ჩანთაზე შესაძლო დნმ-ის არსებობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მიმდინარეობს შესაბამისი საექსპერტო კვლევები. მისი თქმით, კონკრეტულად ვისთან ჰქონდა ამ ჩანთას შემხებლობა, ან რომელმა პირმა მოათავსა ის იმ ადგილზე, სადაც აღმოაჩინეს, ცნობილი იქნება მას შემდეგ, რაც დასრულდება საექსპერტო კვლევები.

"მოცემულ საქმეზე დანიშნულია 100-ზე მეტი საექსპერტო კვლევა, რაც არ არის გამოძიების მიერ გადასაწყვეტი საკითხი. ამას სჭირდება სპეციალური ცოდნა და ბუნებრივია, ექსპერტები მუშაობენ ამ საექსპერტო კვლევებზე. ბუნებრივია, არსებობს საზოგადოების ინტერესი, თუმცა მხედველობაში უნდა მივიღოთ ის მოცემულობა, რომ გამოძიება არის პროცესი, რომელსაც სჭირდება გარკვეული დრო. საექსპერტო კვლევა არის ისეთი პროცედურა, რომლის დაჩქარება, თეორიულადაც კი შეუძლიებელია. ამიტომ, გამოძიებას გარკვეულ შემთხვევებში საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე სჭირდება გარკვეული ვადები, რათა კონკრეტულ შემთხვევებზე გაეცეს პასუხი", — აცხადებს გენერალური პროკურატურა.

პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილს თავდამსხმელებმა სცემეს და მდინარეში გადააგდეს.

უწყებაში ამბობენ, რომ გიორგი შაქარაშვილს და ვახტანგ ახვლედიანს დაედევნენ ვახტანგ ჩიქოვანი და არასრულწლოვნები: ა. ქ. და ზ.ხ., ხოლო არჩილ გაგნიძემ და ნიკოლოზ რევაზიშვილმა, რომლებიც იმყოფებოდნენ აღმოსავლეთის მიმართულების საავტომობილო გზის მხარეს, განაგრძეს სირბილი გზის მარცხენა მხარეს არსებულ მეორეხარისხოვან გზაზე იმ მიზნით, რომ პირისპირ დახვედროდნენ იმავე გზაზე საპირისპირო მხრიდან გამოქცეულ პირებს და გზა გადაეღობათ მათთვის.

პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ ხუთ ადამიანს ბრალი დაუმძიმა. ვახტანგ ჩიქოვანს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არჩილ გაგნიძესა და არასრულწლოვნებს: ზ.ხ.-და და ა.ქ.-ს გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას ედავება.