საქართველოს პატრიოტთა ალიანსის წევრს, დავით თარხან-მოურავს, აჭარის უმაღლეს საბჭოში უფლებამოსილება 15 დეკემბერს შეუწყდა. უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ მან თავად მიმართა უმაღლეს საბჭოს. კანონით, მის ნაცვლად უმაღლეს საბჭოში პარტიული სიის მეორე ნომერი - ტელეკომპანია "იბერიას" 70%-იანი წილის მფლობელი ზაზა ოქუაშვილი შევა.

პატრიოტთა ალიანსის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას ხმა აჭარის უმაღლესი საბჭოს 16-მა დეპუტატმა დაუჭირა, 2 კი წინააღმდეგი აღმოჩნდა. წინააღმდეგი ქართული ოცნების სიით გასული - ცოტნე ანანიძე და ნაციონალური მოძრაობის წევრი - გია აბულაძე იყვნენ.

დავით თარხან-მოურავმა უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საარჩევნო კომისიას (უსკო) 28 ნოემბერს, აჭარის უმაღლეს საბჭოს კი - 30 ნოემბერს მიმართა. ის უმაღლეს საბჭოში, პარტიული სიით, 2016 წელს გამართული არჩევნებით მოხვდა. მის გარდა უმაღლეს საბჭოში „დემოკრატიული მოძრაობისა“ -1 , „ნაციონალური მოძრაობის“ 5 წევრი და „ქართული ოცნების“ - 14 წარმომადგენელი მოხვდა.