მთვარეზე თხევადი წყალი და ჟანგბადი არაა, თუმცა ის მაინც იჟანგება — კვლევა
მთვარე — ჩვენი ყველაზე ახლო კოსმოსური მეზობელი და დედამიწის გარდა ერთადერთი ციური სხეული, რომელზეც ადამიანებს ფეხი დაუდგამთ — ჩვენთვის საკმაოდ კარგადაა ცნობილი. ჩვენ ვიცით, რომ იქ ჰაერი არ არის და ისიც ვიცით, რომ იქ წყლის ყინულია, თუმცა არა — თხევადი წყალი.
შესაბამისად, მასზე ჰემატიტის აღმოჩენამ მეცნიერები ძალიან გააკვირვა, რადგან ჰემატიტი რკინის დაჟანგული ფორმაა, რომელიც აქ, დედამიწაზე ჰაერისა და წყლის არსებობას მოითხოვს. მთვარე მზიური ქარისგან წამოსული წყალბადისგან მუდმივად იბომბება. წყალბადი აღმდგენი აგენტია, რომელიც საკუთარ ელექტრონებს იმ ნივთიერებებს ჩუქნის, რომლებთანაც ინტერაქციაში შედის. დაჟანგვა ელექტრონების დაკარგვის გამო ხდება. ამიტომ, მთვარეზე რომ დაჟანგვისთვის ყველა საჭირო ელემენტი წარმოდგენილი ყოფილიყო, მზიური ქარი მის წარმოქმნას მაინც შეუშლიდა ხელს.
"ეს ძალიან დამაბნეველია, ჰემატიტის წარმოსაქმნელად მთვარეზე საშინელი გარემოა", — განაცხადა ჰავაის უნივერსიტეტის პროფესორმა შუაი ლიმ.
ჰემატიტი ინდური კოსმოსური კვლევითი ცენტრის Chandrayaan-1-ის მოპოვებული მონაცემების მეშვეობით აღმოაჩინეს. ლიმ და მისმა კოლეგებმა 2018 წელს მთავრის პოლუსების გარშემო დიდ სიმაღლეზე ყინულის ნარჩენები იპოვეს. მაგრამ როდესაც მკვლევრებმა მონაცემები გააანალიზეს, რაღაც უცნაური შენიშნეს.
"როდესაც პოლარული რეგიონების მონაცემებს განვიხილავდი, შევამჩნიე, რომ ზოგიერთი სპექტრალური მახასიათებელი და სქემები აპოლოს მისიის დროს დაბალ სიმაღლეზე მოპოვებული ნიმუშებისგან განსხვავდებოდა. დავინტერესდი, შესაძლებელი იყო თუ არა, რომ მთვარეზე წყლისა და ქვის რეაქციები არსებულიყო. თვეების შემდეგ მივხვდი, რომ საქმე ჰემატიტთან გვქონდა", — განაცხადა ლიმ.
ჩნდება კითხვა, თუ საიდან გაჩნდა იგი მთვარეზე. შესაძლოა, ამის პასუხი ჰემატიტის გადანაწილებაში ვიპოვოთ. მისი ადგილმდებარეობა საკმაოდ ზუსტად შეესაბამება წყლის ნაკვალევს, რაც აქამდე მეოტეორიტების მსგავს მომცრო ციურ სხეულებთან შეჯახებებთან იყო დაკავშირებული. მეცნიერებს სჯერათ, რომ წყლის ყინული, შესაძლოა, მთვარის რეგოლითთან იყოს შერეული, ხოლო შეჯახებების დროს ის ამოითხარა და გადნა.
ჰემატიტი ასევე, ძირითადად, მთავრის იმ მხარეს არის, რომელიც მუდმივად დედამიწისკენაა მომართული, რაც მკვლევრების მიხედვით, ძალიან საინტერესოა.
"მთვარის ახლო მხარეზე არსებული უფრო მეტი ჰემატიტი, შესაძლოა, ნიშნავდეს, რომ ეს მოვლენა დედამიწასთანაა დაკავშირებული. ამან იაპონური მისია Kaguya გამახსენა, რომლის დროსაც აღმოჩნდა, რომ დედამიწის ატმოსფეროს ზემოთა ნაწილიდან ჟანგბადი, შესაძლოა, მთვარის ზედაპირზე მზიური ქარის მეშვეობით ხვდებოდეს მაშინ, როდესაც მთვარე დედამიწის მაგნიტურ კუდშია. შესაბამისად, შესაძლებელია, რომ დედამიწის ატმოსფეროს ჟანგბადი ჰემატიტის წარმოქმნაში მონაწილეობდეს", — განაცხადა ლიმ.
სავსე მთვარის დროს ჩვენი თანამგზავრი დედამიწის მაგნიტურ კუდში იმყოფება — ესაა მაგნიტოსფეროს საბოლოო რეგიონი, რომელიც მზისგან მოშორებითაა. ამ დროს მზიური ქარის დაახლოებით 99% დაბლოკილია და მთვარემდე ვერ აღწევს, რაც ნიშნავს, რომ წყალბადი დაჟანგვის პროცესში ბოლომდე არ ქრება.
ამ სამის გაერთიანებით — ცოტა მოლეკულური წყლის, ცოტა ჟანგბადის და ცოტა დროის, რომელიც თვეში ერთხელ ჩნდება — რამდენიმე მილიარდი წლის განმავლობაში, შესაძლოა, რომ მთვარეზე ჰემატიტი წარმოიქმნას. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ეს გამოცანა საბოლოოდ ამოიხსნა.
"საინტერესოა ის, რომ ჰემატიტი მთვარის შორეულ მხარესაც არის, სადაც დედამიწის ჟანგბადი ვერ აღწევს. წყლის ის მცირე ოდენობა, რაც მთვარის შორეულ მხარეს აღმოგვიჩენია, შესაძლოა, ჰემატიტის წარმოქმნაში იყოს ჩართული ", — აღნიშნავს ლი, — "ეს აღმოჩენა მთვარის პოლუსების შესახებ ჩვენს ცოდნას მნიშვნელოვნად შეცვლის. დედამიწას, შესაძლოა, მთვარის ზედაპირის ევოლუციაში მნიშვნელოვანი როლი ეთამაშა".
კვლევა ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები