდი. დღეში 22 საათი მეძინა.
მარტის შემდეგ ძალიან გამიჭირდა ნორმალურ მდგომარეობაში დაბრუნება. თავიდან კიბეებზეც ვერ ავდიოდი გულის ამოვარდნის გარეშე. კუნთები მტკიოდა. ღამე კოშმარები მესიზმრებოდა, ან საერთოდ ვერ ვიძინებდი. 12 კვირის შემდეგ მოულოდნელად თმის ცვენა დამიწყო. კიდევ კარგი, შეწყდა და თმა ისევ ამომივიდა.
მენტალური ჯანმრთელობა გამიუარესდა. ექიმმა მითხრა, რომ ეს ყველაფერი ტრავმის შემდგომი რეაქცია იყო. თერაპიაზე დავიწყე სიარული და ყოველდღე ერთი საათი ვსეირნობდი. ძალიან დამეხმარა. ახლა თავს ნორმალურად ვგრძნობ"
— sallyann_8107
5. "გრიპს არ ჰგავს, ასეთი არაფერი გამომიცდია"
"ივლისის ბოლოს დამემართა კორონავირუსი და სამი კვირის განმავლობაში მქონდა მსუბუქი სიმპტომები: დამეკარგა მადა, წონაში დავიკელი და დასაწყისში სიარული მიჭირდა. ახალგაზრდა ვარ და ჯანმრთელობის სხვა პრობლემა არ მაქვს. ახლა სულ დაღლილი ვარ (დასაწყისში ფხიზლად დარჩენაც მიჭირდა ხოლმე), ყნოსვა ხან მიქრება, ხან მიბრუნდება. ახლახან მომივიდა საბოლოო უარყოფითი პასუხი, არადა უკვე ოქტომბერია! ვისაც გამამხნევებელი ამბები გჭირდებათ, გეტყვით, რომ ჩემს ორივე მშობელს სუსტი იმუნიტეტი აქვს (კიბო და ლუპუსი), მაგრამ ორივემ დაამარცხა ვირუსი. ასე რომ, ყოველთვის არსებობს იმედი. გთხოვთ, სერიოზულად მიიღეთ კორონავირუსი. საერთოდ არაა სახალისო და არც გრიპს არ ჰგავს. ასეთი არაფერი გამომიცდია"
6. "ყველაფრის დასუნვა დავიწყე, რომ რაიმე მეგრძნო"
"მაგალითი რომ მოგიყვანოთ: როცა ქათმის წვნიანს ვჭამდი, ვცდილობდი, რომ ჯამთან ახლოს ვყოფილიყავი, რომ არაფერი დამქცეოდა. ცხელი წვნიანიდან ორთქლი პირდაპირ ცხვირში მირტყამდა, მაგრამ არაფრის სუნი არ ჰქონდა. უბრალოდ ცხელი ჰაერი იყო. ვცდილობდი, ყველაფერი დამესუნა, რომ რაიმე მაინც მეგრძნო: ქიმიური ხსნარები, ყავის მარცვლები, პირის სავლები. ვერ ვიჯერებდი, რომ უცებ გამიქრა ყნოსვა. დილას შემეძლო სუნით მივმხვდარიყავი, რომ ჩაიში ლიმონი იყო და საღამოს ვეღარაფერს ვგრძნობდი"
— Planeterisss
6. "ენერგია გამინახევრდა"
"ჯერჯერობით ისევ ძალიან მალე ვიღლები, მაგრამ კიდევ კარგი, ყოველი ამოსუნთქვისას სტვენა მაინც შევწყვიტე. ადრე თუ კილომეტრების გავლა შემეძლო ლაშქრობაში, ახლა ყოველ 10 წუთში შესვენება მჭირდება (ეს დრო კიდევ უფრო მცირდება, თუ ოდნავ მაინც აღმართზეა საუბარი). თითქოს, უბრალოდ ბოლომდე ვერ ვიღებ ჟანგბადს.
ალბათ, ეს ყველაზე ცუდი რამ არაა მსოფლიოში (ვიცი, რომ ბევრ ადამიანს კიდევ უფრო ურთულდება ვირუსი), მაგრამ სევდიანია, როცა ვფიქრობ, რომ ეს არის ახალი "ნორმა" და შეიძლება ვირუსამდე მდგომარეობას ვერასდროს დავუბრუნდე"
— mlhradio
7. "ფასტ ფუდს ვეღარ ვჭამ"
"უცნაურია, მაგრამ ფასტფუდის ჭამისას მხოლოდ ცხიმის შეგრძნება მრჩება პირში გემოს გარეშე და ამის გამო საზიზღარი მგონია. რაკი გემოს ვეღარ ვგრძნობ, ხილი, ბოსტნეული და სუში ჩემი საყვარელი საჭმელები გახდა, რადგან "კარგი ტექსტურა" აქვთ"
— fishbutt
8. "თმის ცვენაზე ბევრი ადამიანი არ საუბრობს"
"კორონავირუსი ჩემს ორივე მშობელს დაემართა მარტში. რამდენიმე თვის შემდეგ დედაჩემმა სალონში ახსენა, რომ თმა სცვიოდა და უთხრეს, რომ კორონავირუსის გადატანის შემდეგ მათ სხვა კლიენტებსაც დაეწყოთ თმის ცვენა.
იმ პერიოდში ჩემს მშობლებთან ერთად ვცხოვრობდი და ხველების გარდა, სხვა სიმპტომი არ მქონია. ჩემს მშობლებს ძალიან გაურთულდათ. არასდროს მინახავს მანამდე ატირებული მამაჩემი. ტიროდა, რადგან ვერ სუნთქავდა. გული მომიკვდა.
ხუთი თვე გავიდა და დედაჩემს ყნოსვა და გემოს შეგრძნება ჯერ დაბრუნებია. მამაჩემი 100%-ით ძველებურად გრძნობს თავს"
– LottieB
9. "გული სულ აჩქარებული მაქვს"
"ერთი თვე გავიდა, რაც კორონავირუსი დავამარცხე და გული სულ აჩქარებული მაქვს. კოვიდამდე ჩემი გულისცემა დასვენებულ მდგომარეობაში 60-70 იყო, ახლა — 90-110. თუ ბინაში დავდივარ, 130-მდე ადის. 21 წლის ვარ და კარგ ფიზიკურ ფორმაში" — 7.2k points
10. "მანქანის პედალზე ფეხის დასაჭერად ძალა არ მყოფნის"
"როგორია ჩემი ცხოვრება? მენტალურად გადაღლილი ვარ. არ შემიძლია იმ ადამიანებთან კამათი, რომლებიც ჩვეულებრივად აგრძელებენ ცხოვრებას და არ სჯერათ, რომ რაც დამემართა, მათაც შეიძლება დაემართოთ. ჩემს სამსახურში არ ესმით, რატომ არ მინდა ოფისში დაბრუნება. არც ის ესმით, როცა ვეუბნები, რომ "ფეხი იმდენად არ მიმუშავებს, რომ პედალს დავაჭირო". ფიქრობენ, რაკი გამომწერეს, 100%-ით ჯანმრთელი ვარ. თავს 65 წლის ადამიანად ვგრძნობ.
ადრე ყოველდღე დავრბოდი და ჯანმრთელობა არასდროს მაწუხებდა. ჯერ 30 წლისაც არ ვარ და ყველა მხრიდან გვესმის, რომ "ახალგაზრდებს თითქმის იმუნიტეტი აქვთ კორონავირუსის წინააღმდეგ". ამას იმიტომ ამბობენ, რომ მათ არ დაუკარგავთ ფილტვის ნაწილი"
– bigboss514
კომენტარები