ბილ გეიტსის ვარაუდით, წელს ვაქცინას არ უნდა ველოდოთ
მაიკროსოფტის თანადამფუძნებელი და ფილანთროპი, ბილ გეიტსი კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, ბევრისთვის მოულოდნელად, ერთობ ანგარიშგასაწევ ფიგურად იქცა. გარდა იმისა, რომ ის გამუდმებით აკრიტიკებს აშშ-ის მთავრობის მიერ პანდემიის წინააღმდეგ შემუშავებულ პოლიტიკას, მილიარდერმა ვაქცინის დისტრიბუციისთვისაც გაიღო მნიშვნელოვანი თანხა.
CNBC-თან 15 სექტემებრს ჩაწერილ ინტერვიუში გეიტსი აცხადებს, რომ ოპტიმისტურად უყურებს ვაქცინაზე მუშაობის პროცესს. მისივე თქმით, მართალია, ჯერ კიდევ შესაძლებელია, რომ ვაქცინათაგან რომელიმე წელსვე იყოს ხელმისაწვდომი, თუმცა მოვლენების მსგავსი განვითარება ნაკლებად სავარაუდოა.
"თუ ყველაფერი იდეალურად წარიმართება, ერთადერთი ვაქცინა, რომელსაც აქვს იმის შანსი, რომ ოქტომბრის ბოლოსთვის მიიღებს საგანგებო შემთხვევებში გამოყენების ლიცენზიას, Pfizer არის", — აღნიშნა მან, — "ოქტომბრის თვეში, დიდი ალბათობით, სხვა არცერთი ვაქცინა აშშ-ში ამ ლიცენზიაზე მოთხოვნას არ შეიტანს".
მილიარდერი მიიჩნევს, რომ 2020 წლის მიწურულს ან 2021-ის დასაწყისში ვაქცინის ხელმისაწვდომობის შანსები სულ უფრო გაიზრდება: "მგონია, რომ როცა დეკემბერ-იანვარი მოვა, დიდი ალბათობით, მინიმუმ ორი ან სამი ვაქცინა შეიტანს მოთხოვნას დისტრიბუციაზე — თუ, რა თქმა უნდა, მათი ეფექტიანობა დადასტურდება".
იმავე ინტერვიუში გეიტსმა აღნიშნა, რომ ოპტიმისტურად უყურებს Moderna-სა და AstraZeneca-ს კლინიკურ ცდებს: "მათ მიერ ჩატარებული კვლევის პირველ და მეორე ფაზებში ორივე ვაქცინამ ანტისხეულების მაღალი მაჩვენებლის გამომუშავების უნარი გამოავლინა. ასე რომ, ერთობ იმედიანად ვართ განწყობილნი", — განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა და ჩინეთმა უკვე მისცეს თავთავიანთ ქვეყნებში შექმნილ ვაქცინებს საგანგებო მდგომარეობაში გამოყენების უფლება. თუმცა ორივე შემთხვევაში ჩატარებული ტესტირება საერთაშორისო დონეზე სპეციალისტებში უნდობლობას იწვევს.
"ეს წინდაუხედავი და უგუნური გადაწყვეტილება იყო", — ასე შეაფასა რუსეთისა და ჩინეთის გადაწყვეტილება ლონდონის კოლეჯის უნივერსიტეტის მკვლევარმა, ფრანსუა ბელუქსმა.
კომენტარები