მომავლის ფანტასტიკური ხედვები, რომლითაც NASA-მ ამერიკელები კოსმოსით დააინტერესა
ჯერ კიდევ იქამდე, სანამ ამერიკელი მეცნიერები და ინჟინრები ასტრონავტების კოსმოსში გაგზავნას შეძლებდნენ, მათ მოსახლეობა — და ის ოფიციალური პირები, ვინც კოსმოსურ პროგრამას დააფინანსებდნენ — იმაში უნდა დაერწმუნებინათ, რომ მსგავსი ფანსტასტიკური მიზანი რეალისტური იყო.
"შენ უბრალოდ ვერ იტყოდი, რაკეტები უნდა ავაშეენოო, იმის იმედით, რომ ხალხი დაგიჯერებდა. სანაცვლოდ, შენ მოსახლეობისთვის ეს უნდა დაგენახებინა", — ამბობს ბრიტანელი ჟურნალისტი და ახლა უკვე შთამბეჭდავი ილუსტრაციებით გაფორმებული წიგნის, NASA-ს ხელოვნება, ავტორი, პიერ ბიზონი.
წიგნი გვიყვება იმ ამბავს, თუ როგორ მოახერხა კოსმოსურმა სააგენტომ, თავისი არაამქვეყნიური იდეებით დაეინტერესებინა სკეპტიკურად განწყობილი ერი. მასში თავმოყრილ ილუსტრაციებს შორისაა მთვარის მოდულები, ციურ სხეულებზე დასაშვები კაფსულები და ისიც, თუ როგორი იქნებოდა მარსზე ცხოვრება იმ დროისთვის შორეულ 2020 წელს. სწორედ ამ ნახატებით გადადგა პირველი ნაბიჯები NASA-მ კოსმოსურ რბოლაში და მოიპოვა უფლება, განეხორციელებინა ისეთი ამბიციური პროექტები, რომლებმაც ამერიკელები მთვარემდე მიიყვანეს.
ბიზონს სჯერა, რომ ეს ილუსტრაციები ამერიკის არა მხოლოდ წარსულ დიდებას გვანახებენ, არამედ იმის იმედსაც ბადებენ, რომ ათწლეულების წინ წარმოდგენილი ნათელი მომავლის მიღწევა ჯერ კიდევ შესაძლებელია.
"როცა საქმე კოსმოსში მშვიდობიანი მიზნებით წასვლას ეხება, ყველას ამერიკის იმედი აქვს", — აღნიშნავს ბიზონი, — "როგორც არაამერიკელს, რომელიც გარედან უყურებს ამ ყველაფერს, მე მგონია, რომ აშშ-ს სჭირდება იმის შეხსენება, თუ რამდენი რამის გაკეთება შეძლო".
კომენტარები