აშშ-ში COVID-19-ის ვაქცინის კვლევისთვის საჭირო მაიმუნების დეფიციტია
COVID-19-ის ვაქცინაზე მომუშავე ამერიკელ მეცნიერებს გზად მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა ეღობებათ: ქვეყანაში პრიმატებზე ჩასატარებელი კვლევებისათვის საჭირო მაიმუნები ფიზიკურად მიუწვდომელია.
სწორედ ამიტომაც, ამერიკული ლაბორატორიების უმეტესობა კვლევის პრეკლინიკურ ეტაპზეა გაჩერებული. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ მაიმუნების გარეშე მათი კვლევები წინ, უბრალოდ, ვერ წავა. პრიმატებზე ექსპერიმენტული ვაქცინის გამოცდა ბოლო ნაბიჯია, რის შემდგომაც იმუნიზაციის პროცესს მოხალისეებზე იწყებენ. პრიმატებისა და ჩვენი იმუნური სისტემა იმდენად ერთმანეთის მსგავსია, რომ ანტისხეულების გასაზომად ორივე შემთხვევაში ზუსტად ერთნაირ ტესტებს იყენებენ. რადგანაც პრიმატები ადამიანებთან ამდენად ახლოს არიან, ვაქცინის ეფექტიანობისა და უსაფრთხოების განსასაზღვრად ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.
მეცნიერებს თავიანთი სატესტო ვაქცინების პირდაპირ ადამიანებზე გაკეთება არ შეუძლიათ — ცხოველური ეტაპის კვლევის პროცესიდან სრულიად ამოღება რისკებს მნიშვნელოვნად ზრდის. აღნიშნული წინააღმდეგობა ვაქცინის შესაქმნელად მოწოდებულ მაღალ ტემპს მნიშვნელოვნად დააგდებს.
კოენ ვან რომპი კალიფორნიის პრიმატთა კვლევის ეროვნული ინსტიტუტის ინფექციური დაავადებების ექსპერტი გახლავთ. მისი თქმით, აღნიშნული დეფიციტის გამო კვლევისთვის საჭირო პრიმატებზე მოთხოვნა საგრძნობლად გაზრდილია. მას ფარმაკოლოგიური კომპანიები ლამის უწყვეტ რეჟიმში უკავშირდებიან.
აღნიშნული დეფიტის მიზეზი გაცილებით უფრო კომპლექსურია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. პანდემიის გამო პრიმატებზე მოთხოვნა საოცრად გაზრდილია, ხოლო აშშ-ში მათი მთავარი იმპორტიორი ჩინეთი გახლდათ. ეს უკანსკენლი აშშ-ის კვლევების 60%-ს ამარაგებდა მაიმუნებით, თუმცა, პანდემიის გამო აღნიშნული საქმიანობა შეჩერებულია. პრიმატების გამრავლება და გაზრდა კი ხანგრძლივი და რთული პროცესია.
2018 წელს ჯანდაცვის ეროვნულ ინსტიტუტში მიდიოდა საუბარი იმაზე, რომ ქვეყანაში "მაიმუნების სტრატეგიული რეზერვი" უნდა შექმნილიყო. ეს იდეა იდეადვე დარჩა და ამ მიმართულებით არაფერი გაკეთებულა. რეტროსპექტული შეფასებით, რამდენადაც სასტიკად უნდა ჟღერდეს, აღნიშნული პროექტი რომ განხორციელებულიყო, დღეს ეს ვაქცინის შექმნისთვის საჭირო დროს მნიშვნელოვნად შეამცირებდა.
კომენტარები