შავი ხვრელი, რომლის ფოტოც ახლახან მოვიპოვეთ, თურმე ციმციმებს
გასულ წელს მსოფლიომ შავი ხვრელის ჩრდილის ფოტო იხილა. დაკვირვებების შედეგად კი გაირკვა, რომ M87*-ის გალაქტიკაში არსებული ამ შავი ხვრელის რგოლი ირხევა, რაც იმის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ იგი ციმციმებს.
მართალია, ფოტო გასულ წელს მივიღეთ, თუმცა ამ შედეგის მისაღწევად მეცნიერთა გუნდი მონაცემებს წლების განმავლობაში აგროვებდა. ამ ახალ მიგნებამდე ისინი სწორედ ადრეული, ნაკლებად დეტალიზებული კადრების გაანალიზებით მივიდნენ.
"გასულ წელს ჩვენ შავი ხვრელის ჩრდილის ფოტო ვიხილეთ, რომელსაც გარშემო ნათელი ნამგლისებრი წანაზარდი ჰქონდა. მის შიგნით არსებული მუქი ნაწილი კი შავი ხვრელის მოვლენათა ჰორიზონტად ჩავთვალეთ. შემდეგ დავსვით კითხვა, იყო თუ არა ამ წანაზარდის მორფოლოგია არქივში არსებულ მონაცემებთან თავსებადი", — განაცხადა ასტრონომმა მაკიეკ ვიელგუსმა.
ანალიზმა აჩვენა, რომ შავი ხვრელის ჩრდილი — წრე კაშკაშა ოქროსფერ რგოლში — დროის განმავლობაში მუდმივი იყო და წლების განმავლობაში ერთსა და იმავე დიამეტრს ინარჩუნებდა. ეს შედეგი ნამდვილად მოსალოდნელი იყო, რასაც მეორე აღმოჩენაზე ვერაფრით ვიტყვით:
როდესაც შავი ხვრელის ფოტოს შეხედავთ, აუცილებლად შეამჩნევთ, რომ რგოლის გარკვეული ნაწილი უფრო ნათელია. ეს რგოლი მტვრისგან და გაზებისგანაა წარმოქმნილი, რომელიც შავი ხვრელის გარშემო ტრიალებს. რგოლის ის ნაწილი, რომელიც ჩვენი, დამკვირვებლის მიმართულებით მოდის, ნათელი ჩანს; ნაწილი კი, რომელიც ჩვენგან მიდის, უფრო მკრთალია.
გუნდის მიერ შექმნილი რეკონსტრუქციით დადგინდა, რომ ნათელი ნაწილი ერთ ადგილას ფიქსირებული არ არის: იგი მოძრაობს, რის შედეგადაც ის თითქოს ციმციმებს და ირხევა.
გუნდი ამ მოძრაობას დინებაში არსებულ ტურბულენტობას აბრალებს. ეს კი შავი ხვრელის გარშემო არსებული რეგიონის შესახებ ბევრ ინფორმაციას გვაწვდის. "რადგანაც დინება ტურბულენტურია, დროთა განმავლობაში ისე ჩანს, თითქოს ნამდგლისებრი წანაზარდი ირხევა", — აღნიშნავს ვიელგუსი.
ტურბულენტობას სხვადასხვა რამ შეიძლება იწვევდეს. მაგალითად, ამის მიზეზი შავი ხვრელის ბრუნვის მაგნიტუდა შეიძლება იყოს. ასევე, შესაძლოა, ეს მაგნიტოროტაციული არამდგრადობის ბრალიც გახლდეთ.
მკვლევრებს, მართალია, ამ ფენომენის გამომწვევი მიზეზის ამხსნელი სარწმუნო ჰიპოთეზები აქვთ, თუმცა ზუსტი პასუხი ჯერ უცნობია. შესაბამისად, M87*-ის კვლევა მათ დამატებითი ინფორმაციის მოპოვებაში დაეხმარებათ.
კვლევა ჟურნალ The Astrophysical Journal-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები