მარსზე მიწისქვეშა თხევადი წყლის 4 აუზი იპოვეს
მარსის სამხრეთ პოლუსზე, შესაძლოა, წყლის ოთხი მიწისქვეშა აუზი მდებარეობდეს. ამ მიგნების მიხედვით, მარსი იმაზე მეტ თხევად წყალს იტევს, ვიდრე ეს აქამდე გვეგონა.
2018 წელს იტალიელი მეცნიერების გუნდმა ევროპული კოსმოსური სააგენტოს მიერ მოპოვებული რადარის მონაცემებით იპოვეს თხევადი წყლის ტბა, რომელიც ზედაპირიდან 1,5 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობს. ეს ტბა, რომელიც დაახლოებით 20 კილომეტრი სიგრძისაა, სამხრეთ პოლუსთან ახლოს აღმოაჩინეს. დაკვირვებები ინსტრუმენტ MARSIS (Mars Advanced Radar for Subsurface and Ionosphere Sounding) მეშვეობით განხორციელდა.
ორი წლის შემდეგ კი, როდესაც MARSIS მონაცემების ანალიზი დასრულდა, იმავე გუნდის მეცნიერებმა ამ ტბის არსებობა დაადასტურეს, თუმცა, ამასთან ერთად, მათ სამი სხვა აუზიც იპოვეს. თითოეული მათგანი პირველად ნაპოვნი ტბისგან 50 კილომეტრზე ნაკლები მანძილითაა დაშორებული.
ახლახან აღმოჩენილი აუზები 2018 წელს ნაპოვნი ტბისგან დიდად არ უნდა განსხვავდებოდნენ. მათი სიგრძე 10-დან 30 კილომეტრამდე მერყეობს, თითოეული მათგანი კი მიწისქვეშ 1,5 კილომეტრ სიღრმეზე მდებარეობს.
ნაპოვნი წყალი დასალევად გამოსადეგი ნამდვილად არ იქნება. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მძიმე პირობების მიუხედავად იგი თხევადია, ისაა, რომ ის ძალიან მლაშეა. მარილებს წყლის გაყინვის პროცესის შეჩერება შეუძლია. კალციუმი, მაგნიუმი, კალიუმი და სხვა მარილთა ნალექები კი მარსზე მრავლადაა.
რას ნიშნავს ეს მიგნება ჩვენთვის?
მარსის მომავალი კოლონისტებისთვის ამ წყალზე წვდომა ძალიან რთული იქნება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მისი გამტკნარება იქნება შესაძლებელი, მისი მოპოვებისთვის ინტენსიური თხრა იქნება საჭირო.
ამ ამბის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ისაა, რომ ამ მიწისქვეშა ტბებში, შესაძლოა, სიცოცხლე არსებობდეს. არის შანსი, რომ როგორც დედამიწაზე, წითელ პლანეტაზეც მიკრობული ფორმები ექსტრემალური პირობების მიუხედავად მაინც წარმოიქმნა.
ამის დადგენის საუკეთესო გზას წყლების შესწავლა წარმოადგენს. ერთ-ერთი მკვლევრის თქმით, აუზების შესასწავლად როვერი გამოსადეგი კანდიდატია. მთავარ პრობლემას კი, რა თქმა უნდა, ამ აუზების სიღრმე წარმოადგენს. საჭიროა სეისმური აქტივობის გაზომვა, რაც აუზების სრულ სიღრმეზე და იმაზეც მოგვცემს ინფორმაცია, თუ მისი რომელი ნაწილია ყველაზე მეტად სიცოცხლისუნარიანი.
კვლევა ჟურნალ Nature Astronomy-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები