ერთი დღით ადრე გაუქმებული ღონისძიებები — ვის და როგორ შეეხო განმეორებითი შეზღუდვები
საქართველოში კორონავირუსის მზარდი შემთხვევების მიზეზით, 9 სექტემბერს სოციალურ ღონისძიებებზე შეზღუდვები განმეორებით დაწესდა. 10 სექტემბრიდან, ანუ, ახალი რეგულაციების გამოცხადებიდან მეორე დღესვე, იუბილეების, ქორწილებისა და ქელეხების ჩატარება აიკრძალა.
რამდენიმე კვირით, ხშირ შემთხვევაში კი, რამდენიმე თვით ადრე დაგეგმილი ღონისძიებების წინა დღით გაუქმება ბევრისთვის როგორც ფინანსური, ასევე მორალური ზიანის მომტანი აღმოჩნდა. პანდემიის დროს რამდენჯერმე გადადებული ქორწილი წყვილებს კიდევ ერთხელ ჩაეშალათ, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს კი მოულოდნელად შემოღებულმა შეზღუდვებმა გაუჩინათ კითხვები: არის თუ არა ერთი დღით ადრე ღონისძიებების გაუქმება სწორი და ვინ აუნაზღაურებს მათ მიყენებულ ზარალს?
მორალურად და ფინანსურად დაზარალებული წყვილები
ქეთა კაკაბაძეს ქორწილი შაბათს, 12 სექტემბერს უნდა ჰქონოდა. იგი On.ge-სთან ყვება, რომ ამ შეზღუდვის დაწესება მისთვის ძალიან მოულოდნელი იყო და ვერ წარმოიდგენდა, ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ერთი დღით ადრე თუ გამოაცხადებდნენ.
ქეთამ ამ დღისთვის მზადება აპრილში დაიწყო, თუმცა შეზღუდვების გამო ქორწილი მალევე გააუქმა. მისი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე ყველა რეგულაცია დაიცვა, მაინც დაიჩაგრა.
"ივლისში როცა გამოაცხადეს, რომ დაშვებული იქნებოდა 100-კაციანი ქორწილი, გავაუქმე ჯავშანი და დავიწყე ძებნა ღია სივრცის, რომ ყველანაირი რეკომენდაციის გათვალისწინებით გამეკეთებინა წესიერი ქორწილი და ვიქნებოდი მშვიდად, რადგან არავინ დამაჯარიმებდა [...] გამოვიდა, რომ მეც და ჩემმა ოჯახმაც კარანტინის ყველა რეგულაცია დავიცავით, მეგობრებსაც ვერ ვნახულობდი, სახლში ვიჯექი ძალიან პატიოსნად და საბოლოოდ, ყველაზე მეტად ისევ ჩვენ დავიჩაგრეთ", — ამბობს ის.
ქეთა იხსენებს, რომ პირველად ქორწილის "გადადება" მისთვის მოულოდნელი და შოკისმომგვრელი არ ყოფილა, რადგან ეტაპობრივად სხვადასხვა შეზღუდვა ყველაფერზე წესდებოდა, ამიტომ ამისთვის გარკვეულწილად მზად იყო. თუმცა ახლა, როცა კორონავირუსის წითელი ზონა, ბათუმიც კი არ ჩაუკეტავთ, ამ აკრძალვას არ ელოდა.
"უცებ მოწმენდილ ცაზე მეხი რომ გავარდება, ზუსტად ეგრე მოხდა. არანაირად არ ველოდი და ახლაც შოკში ვარ. რომ გავიგე აკრძალვის შესახებ, მთელი დღე ისე ცუდად ვიყავი, ზუსტად არც მახსოვს რა ხდებოდა", — იხსენებს ქეთა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქორწილზე ბავშვობიდან ოცნებობდა, მესამედ იგივე სტრესს ვეღარ გადაიტანს. ქეთას აზრით, აღმოჩნდა, რომ "ხელისუფლება ადამიანებით თამაშობს" და როდის მოუნდებათ თამაში ისევ, არავინ იცის.
"ვიცი, რომ ჩემნაირი ასობით წყვილია და უბრალოდ მაინტერესებს, ვინ გაგვცემს ამაზე პასუხს და ვინ აგვინაზღაურებს ამ დღეს. ეს იყო მართლა კოშმარი და მეგონა, უნდა გამღვიძებოდა", — იხსენებს ქეთა.
ქორწილი ნიკოლოზ ფირცხალავასაც გადაედო. იგი On.ge-სთან ამბობს, რომ მისთვის ამ გადაწყვეტილების მოსმენა არ იყო სასიამოვნო. ნიკოლოზის თქმით, როცა ქორწილს წინასწარ, ხანგრძლივად გეგმავ და მოულოდნელად ყველაფერი იცვლება, რთულ მდგომარეობაში ვარდები.
"უმჯობესია, ერთი თვით ადრე მაინც ჩააყენო მოსახლეობა საქმის კურსში. მიიღეს გადაწყვეტილება და ორ დღეში ძალაში შევიდა. ყველაფერი ასე მარტივად ხომ არ ხდება არა? ქორწილს როცა გეგმავ, იქ აფრთხილებ ხალხს, ემზადები, რაღაც გეგმა და შენი გათვლები გაქვს. ისე ხომ არ არის, რომ ერთ დღეს დაურეკო ადამიანს და უთხრა — ქორწილში ხარ დაპატიჟებულიო", — ამბობს ნიკოლოზი.
მისი თქმით, მსგავსი გადაწყვეტილებებით ქვეყანაში სიტუაცია არაპროგნოზირებადი და არასტაბილური ხდება, მოსახლეობაში კი უიმედებოა ინერგება.
მარი ჩაჩიბაია, ნიკოლოზის საცოლე On.ge-სთან ამბობს, რომ ადამიანებისთვის, ვინც ფინანსური და მორალური წვლილი გაიღო ქორწილების ორგანიზებასა და დაგეგმვაში, "წინასწარ მოსამზადებელი ნიადაგი" მაინც უნდა შეექმნათ.
"მაგალითად, დაგეგმილ ქორწილებს ვიღაცები გადმოდებდნენ. მეც, მათ შორის. უფრო ადრე რომ მცოდნოდა, ათი დღით ან ერთი კვირით ადრე გადმოვწევდი ქორწილს და ვიწრო წრეში ჩავატარებდით", — აღნიშნავს მარი.
მისი აზრით, სიტუაცია, გარკვეულწილად, უსამართლოცაა და აღნიშნავს, რომ შეზღუდვები ყველაზე უნდა გავრცელდეს.
"ერთი საინტერესო მომენტია — შეზღუდვები უკვე ძალაში იყო შესული, როცა 12-ში ღამე კიკვიძის ბაღში უზარმაზარი ღონისძიება გამართეს. ნამდვილი ზედახორა იყო იქ. ვფიქრობ, ეს ფაქტები ერთმანეთს ეწინააღმდეგება და რაღაც დაჩაგრულადაც გრძნობ თავს [...] მე თუ კანონმორჩილი ვარ, მაშინ ეს ყველას უნდა ეხებოდეს", — ამბობს იგი.
იმავე პრობლემის წინაშე დადგა ჩვენი კიდევ ერთი რესპონდენტი, დიანა ხურცილავა. 5-თვიანი საქორწილო სამზადისის შემდეგ, სამი დღით ადრე აღმოაჩინა, რომ მისი ქორწილი ვერ შედგებოდა. On.ge-სთან საუბრისას იგი იხსენებს, რომ პირველი რეაქცია გაბრაზება იყო.
"როგორც კი გავიგე, ძალიან გავბრაზდი. უბრალოდ ვიდექი, სადაც ქორწილი უნდა გადამეხადა იქ და ვტიროდი. ვხედავდი ცარიელ სივრცეს და ისე მეტირებოდა, ყველა მე მამშვიდებდა. მერე წარმოსახვის მომენტი მქონდა, როგორ უნდა გამევლო საქორწილო კაბით და ძალიან განვიცადე", — იხსენებს დიანა.
მისი თქმით, მორალურ და ფინანსურ ზარალთან ერთად, დიდი იყო უხერხულობის განცდა, რასაც სტუმრების მიმართ გრძნობდა — გარდა იმისა, რომ სხვადასხვა ქალაქიდან წამოსული სტუმრების გზიდან მიბრუნება მოუწიათ, სპეციალურად ამ დღისთვის საზღვარგარეთიდან ჩამოსულ მეგობრებსაც უთხრეს უარი.
"ეს ადამიანები ჩამოვიდნენ, გაიარეს კარანტინი და უცებ ყველაფერი გაუქმდა. ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდით მართლა [...] მხოლოდ ჩვენი ქორწილი რომ გადაიდო, მაგის გამო არ ვბრაზდებით, უბრალოდ, მაგალითად, ერთი კვირით ადრე ეთქვათ, რომ აკრძალვას დააწესებდნენ. ამ მდგომარეობაში არ ვიქნებოდით", — ამბობს ის.
მას ესმის, რომ პანდემიის პერიოდში მსგავსი რეგულაციების დაწესება აუცილებელია, თუმცა მიაჩნია, რომ გამოცხადებიდან მეორე დღეს მისი ძალაში შესვლა გაუმართლებელია.
სოფია ხარბედიას ქორწილი ორჯერ ჩაეშალა. პირველად იგი პანდემიის საწყის ეტაპზე გადაედო, მეორედ — რეგულაციების ხელახლა გამოცხადების შემდეგ. მისი თქმით, მაშინ, როცა ყველაფერს წინასწარ გეგმავ, აორგანიზებ და მოულოდნელად იგებ, რომ ყველაფერი "გეშლება", როგორც ფინანსურად, ასევე მორალურადაც რთულია.
"სიმართლე გითხრათ 300-კაციან ქორწილს პანდემიის პირობებში არც მე ვეთანხმები, მაგრამ ამის მიუხედავად, ნებადართული იყო და თუ მე, სიტყვაზე, 300-კაციან ქორწილს ვგეგმავ, ძალიან დიდ ხარჯებს ვწევ, ამიტომ, მინიმუმ, ერთი კვირით ადრე ხომ უნდა შეატყობინო ყველას", — ამბობს სოფია.
იმის ფონზე, რომ ყველაფერი აკრძალული არ არის და ასეთი მკაცრი შეზღუდვები მხოლოდ გარკვეულ ღონისძიებას შეეხო, უსამართლობის განცდა ეუფლება.
სოფიას საქმრო, გიორგი ლეკვეიშვილი ამ გადაწყვეტილებას თავდაპირველად გაგებით მოეკიდა. იგი ფიქრობდა, რომ სიტუაცია გაუარესდა და აკრძალვები ყველაფერზე დაწესდებოდა. თუმცა, როცა გაიგო, რომ შეზღუდვები მხოლოდ სოციალურ ღონისძიებებს შეეხო, ძალიან გაკვირვებული დარჩა.
ფიქრობს, რომ ეს გადაწყვეტილება, გარკვეულწილად, გულდასაწყვეტი იყო. მისი თქმით, ამ მკაცრ რეგულაციებს იმ შემთხვევაში გაიგებდა, თუ აკრძალვები ყველაფერზე დაწესდებოდა.
"პარტიული აქტივობები არსებობს, ავტობუსები გადატენილია, კონცერტები ტარდება და მარტო ქორწილები გადადეს, ცოტა გაუგებარია რატომ. ყველაფერი რომ აეკრძალათ ცოტა გავიგებდი, რომ სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე ეს იყო სწორი, მაგრამ კონკრეტულად ესენი რომ შეზღუდეს ცოტა გაუგებარია ჩემთვის", — ამბობს გიორგი.
შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოქალაქეები
რა თქმა უნდა, მოულოდნელად დაწესებული შეზღუდვებით მხოლოდ წყვილებს არ უზარალიათ. ფოტოგრაფები, დიზაინერები, მენეჯერები, ფლორისტები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები 11 სექტემბერს პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ და განმეორებითი რეგულაციები გააპროტესტეს.
ფოტოგრაფი, გიორგი ზაალიშვილი On.ge-სთან აღნიშნავს, რომ მისთვის ეს სფერო ერთადერთი შემოსავლის წყაროა, ახლა კი, როცა ყველა დაგეგმილი ქორწილი თუ ღონისძიება გაუფრთხილებლად გაუქმდა, ის, ფაქტობრივად, სამსახურის გარეშე დარჩა.
"წყვილებს, რომლებსაც ქორწილები გაუუქმდათ, ვუთხარი, რომ გადავავადოთ ყველაფერი და იგივე პირობები დავტოვოთ — ბეს დაბრუნებას ნუ მომთხოვთ, ფიზიკურად არ მაქვს-მეთქი. მაგრამ მითხრეს, სიტუაცია ფორსმაჟორულია და უნდა დაგვიბრუნოო. შეზღუდვების გამოცხადების დღესვე, 15 წუთში შვიდასი ლარი ვიზარალე, ახლა კი 10 ქორწილის ბე 2 000 ლარი მაქვს დასაბრუნებელი, რაც ჯიბეში ნამდვილად არ მაქვს", — ამბობს გიორგი.
ფოტოგრაფი ციცი ჩხეიძე კი აღნიშნავს, რომ მისთვის ეს აკრძალვები ძალიან მოულოდნელი იყო და სვამს კითხვას, რატომ არავინ იფიქრა ქორწილებში დასაქმებულ ათეულობით სფეროს წარმომადგენელზე, რომლებიც შემოსავლის გარეშე დარჩნენ.
"ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩავვარდით, სწორად უნდა გაიგოს ყველამ — ეს ჩვენი სამსახურია და დავრჩით ახლა ჰაერში. 10-ში გამოცხადდა შეზღუდვები, 12-სა და 13-ში კი ყველას ქორწილები გვქონდა და მოულოდნელად, ასე ერთი ხელის მოსმით ყველაფერი აორთქლდა", — აღნიშნავს ციცი.
ფოტოგრაფის თქმით, გამომდინარე იქედან, რომ მსგავსი ღონისძიებების, მათ შორის, ქორწილების დაგეგმვა, რამდენიმესაათიანი პროცესი არ არის და მას ხანგრძლივი მზადება სჭირდება, მოულოდნელად შემოღებული რეგულაციები ყველასთვის ზიანის მომტანი იყო.
ამ გადაწყვეტილებას არც ირინა ასკურავა ელოდა, რომელიც მცხეთაში რესტორანს ფლობს. ირინა ამბობს, რომ მომდევნო დღეებში ქორწილები იყო დაგეგმილი და ფინანსურად მთელი რესტორანი ძალიან დაზარალდა.
"14 ღონისძიება და ქორწილები გადაგვედო, აბსოლუტურად ყველა ჯავშანი გაუქმდა, საიდანაც წინასწარ იყო თანხები გადახდილი ყველაფრის და იმათთვისაც ხარჯი იყო და ჩვენთვისაც. წესით, ასე ფულის წინასწარ დაბრუნება არ ხდება ხოლმე, მაგრამ ადამიანურ ამბავს თუ გავითვალისწინებთ, ჩვენი მხრიდან მოხდება აბსოლუტურად ყველასთან ფულის დაბრუნება", — ამბობს ის.
მისი თქმით, კორონავირუსის შემთხვევები მზარდია, ამიტომ ამ შეზღუდვების დაწესება ადეკვატური იყო, თუმცა არა ასე მოულოდნელად, რადგან მათ დაგეგმილი ქორწილების ჩატარება მაინც უნდა მოესწროთ.
"ასე ერთ დღეში, რომ ხვალ უცებ აღარ იქნება აღარაფერი, არ უნდა ყოფილიყო. იმიტომ, რომ ხალხს ყველაფრის გათვალისწინება უნდა მოესწრო. ათი დღით ან ერთი კვირით ადრე მაინც უნდა გვცოდნოდა, რომ ჩვენი ფინანსური გათვლები გვქონდა, ყველაფერი შეგვეცვალა აბსოლუტურად. ეს ძალიან ცუდ გავლენას მოახდენს როგორც ჩვენს ბიზნესზე, ასევე, ჩვენთან მომუშავე პერსონალზე", — ამბობს ირინა.
ღონისძიებების საორგანიზაციო კომპანია პანდას დამფუძნებელი, ნოდარ ჯიქია On.ge-სთან ამბობს, რომ ახალი შეზღუდვები პირდაპირი სახით შეეხო არამხოლოდ მის ბიზნესს, არამედ მასთან დასაქმებულ 75-მდე თანამშრომელსაც. მისი თქმით, პირველად მაშინ იზარალა, როცა პანდემიის საწყის ეტაპზე გაჩერებული მუშაობის ფონზე ყველა თანამშრომელი დაკარგა. მას შემდეგ, რაც ყველაფერი აღდგა, კომპანიას მომსახურე პერსონალის ხელახლა მოძიება და დატრენინგება მოუწია.
"აბსოლუტურად ყველაფერში დავატრენინგეთ და ამაში ძალიან დიდი თანხა გადავიხადეთ, რადგან ტრენინგები საკმაოდ ძვირი ღირს. როდესაც უკვე დავიწყეთ აქტიური მუშაობა, ავიღეთ ქორწილები, ავიღეთ სხვადასხვა ღონისძიება, ყველაფერი ისევ გაუქმდა, თან არავის გავუფრთხილებივართ", — აცხადებს ნოდარი.
ის ამბობს, რომ ამ კვირაში 2 ღონისძიება ჰქონდათ დაგეგმილი და გამომდინარე იქიდან, მათი გაუქმების შესახებ მხოლოდ რამდენიმე დღით ადრე გაიგეს, ფინანსურად ძალიან იზარალეს.
"ქორწილში შედის პროდუქტების მომარაგება, მორთვა, ყვავილები და ა.შ. ზოგადად ეს ყველაფერი ძალიან დიდ ხარჯთანაა დაკავშირებული. მსგავსი გადაწყვეტილების ერთი დღით ადრე გაგება გაუმართლებელია. ისეთ ქვეყანაში უნდა ვცხორვობდეთ, რომ ყველამ ყველაფერი წინასწარ იცოდეს და ვიყოთ გაფრთხილებულები. ჩვენ თუ გადასახადებს ვიხდით, მთავრობამაც უნდა იზრუნოს ჩვენზე. ახლა გავჩერდით და არანაირი მხარდაჭერა არ გვაქვს, საერთოდ არ გვახსენებენ, თითქოს არც კი ვარსებობთ", — ამბობს ის.
დეკორატიული მცენარეების ბაღის, გარდენია შევარდნაძის წარმომადგენლებიც ამბობენ, რომ შეზღუდვების შესახებ თუნდაც ორი დღით ადრე რომ სცოდნოდათ, ისე არ იზარალებდნენ, როგორც დღეს — ქორწილები და სხვადასხვა ღონისძიება აქაც იყო დაგეგმილი.
"ვეჭვობ, შაბათის, კვირის და ყველა, დაზამთრებამდე დაგეგმილი წვეულებაც აღარ გამოვა. ყვავილი უკვე დავარიგეთ, არც საჭმელ-სასმელს ვიზარალებთ. შემოვუსხდებით მე და ჩემი თანამშრომლები, უსამსახუროდ დარჩენილი მომსახურე პერსონალი და მოვილხენთ. არც მექორწილე ოჯახს ვაზარალებთ და არც არავის ვალში არ დავრჩები, მაგრამ სწორია ასე?",— ვკითხულობთ ზურაბ შევარდნაძის Facebook განცხადებაში.
კონკრეტულად, როდის მოიხსნება შეზღუდვები ღონისძიებებზე ცნობილი არ არის. სამსახურის გარეშე დარჩენილი მოქალაქეების ნაწილი პროტესტის ნიშნად შეკრებებს კვლავ აგრძელებს. ისინი თანხმდებიან, რომ პანდემიის პერიოდში გარკვეული რეგულაციები საჭირო იყო, თუმცა არა ასე მოულოდნელად. საზოგადოებას კვლავ აინტერესებს — ვინ აიღებს პასუხისმგებლობას ფაქტზე, რომ უმრავლესობა შემოსავლის გარეშე დარჩა.
კომენტარები