რუსეთის 40 000 მოქალაქე სულ მალე ტესტგაუვლელი ვაქცინით აიცრება
მომავალი კვირიდან 40 ათასი მოხალისე კორონავირუსის საწინააღმდეგო იმ ვაქცინით აიცრება, რომელიც ცოტა ხნის წინ რუსეთის მთავრობამ მასობრივად გამოყენებისთვის ვარგისად ცნო.
Sputnik V-ის სახელით ცნობილი ეს ვაქცინა, პლაცებოსთან ერთად, კლინიკური ცდის ფარგლებში შემთხვევითობის პრინციპით გადაუნაწილდებათ მოხალისეებს. მსგავსი ფართომასშტაბიანი ექსპერიმენტები აუცილებელია ნებისმიერი ვაქცინის თუ მედიკამენტის უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის დასამტკიცებლად — თუმცა, როგორც წესი, ეს პროცესი იქამდე ხორციელებდა, სანამ ვაქცინის გამოსადეგარობის შესახებ ოფიციალურად და ზარზეიმით განაცხადებდნენ.
ის ფაქტი, რომ რუსეთი ვაქცინის შემუშავებისას რეკომენდირებულ საფეხურებს თანმიმდევრულად არ მიყვება, მრავალი ექსპერტის დაეჭვებას იწვევს. ექიმებმა Sputnik V კლინიკური ცდების სამი ფაზიდან მხოლოდ პირველი ფაზით გათვალისწინებული მეთოდით გამოსცადეს და არც ამ მცირემასშტაბიანი ექსპერიმენტების მონაცემები გაუსაჯაროებიათ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) ცდილობს, რომ რუსეთის მთავრობისგან ამ ადრეული ფაზის შესახებ რაიმე სახის ინფორმაცია მოიპოვოს, თუმცა უშედეგოდ. ეს თავისთავად იმას არ ნიშნავს, რომ ვაქცინა ისე ეფექტიანად არ მუშაობს, როგორც ამას რუსეთის მთავრობა წარმოაჩენს — თუმცა ამის დამადასტურებელი მონაცემები რომ საჯაროდ ხელმისაწვდომი არაა, ესეც ფაქტია.
ამის მიუხედავად, რუსეთის მთავრობის ოფიციალური პირები თამამ განცხადებებს ნამდვილად არ ერიდებიან.
"მე ვიცი, რომ ვაქცინა დადასტურებულად ეფექტიანია და ორგანიზმს სტაბილურ იმუნიტეტს გამოუმუშავებს", — განაცხადა ვლადიმერ პუტინმა ამ თვის დასაწყისში, — "ჩვენ მადლიერები უნდა ვიყოთ მათი, ვინც ჩვენი ქვეყნისა და მსოფლიოსთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი გადადგეს".
თუმცა მეცნიერულად დადასტურებული მონაცემების გარეშე ჯანდაცვის საერთაშორისო საზოგადეობა ვაქცინისადმი უნდობლადაა განწყობილი.
"ვაქცინის შემუშავებისას არსებითად მნიშვნელოვანია, რომ უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის ხარჯზე არ მოვიგოთ დრო", — განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ქეთრინ სმოლვუდმა.
კომენტარები