გიგანტურმა ვირთხამ გმირობისთვის ოქროს მედალი მიიღო
აფრიკულ გიგანტურ ვირთხას, სახელად მაგავას, პრესტიჟული ოქროს მედალი ნაღმების აღმოჩენაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა.
მაგავამ თავისი კარიერის მანძილზე კამბოჯაში 39 ნაღმსა და 28 აუფეთქებელ საბრძოლო მასალას ყნოსვით მიაგნო. შედეგად, ბრიტანულმა ვეტერინარულმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ, PDSA-მ მას მედალი "სიცოცხლის გადამრჩენელი მოვალეობისადმი ერთგულებისთვის" უბოძა.
ვარაუდობენ, რომ კამბოჯას ტერიტორიზე 6 მილიონი ნაღმია დაფლული.
PDSA-ის ოქროს მედალი, რომელზეც შემდეგი სიტყვებია ამოტვიფრული: "ცხოველის გულადობისა და მოვალეობისადმი ერთგულებისთვის", სულ 30 ცხოველს გადასცემია. მათგან ვირთხა მხოლოდ მაგავაა. შვიდი წლის ეს მღრღნელი ბელგიაში დარეგსტრირებულმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ, Apopo-მ ერთი წლის განმავლობაში გამოწვრთნა.
"ამ მედლის მიღება ჩვენთვისაც პატივია", — განაცხადა Apopo-ს დირექტორმა, ქრისტოფ კოქსმა, — "მაგრამ ეს ასევე მნიშვნელოვანი მოვლენაა კამბოჯაში და მსოფლიოს სხვა წერტილებში მცხოვრები იმ ხალხისთვის, რომლებიც ნაღმებისგან იტანჯებიან".
მაგავასთვის მედლის გადაცემის ვიდეო PDSA-ის ვებგვერდზე შეგიძლიათ იხილოთ.
მაგავა ტანზანიაში დაიბადა და გაიზარდა. ის 1.2 კილოგრამს იწონის და სიგრძეში 70 სანტიმეტრია. მართალია, ვირთხების სახეობათა უმრავლესობასთან შედარებით მაგავა ერთობ დიდია, მაგრამ ის მაინც საკმარისად პატარაა იმისთვის, რომ ნაღმზე გადარბენის შემთხვევაში მისი აფეთქება არ გამოიწვიოს.
წვრთნისას ვირთხებს იმ ქიმიური შემადგენლობის ამოცნობას ასწავლიან, რომელსაც ასაფეთქებლებში იყენებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი მუშაობისას ჯართს ყურადღებას არ აქცევენ, რაც ნაღმების პოვნის პროცესს აჩქარებს. როგორც კი ისინი ასაფეთქებელ ნივთიერებას იპოვიან, მიწის ზედაპირის ფხეკას იწყებენ, რათა თავიანთი ადამიანი თანამშრომლების ყურადღება მიიქციონ.
მაგავას ჩოგბურთის მოედნის ხელა მინდვრის ნაღმებზე შემოწმება 20 წუთში შეუძლია. მეტალოდეტექტორით შეიარაღებული ადამიანი იმავეს ერთიდან ოთხ დღეს მოანდომებდა.
მაგავა დღეში მხოლოდ დილაობით, ნახევარი საათით მუშაობს და ის უკვე უახლოვდება პენსიაზე გასვლის ასაკს.
PDSA-ის დირექტორის თქმით, ის "ნამდვილად უნიკალური და გამორჩეულია. მაგავას მიერ შესრულებული საქმე კაცებს, ქალებსა და ბავშვებს სიცოცხლეს უნარჩუნებს. მის მიერ გაკეთებული თითოეული აღმოჩენა ადგილობრივებს ნაღმებისგან დაშავების ან დაღუპვის რისკს უმცირებს".
არასამთავრობო ორგანიზაციის, HALO Trust-ის მიხედვით, 1979 წლიდან დღემდე კამბოჯაში ნაღმების შედეგად 64 ათასი ადამიანი დაიღუპა, 25 ათასს კი ამპუტაცია დასჭირდა. ამ ნაღმთაგან დიდი ნაწილი მიწაში 1970-იანებსა და 1980-იანებში მიმდინარე სამოქალაქო ომის დროს აღმოჩნდა.
კომენტარები