სიცოცხლის უცნაური ფორმები, შესაძლოა, ვარსკვლავებშიც არსებობდეს — კვლევა
როდესაც მკვლევრები კოსმოსში სიცოცხლის არსებობის მტკიცებულებას ეძებენ, ისინი ძალიან კონკრეტულ რაღაცებს უყურებენ. მეტად ალბათურია, რომ უცხოპლანეტური სიცოცხლე — პრიმიტიული ან მეტ-ნაკლებად განვითარებული — დედამიწისნაირ პლანეტაზე არსებობს, რომელზეც თხევადი წყალია და გარემო ნაკლებად დაუნდობელია.
თუმცა, ზოგი მეცნიერი მიიჩნევს, რომ სიცოცხლე შეიძლება ისეთ ადგილებშიც არსებობდეს, რომელიც დედამიწისგან ძალიან ძალიან განსხვავებულია.
ჩვენს პლანეტაზეც კი მეცნიერები მიკროსკოპულ სიცოცხლეს ძალიან ექსტრემალურ ადგილებში პოულობენ. სიცოცხლის ასეთ ფორმებს ისინი ექსტრემოფილებს უწოდებენ და ზოგი მკვლევარი ვარაუდობს, რომ ექსტრემალური პირობების მოყვარული არსებები კოსმოსშიც არიან — მაგალითად, ვარსკვლავებში (ყოველ შემთხვევაში, ჰიპოთეტურად).
თუმცა იმასაც გააჩნია, სიცოცხლეს როგორ განვმარტავთ. თუ სიცოცხლის მთავარი კრიტერიუმი თვითრეპლიკაცია და ინფორმაციის თაობიდან თაობისთვის გადაცემაა, მაშინ ლუის ანჩორდოქი და იუჯინ ჩუდნოვსკი მიიჩნევენ, რომ მონოპოლი ნაწილაკები, რომლებიც კოსმოსურ სიმებზე არიან "ასხმულები" და ვარსკვლავებში სიცოცხლის საფუძველი შეიძლება იყოს — იგივენაირად, როგორც დედამიწაზე სიცოცხლის საფუძველი რნმ-ი და დნმ-ია.
რნმ-ში ან დნმ-ში შენახული ინფორმაცია თვითრეპლიკაციის მექანიზმს აკოდირებს. სავარაუდოდ, დედამიწაზე დიდი ხნის მანძილზე ასეთი რნმ-ის მოლეკულები სხვადასხვა კომბინაციით შემთხვევით წარმოიქმნებოდა მანამ, სანამ რომელიღაცამ საკუთარი თავის გამრავლება არ შეძლო.
"ჩვენ გვჯერა, რომ კოსმოურ ყელსაბამს ვარსკვლავში მსგავსი პროცესის გამეორება შეუძლია", — ამბობს კვლევის თანაავტორი, ჩუდნოვსკი.
მიჩნეულია, რომ "სიმები" და "მონოპოლები" დიდ აფეთქებასთან ერთად წარმოიქმნა. სიმი ერთ განზომილებიან წრფივ ობიექტებს ეწოდება, ხოლო მონოპოლი ელემენტარულ ნაწილაკს, რომელსაც მხოლოდ ერთი მაგნიტური პოლუსი აქვს.
1988 წელს ჩუდნოვსკიმ და კოლეგებმა ივარაუდეს, რომ კოსმოსურ სიმებს სავარაუდოდ ვარსკვლავები იჭერენ და ტურბულენტური გარემოს გამო წელავენ, რაც სიმთა ქსელს წარმოქმნის. სწორედ ამ ქსელს ეძახიან მეცნეირები ყელსაბამებს.
მკვლევრები ვარაუდობენ, რომ სიმებს, მონოპოლებთან ერთად, ერთი, ორი ან სამგანზომილებიანი სტრუქტურების და ქიმიური კავშირების წარმოქმნა შეუძლიათ. ეს, შესაძლოა, თვითრეპლიკაციის უნარის ქონასაც მოიაზრებდეს, ამ პროცესის ენერგიის წყარო კი ვარსკვლავში მიმდინარე ბირთვული რეაქციები იქნება.
ჩუდნოვსკი მიიჩნევს, რომ მსგავსი საფუძვლის მქონე არსებებს, შესაძლოა, აზროვნების უნარიც კი ჰქონდეთ.
თუ ეს დაშვება სწორია, ასეთი ორგანიზმები ვარსკვლავის ენერგიას გამოიყენებენ და, შესაბამისად, ზოგი ვარსკვლავი, სადაც მსგავსი არსებები ცხოვრობენ, ჩვეულებრივზე უფრო სწრაფად გაცივდება. საინტერესო ისაა, რომ კოსმოსში არსებობენ ვარსკვლავები, რომლებიც ძალიან სწრაფად გრილდებიან და არავინ იცის, რატომ. მაგალითად, ასეთი ვარსკვლავია EPIC 239706694.
ცხადია, ეს ყველაფერი ძალიან სპეკულატიურია. საუბარია უბრალოდ ჰიპოთეტურ შესაძლებლობებზე. თუმცა, მსგავს პოტენციურ სცენარებზე ფიქრი, ამასთან, ერთობ სახალისოცაა.
კვლევა Letters in High Energy Physics-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები