კლიმატის ექსპერტთა ჯგუფის თქმით, ვენეციას ჩაძირვა უნდა ვაცალოთ
რამხელა ძალისხმევის გაწევაა გამართლებული ისტორიულ მემკვიდრეობათა შესანარჩუნებლად მაშინ, როცა ჩვენ გარშემო სამყარო სწრაფი ტემპებით იცვლება?
სწორედ მსგავსი კითხვა დაისვა ჟურნალ Climate Change-ში ახლახან გამოქვეყნებულ სტატიაში, სადაც ნათქვამია, რომ რადგან ვენეციის მსგავსი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნება სულ უფრო მეტ რესურსს ითხოვს, უმჯობესია, მათ ბუნებრივად "ტრანსფორმაციის" უფლება მივცეთ.
ისტორიულად, ძეგლთა დაცვის მიზნით გაწეული ძალისხმევის მიზანი მათი პირვანდელ მდგომარებაში შენარჩუნებაა. მაგრამ კლიმატის ცვლილებათა პარალელურად, კონსერვაციონისტები და მკვლევრები სულ უფრო ხშირად აღნიშნავენ, რომ ამ ცვლილებებისთვის ფეხის აყოლის მცდელობის ნაცვლად, შესაძლოა, მეტად რეალისტური სამოქმედო გეგმის დასახვა იყოს მართებული.
სტატიაში ექსპერტები აღნიშნავენ, რომ შესაძლოა უმჯობესია, ის მემკვიდრეობის ძეგლები, რომლებზეც კლიმატის ცვლილებები "მწვავედ აისახება", დაზიანებულნი დავტოვოთ, როგორც ამ დაზიანებათა გამომწვევი მოვლენის ფიზიკური გამოხატულება, რაც, თავის მხრივ, საზოგადოებაში დანაკარგის გარშემო დიალოგის წამოწყებას შეუწყობს ხელს.
სტატიის ავტორები, იუჯინ ჯო და ერინ სიკამპი, მსგავსი ძეგლების ახლებურ კატეგორიზაციას გვთავაზობენ: "მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები კლიმატურ ტრანსფორმაციაში". მათი თქმით, ეს განსაზღვრება რისკის ქვეშ მყოფი ძეგლების იდენტიფიცირებას და რესურსების მოზიდვას შეუწყობს ხელს. ცვლილების აღკვეთის მცდელობათა ნაცვლად, ეს განსაზღვრება ძეგლებს საშუალებას მისცემს, თავიანთ და გარემოს სასიკეთოდ გარდაიქმნან, — აღნიშნავენ ექსპერტები.
"ჩვენ ამით იმას არ ვამბობთ, რომ ამ ტერიტორიებზე მშენებლობა ან ტურიზმი უნდა წახალისდეს", — ურთავს სიკამპი, — "ჩვენ მხოლოდ გთავაზობთ, რომ შევქმნათ ახალი კატეგორიზაცია და ვიფიქროთ ამ ადგილების არა დაჟინებულ ადაპტაციაზე, არამედ ტრანსფორმაციულ ადაპტაციაზე. ეს მიდგომა ალტერნატიულ სამოქმედო გეგმებზე დაფიქრების საშუალებას მოგცვემს".
კომენტარები