25 მილიონი წლის წინანდელი ნამარხი ჰიბერნაციის კვალს შეიცავს
ჰიბერნაციას ცხოველთა სამყაროში ძალიან დიდი ისტორია აქვს. მეცნიერების მიერ ახლახან აღმოაჩენილი მტკიცებულებით კი, ჰიბერნაციის მსგავსი მდომარეობა ისეთ ცხოველში ფიქსირდება, რომელიც 250 მილიონი წლის წინ, ტრიასულ პერიოდში ცხოვრობდა. ნამარხის ანალიზით გაირკვა, რომ ცხოველი ლისტროზაური იყო — ანტარქტიდაზე მცხოვრები ძუძუმწოვრების შორეული ნათესავი.
ჰიბერნაცია პოლარულ რეგიონებში ან ახლოს მცხოვრები ცხოველებისთვის საკმაოდ დამახასიათებელი თვისებაა, რადგან ზამთარში საკვები მცირეა და სითბოს შენარჩუნების ენერგეტიკული ღირებულება — ძალიან დიდი. ჰიბერნაციის დროს ცხოველები უმოქმედო მდგომარეობაში იმყოფებიან და ისინი გარკვეული დროის განმავლობაში სრულიად არააქტიურები არიან. ტორპორში კი, რომელიც ჰიბერნაციის მსგავსი მდგომარეობაა, ცხოველის მეტაბოლიზმი ეცემა და სხეულის ტემპერატურა და ენერგიის მოთხოვნილება იკლებს.
ახალი მტკიცებულების მიხედვით, ტორპორის ზოგიერთი სახე ხერხემლიანებში დინოზავრებისა და ძუძუმწოვრების გაჩენამდე დიდი ხნით ადრე წარმოიქმნა. ლისტროზაური პერმული პერიოდის ბოლოს მომხდარ დედამიწის უდიდეს გადაშენებამდე ცხოვრობდა. ლისტროზაურის ნამარხები ინდოეთში, ჩინეთში, რუსეთში, აფრიკის ზოგიერთ ნაწილში და ანტარქტიდაზეა შემორჩენილი. ისინი დაახლოებით ღორის ზომისები იყვნენ — 1,8-დან 2,4 მეტრამდე სიგრძისა. მათ კბილები არ გააჩნდათ, თუმცა, სამაგიეროდ, ორი დიდი ეშვი ჰქონდათ, რაც, მეცნიერების აზრით, მიწაში მცენარეული საკვების მოსაპოვებლად და ამოსათხრელად იყო საჭირო.
ეშვები ნამარხის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რადგან ისინი ცხოველის სიცოცხლის ისტორიის დროის კაფსულას წარმოადგენენ. მათი მეშვეობით შესაძლებელი გახდა, გაგვეგო მათი მეტაბოლიზმის, ზრდის, დაავადებების შესახებ.
მკვლევრებმა ეშვების ნაწილები როგორც ანტარქტიდიდან, ასევე სამხრეთ აფრიკიდან მოიპოვეს. ორივე რეგიონის ეშვები მსგავსად იზრდებოდნენ. დენტინის ფენები კი, რომლებიც კონცენტრირებული წრეების ფორმით იზრდებოდნენ, ხის ბეჭდებს ჰგავდნენ. თუმცა ანტარქტიდაზე ნაპოვნი ნამარხის ეშვები ცოტათი განსხვავდებოდნენ: მათ უფრო ახლოს განლაგებული, სქელი ბეჭდები ჰქონდათ. ეს განლაგება წააგავს იმ თანამედროვე ცხოველთა დენტინებს, რომლებსაც ჰიბერნაცია ახასიათებთ.
მტკიცებულება ზუსტი ნამდვილად არ არის, შესაბამისად იმის ზედმიწევნით თქმა, რომ ლისტროზაურები ჰიბერნაციას ან ტორპორს გადიოდნენ, არ შეგვიძლია. თუმცა ეს იმის მტკიცების საშუალებას მაინც იძლევა, რომ ეს პრეისტორიული ცხოველი ცივ რეგიონებში რაღაც ტიპის "ზამთრისეულ შენელებას" განიცდიდა.
"ცივსისხლიანი ცხოველები რთული სეზონების დროს საკუთარ მეტაბოლიზმს ხშირად აჩერებენ. მაგრამ ბევრი თბილსისხლიანი ცხოველი, რომელიც ჰიბერნაციას გადის, ამ პროცესში მეტაბოლიზმს ხელახლა ააქტიურებს. ჩვენი დაკვირვებების მიხედვით, ლისტოზაური ამ მოდელს შესანიშნავად ერგება", — განაცხადა კვლევის ავტორმა მეგან უიტნიმ.
კვლევა ჟურნალ Communications Biology-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები