კიბოს მკურნალობის ექსპერიმენტული მეთოდი მას მედიკამენტების გარეშე ანადგურებს
კიბოს მკურნალობის უახლეს მეთოდს მასზე საიდუმლოდ თავდასხმა წარმოადგენს. მიზანი გახლავთ, აიძულო კიბოს უჯრედები, საკუთარი თავი გაანადგურონ, თანაც მედიკამენტების გარეშე.
ამ ტექნიკის საკვანძო ნაწილს ნანონაწილაკი წარმოადგნეს, რომელიც სპეციალური ამინომჟავით, ფენილალანინით არის დაფარული. იგი ერთ-ერთია იმ ამინომჟავებიდან, რომლებსაც კიბოს უჯრედები გასაზრდელად იყენებენ.
თაგვებზე გამოცდის დროს, ნანონაწილაკმა სახელად Nano-pPAAM, კიბოს უჯრედები გაანადგურა. მას მეგობრული ამინომჟავის იერი ჰქონდა, ამ დროს კი უჯრედებს საკუთარი თავის განადგურებას აიძულებდა.
თვითგანადგურების მექანიზმს სპეციფიკური ქიმიური ნივთიერებები (ROS) იწვევენ, რომლებსაც ნანონაწილაკი აწარმოებს.
"ტრადიციული მიდგომის ნაცვლად, ჩვენ ნანონაწილაკს ვიყენებთ, რომელიც მედიკამენტების ჩამნაცვლებელია. Nano-pPAAM-ის უნარი, გაანადგუროს კიბოს უჯრედები, ბუნებრივია და რაიმე გარე სტიმულების ჩარევას არ საჭიროებს", — განაცხადა სინგაპურის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორმა დალტონ ტაიმ.
Nano-pPAAM-მა მკერდის, კანისა და კუჭის კიბოს უჯრედების დაახლოებით 80% გაანადგურა. რაც ყველაზე მთავარია, იგი ჯანსაღი უჯრედებისთვის უსაფრთხოა.
ჯერჯერობით ტესტირებები მხოლოდ ლაბორატორიაში თაგვებზე ჩატარდა, თუმცა ეს ადრეული შედეგები საკმაოდ დამაიმედებელია.
ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი კვლევა ჩატარდა იმაზე, თუ რომელი ნანონაწილაკი გამოდგება კიბოს უჯრედების გასანადგრუებლად ისე, რომ ჯანსაღი უჯრედები არ დააზიანოს. თუმცა ამ ეტაპზე ყველაზე ეფექტიანად კვლავ მედიკამენტური მკურნალობა მიიჩნევა.
ამის მიუხედავად, ახალი მეთოდი რეზისტენტობასთან ბრძოლაში შეიძლება დაგვეხმაროს: რადგან ტექნიკა მედიკამენტებს არ იყენებს, შესაბამისად, მეთოდში არაფერია ისეთი, რისადმი რეზისტენტულიც უჯრედები შეიძლება გახდნენ.
"ეს ახალი მიდგომა, შესაძლოა, ისეთ შემთხვევებში გამოგვადგეს, როცა მკურნალობის ტრადიციული გზები წარმატებას ვერ აღწევს", — განაცხადა მკერდის კიბოს სპეციალისტმა და სინგაპურის კლინიკის ექიმმა ტან ერნ იუმ.
კვლევა ჟურნალ Small-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები