ბაქტერიები კოსმოსს და დედამიწიდან მარსამდე მოგზაურობას უძლებენ
წარმოიდგინეთ ბაქტერიები, რომლებიც პლანეტიდან პლანეტაზე ისე გადაადგილდებიან, როგორც ყავილების მტვერი მინდორში ჰაერის დაბერვისას, რათა ახალ-ახალ პლანეტებზე სიცოცხლე ჩაიტანონ. შეიძლება, რომ სხვადასხვა ციურ სხეულზე სიცოცხლე სწორედ ამ გზით წარმოიშობა? ან, საერთოდ, შეუძლიათ ბაქტერიებს მსგავსი ვრცელი კოსმოსური სივრცეების გადალახვა?
ახალი კვლევის თანახმად, ეს შესაძლებელია და ზოგი იმასაც კი ვარაუდობს, რომ დედამიწაზე სიცოცხლე სწორედ ასე დაიწყო.
ასტრობიოლოგიური მისიის Tanpopo-ს ფარგლებში, მკვლევრებმა ძალიან გამძლე Deniococcus ბაქტერიები შეისწავლეს. დადასტურებულია, რომ ამ გვარის მიკროორგანიზმებმა კოსმოსის ვაკუუმში, ექსტრემალური გამოსხივების და ტემპერატურის პირობებში საერთაშორისო კოსმოსური სადგურის კედლებზე გაძლეს.
მეცნიერები წლებია, პანსპერმიის თეორიაზე დაობენ, რომლის მიხედვითაც, სიცოცხლე დედამიწაზე კი არ დაიწყო, არამედ ის აქ კოსმოსიდან აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ თეორიას უამრავი კრიტიკოსი ჰყავს, ახალი კვლევა მას დამაჯერებლობას მატებს.
Deinococcus ბაქტერიათა კულტურა, რომელიც 0,5 მილიმეტრზე სქელი იყო, კოსმოსში სამი წელი გადარჩა. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ 1 მილიმეტრის სისქის ბაქტერიული გუნდები კოსმოსში, სავარაუდოდ, 8 წელსაც გაძლებენ.
კვლევის თანაავტორი აკიჰიკო იამაგიში ვარაუდობს, რომ რადიორეზისტენტული Deinococcus დედამიწიდან მარსამდე მგზავრობასაც გაუძლებს. ამ დისტანციის დაფარვას რამდენიმე თვე ან წელი სჭირდება.
მკვლევრების თქმით, ამ გვარის ბაქტერიები საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მსგავსი ხომალდის შიგნით, სავარაუდოდ, 15-დან 45 წლის მანძილზე იცოცხლებენ.
შესაძლოა, რომ შესწავლილი ბაქტერიების მსგავსი მიკროორგანიზმების სპორების კულტურა კოსმოსში, ასტეროიდების და მეტეორების მეშვეობით წლების მანძილზე გადაადგილდებიან და ხელსაყრელი პირობების გამოჩენისთანავე აღმოცენებას იწყებენ.
პლანეტებს შორის სიცოცხლის მსგავს გავრცელებას მკვლევრები მასობრივ პანსპერმიას უწოდებენ. შესაძლოა, დედამიწაზე სიცოცხლე სწორედ ასე დაიწყო, თუმცა ეს მოსაზრება ჯერ მხოლოდ სპეკულაციაა.
კვლევა Frontiers in Microbiology-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები