როგორ დაიცავენ უმცირესობების უფლებებს — პარტიების წინასაარჩევნო ხედვები

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

რა ხდება

Partiebi.ge სხვადასხვა საკითხზე არჩევნებში მონაწილე პარტიების ხედვების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. მათ შორისაა უმცირესობათა უფლებებიც. ყველა პარტია ერთხმად აცხადებს, რომ უმცირესობების უფლებებს დაიცავს, თუმცა მათ შორის მხოლოდ რამდენიმე ასახელებს ლგბტქ თემს — ნაწილი მხოლოდ ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებით შემოიფარგლება, ნაწილს კი ზოგადი პოზიცია აქვს და ყველა ჯგუფზე ერთიანად საუბრობს.

ქართული ოცნება

ქართულ ოცნებას, რომელიც უკვე მეორე ვადით მართავს ქვეყანას და ფაქტობრივად, ყველა ინსტიტუტს აკონტროლებს, უმცირესობების უფლებებზე Partiebi.ge-ს კითხვარზე პასუხები არ აქვს. "პარტიის პოზიცია ამ საკითხზე უცნობია" — ეს მითითება აქვს პარტიის პოზიციას ყველა თემაზე. როგორც On.ge-ს პლატფორმის წარმომადგენელმა უთხრა, მმართველმა პარტიამ მათ პასუხები არ მიაწოდა, მიუხედავად იმისა, რომ კითხვარი ივნისში გადაუგზავნეს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გაერთიანებული ოპოზიცია

"ინდივიდუალური თავისუფლება ყველას ბედნიერებისთვის!", — ასე იწყებს ხედვის შესახებ საუბარს პარტია, რომელსაც საზოგადოებრივი აზრის ყველა გამოკითხვით არჩევნების შედეგად მეორე ადგილი უნდა ჰქონდეს. არც ერთი კონკრეტული ჯგუფის უფლებებზე, გარდა რელიგიის თავისუფლებისა, ენმ და მასთან ერთად საარჩევნო ბლოკში მყოფი პარტიები არ საუბრობენ.

"ჩვენ ვცნობთ და დავიცავთ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც უზენაეს ღირებულებებს. კანონის წინაშე ყველა მოქალაქე თანასწორია და ამის გარანტი იქნება როგორც დამოუკიდებელი სასამართლო, ისე პოლიტიკურად ნეიტრალური ადმინისტრაციული ორგანო", — აღნიშნავენ გაერთიანებულ ოპოზიციაში.

ისინი მიუთითებენ, რომ გეგმავენ შემდეგს:

  • უზენაეს სასამართლოში, ევროპის სასამართლოს ანალოგიით ჩამოყალიბდება ადამიანის უფლებათა დაცვის პალატა, რომლის შემადგენლობის 2/3 უცხოელი მოსამართლეები იქნებიან;
  • განუხრელად იქნება დაცული რელიგიის თავისუფლება, როგორც ადამიანის იდენტობის განუყოფელი ნაწილი;
  • სრულად იქნება დაცული გამოხატვის თავისუფლება. ყალბ ინფორმაციასთან ბრძოლა კი მხოლოდ სიმართლის დაპირისპირებითა და სასამართლოში დავით გახდება შესაძლებელი;
  • ფარული მიყურადებისა და თვალთვალის გასაღები ხელისუფლებისგან დამოუკიდებელ უწყებას გადაეცემა.

ევროპული საქართველო

პარტია, რომელსაც მმართველი ძალის შემდეგ, პარლამენტში ყველაზე მეტი დეპუტატი ჰყავს, ასევე არ საუბრობს, კონკრეტულად როგორ წარმოუდგენია უმცირესობების უფლებების დაცვა. თუმცა აღსანიშნავია, ის ერთ-ერთია იმ ორ პარტიას შორის, რომელმაც ჩამონათვალში სექსუალური უმცირესობები ახსენა.

"დავიცავთ ეროვნული, რელიგიური და სექსუალური უმცირესობების უფლებებს. შევქმნით პირობებს იმისთვის, რომ კანონის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობა იყოს დაცული. დაუსჯელს არ დავტოვებთ დისკრიმინაციის, ჩაგვრის, ძალადობისა და ძალადობისკენ მოწოდების შემთხვევებს, რაც ამ უმცირესობებისთვის საზოგადოებაში ინტეგრაციის ერთ-ერთი ხელისშემშლელია. სახელმწიფო უწყებებში უზრუნველვყოფთ ისეთ სიტუაციას, როცა უმცირესობები არ დაიჩაგრებიან და მათთვის სხვა მოქალაქეებივით ხელმისაწვდომი იქნება სახელმწიფო სერვისები", — აღნიშნავენ პარტიაში.

ლელო

მეორე პარტია, რომელმაც უმცირესობების უფლებების ნაწილში სექსუალური ორიენტაცია ახსენა, ლელოა.

"ლგბტ პირთა შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით, ასევე გამოხატვის თავისუფლებით სრულყოფილად სარგებლობა უზრუნველყოფილი იქნება სახელმწიფოზე დაკისრებული პოზიტიური ვალდებულებების ეფექტურად განხორციელების გზით. დაიხვეწება სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის ნიშნით ძალადობა-დისკრიმინაციის პრევენციის და ეფექტური რეაგირების მექანიზმები", — აცხადებენ პარტიაში.

ამასთან, ლელოში ამბობენ, რომ გენდერული იდენტობის სამართლებრივი მექანიზმები და მიდგომები შემუშავდება ადამიანის უფლებათა ორგანიზაციებთან და სპეციალისტებთან თანამშრომლობით.

აღსანიშნავია ისიც, რომ ყველაზე ვრცლად უმცირესობებზე სწორედ ეს პარტია საუბრობს. ისინი აცხადებენ, რომ შეცვლიან პოლიტიკის ვექტორს ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებთან დაკავშირებით — "სახელმწიფოსთვის საფრთხის შემცველად შეფასდება არა უმცირესობების წარმომადგენელთა "ზედმეტი" პოლიტიკური აქტიურობა (როგორც ეს ათწლეულების განმავლობაში გრძელდება), არამედ მათი ნაკლები ჩართულობა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებასა და მმართველობის სისტემაში".

ამასთან, ლელოს პოზიციაა, რომ უნდა გაუქმდეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტრო და რელიგიის საკითხთა სააგენტო, ხოლო შეიქმნას სამოქალაქო თანასწორობის სააგენტო, რომელიც იმუშავებს რელიგიური და ეთნიკური თანასწორობის საკითხებზე ომბუდსმენთან არსებული ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების საბჭოებთან მჭიდრო თანამშრომლობით. რაც შეეხება კონფლიქტებს, ლელოს გამარჯვების შემთხვევაში, კონფლიქტების დარეგულირების კუთხით იმუშავებს სახელმწიფო მინისტრი.

ლელო ასევე აპირებს 10-წლიანი პროგრამის შემუშავებას, რომლის შედეგადაც, მათი აზრით, ქართული ენის არმცოდნეთა რაოდენობა საქართველოს მოსახლეობის 1%-ზე ნაკლები იქნება.

"ეთნიკური უმცირესობებისთვის შეიქმნება მშობლიური ენისა და ლიტერატურის (აზერბაიჯანული და სომხური) მაღალი ხარისხის სახელმძღვანელოები. საქართველოს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად საჯარო სკოლებში შემოვა ახალი სასკოლო საგანი — მრავალფეროვანი საქართველო", — აღნიშნავენ პარტიაში.

ლელოს გეგმით, რელიგიურ კონფესიებს შორის სადავო საკულტო ნაგებობების, როგორც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, გადარჩენისა და მოვლა-პატრონობისთვის დაინტერესებულ მხარეების ჩართულობით შემუშავდება "ეფექტური მექანიზმები".

"დანერგილი სამართლებრივი მექანიზმები და პოლიტიკა მოიცავს როგორც სამართალდაცვით, ისე ჯანდაცვის, განათლების, სოციალური დაცვის საკითხებს და უზრუნველყოფს მსხვერპლთა მრავალმხრივ დაცვას. გაუმჯობესდება ტრანსსპეციფიკური სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობა პაციენტისთვის "ზიანის მიუყენებლობის" პრინციპების გათვალისწინებით", — აღნიშნავენ ლელოში.

სტრატეგია აღმაშენებელი

სტრატეგია აღმაშენებელში მიაჩნიათ, რომ სახელმწიფომ უნდა გაატაროს ქმედითი პრევენციული და პროაქტიული ზომები უმცირესობის ჯგუფების გამოხატვის თავისუფლების დაცვის მიზნით. ეს ერთადერთი პარტიაა, რომელიც ულტრამემარჯვენე და რადიკალურ ჯგუფებს ახსენებს და აღნიშნავს, რომ სახელმწიფომ მათ ქმედებებსა და განცხადებებზე, რომლებიც შუღლს აღვივებს უმცირესობის სხვადასხვა ჯგუფის მიმართ, კანონის ფარგლებში რეაგირება უნდა მოახდინოს.

"კანონმდებლობის დახვეწისა და გაუმჯობესების მიუხედავად, ხშირად მაინც ვერ ხერხდება ცალკეული დაუცველი ჯგუფების სრული ინტეგრაცია ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. ასევე, ხშირია დისკრიმინაციის შემთხვევებიც. დისკრიმინაციის ფაქტებზე დაგვიანებით და არასათანადო რეაგირების გარდა, საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპებისა და წინასწარგანწყობების ფონზე, მეტისმეტად ნელია თანასწორობის მიღწევის პროცესი. უმცირესობების უკეთ ინტეგრაციისთვის მნიშვნელოვანია ამ პროცესში საზოგადოების, სამოქალაქო სექტორის, კერძო სექტორისა და, განსაკუთრებით, სახელმწიფოს ჩართულობა და მათი კოორდინირებული მოქმედება", — აღნიშნულია სტრატეგია აღმაშენებლის ხედვაში.

მათივე აზრით, მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული ღონისძიებების ჩატარება, როგორც ზოგადად მოსახლეობისთვის, ისე განსაკუთრებით სახელმწიფო და ძალოვანი უწყებების თანამშრომლებისთვის, რათა გაიზარდოს მათი ტოლერანტობა სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის მიმართ. პარტიის აზრით, ამ პროცესში გადამწყვეტია არასამთავრობო სექტორის მონაწილეობა და ჩართულობა.

გირჩი

გირჩი აცხადებს, რომ ადამიანები არიან თანასწორები და უფლებრივად არ შეიძლება მათი დაყოფა რამე ნიშნის მიხედვით. პარტია იძლევა პირობას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს თანასწორად მოეპყრობა და "თუ ვინმე ღარიბია და თავის შენახვა არ შეუძლია, უნდა დავეხმაროთ, მიუხედავად იმისა, რომელი უმცირესობის წევრად მიიჩნევს თავს".

გირჩი ასევე აღნიშნავს, რომ რაიმე ჯგუფის მიმართ კუთვნილების გამო მოქალაქეებს პრივილეგიებს არ მიანიჭებენ, მაგრამ მათ მიმართ ჩადენილი რაიმე ტიპის ძალადობა დაუსჯელი არ დარჩება.

ალეკო ელისაშვილი — მოქალაქეები

ალეკო ელისაშვილის ხედვით, საზოგადოებაში ეთნიკური უმცირესობების ინტეგრირებას ყველაზე მეტად სახელმწიფო ენის არცოდნა აფერხებს.

"სახელმწიფოს პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში სახელმწიფო ენის გაძლიერებული სწავლება. შედეგად, ადგილობრივი მოსახლეობა შეძლებს ინფორმაციის, განათლების მიღებას ქართულ ენაზე, რაც ხელს შეუწყობს საზოგადოებასთან მათ ინტეგრირებას", — აცხადებენ პარტიაში.

გარდა ამისა, მათი პოზიციაა, რომ სახელმწიფო ყველა მოქალაქეს, უმცირესობის ნებისმიერ წარმომადგენელს აბსოლუტურად თანაბრად უნდა უდგებოდეს, დისკრიმინაციის დროს გამოჩენილი გულგრილობისთვის კი სადამსჯელო ღონისძიებები უნდა გამკაცრდეს.

"არცთუ იშვიათია შემთხვევები, როცა სახელმწიფო სათანადოდ არ რეაგირებს უმცირესობათა დისკრიმინაციის ფაქტზე, ხშირად უგულებელყოფს კიდეც მას. ჩვენი აზრით, უნდა გამკაცრდეს სადამსჯელო ღონისძიებები ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის დროს გამოჩენილი გულგრილობისთვის", — აღნიშნულია პარტიის პოზიციაში.

Partiebi.ge 2012 წლიდან აქვეყნებს საქართველოს პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო შეხედულებებს ქვეყნისათვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე. პროექტი საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ არის დაფინანსებული და მიზნად ისახავს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის ხელი შეუწყოს როგორც პოლიტიკური პარტიების წინადადებების ფორმირებას, ისე საზოგადოების ინფორმირებას ამ წინადადებების შესახებ. ამავე ვებგვერდზე გამოქვეყნებულია პარტიების ხედვები სხვადასხვა საკითხზე.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ზარქუა: "ლუსულ" ნომრიანი მანქანით ისეირნა ზარქუამო — ნათესავისაა
  2. ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხეს
  3. ფილარმონიის მიმდებარედ საპოლიციო ძალები გამოჩნდნენ
  4. ილია II: ცესკომ დაადასტურა ქართული ოცნების გამარჯვება, გულითადად ვულოცავთ ამ წარმატებას
  5. ჯოზეფ ბორელი განმარტავს, რა იქნება საქართველოში "ტექნიკური მისიის" ამოცანა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ