შესაძლოა, კოსმოსი ობოლი პლანეტებით იყოს სავსე, რომელთა დანახვასაც მალე შევძლებთ
კოსმოსში, შესაძლოა, უამრავი პლანეტა იყოს, რომელსაც სინათლე არასდროს უნახავთ. ეს მისტიკური სხეულები, რომლებსაც ობოლი პლანეტები ეწოდებათ, სხვა პლანეტებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებიან და შესაძლებელია, რომ მათი რაოდენობა ძალიან დიდი იყოს.
ჩვენს სისტემაში დედამიწა და მისი პლანეტური მეგობრები მზის გარშემო ბრუნავენ და მისი სინათლითა და სითბოთი ტკბებიან. აი, ობოლი პლანეტები კი არცერთ ვარსკვლავთან არ არიან დაკავშირებულნი, ისინი უბრალოდ სივრცეში მარტო დახეტიალობენ. ისინი იმდენად შორს არიან ვარსკვლავის სინათლისგან, რომ მათი დანახვა ძალიან რთულია. თუმცა ისინი ჩვენგან დიდხანს ვერ დაიმალებიან.
სამომავლოდ NASA Nancy Grace Roman კოსმოსურ ტელესკოპს გაუშვებს, რომელიც იმაზე 100-ჯერ მეტის დანახვის საშუალებას მოგვცემს, ვიდრე — ცნობილი ჰაბლის ტელესკოპი. ახალი კვლევის მიხედვით კი იგი ასევე ობოლი პლანეტების შესწავლაშიც შეიტანს წვლილს.
"აქამდე რამდენიმე ობოლი პლანეტა აღმოგვიჩენია, თუმცა იმისთვის, რომ სრული სურათი მივიღოთ, ისეთი ხელსაწყოა საჭირო, როგორიც ეს ტელესკოპია", — განაცხადა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა სამსონ ჯონსონმა.
ჩვენ ამ ობოლი პლანეტების წარმოშობის შესახებ ბევრი არაფერი ვიცით. თუმცა არსებობს თეორიები. ერთ-ერთის მიხედვით, ისინი ვარკსვლავების გარშემო წარმოიქმნენ, შემდეგ კი სისტემის გრავიტაციულმა ძალებმა გატყორცნეს.
ასევე, შესაძლოა, რომ ისინი აირებისა და მტვრის ღრუბლების აფეთქების შემდეგ ვარსკვლავების მსგავსად ფორმირებულიყვნენ, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ამ პროცესმა იზოლირებული, მცირე მასის მქონდე პლანეტა წარმოქმნა.
ტელესკოპის გაშვებამდე ჯერ კიდევ რამდენიმე წელია წინ: ამის გაკეთება 2025 წლისთვისაა დაგეგმილი. სწორედ ამ დროს შევძლებთ მსგავსი პლანეტების წარმოქმნის შესახებ საკმარისი ინფორმაციის მოპოვებას. ეს დაახლოებით იმავე დონის აღმოჩენა იქნება, როგორიც პირველი ეგზოპლანეტის პოვნა იყო. ეგზოპლანეტების კვლევა 1990-იან წლებში დაიწყო, ახლა კი ჩვენთვის ათასზე მეტი მათგანია ცნობილი.
"რაც უფრო გაღრმავდა ადამიანების ცოდნა სამყაროზე, მით მეტად გავიაზრეთ, რომ ჩვენი მზის სისტემა, შესაძლოა, უჩვეულო იყოს. ამ ტელესკოპით ობოლი პლანეტების შესწავლა კოსმოსში ჩვენი ადგილისა და როლის უკეთ გააზრებაში დაგვეხმარება", — განაცხადა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა.
კვლევა ჟურნალ The Astronomical Journal-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები