თანამედროვე ადამიანების დნმ უცნობი წინაპრის ნაკვალევს შეიცავს
ზოგიერთი ადამიანი იმ უცნობ ადამიანისებრთა გენებს ჯერ კიდევ ატარებს, რომლებსაც ოდესღაც ჩვენი უძველესი წინაპრები შეერივნენ.
ადამიანისებრთა საგვარეულო ნუსხა ნამდვილად ქაოტურია. ცნობილია, რომ ჰომო საპიენსები, ნეანდერტალელები და დენისოველები ერთმანეთან ხშირად ჯვარდებოდნენ. თანამედროვე ევროპელებისა და აღმოსავლეთ აზიის მაცხოვრებლების 3% ნეანდერტალელების გენებს ატარებს.
ხოლო ახალი კვლევის მიხედვით, შესაძლოა, ამ სამეულის გარდა კიდევ ერთი ჯგუფი არსებობდეს, რომელიც დანარჩენებთან აქტიურად იყო დაკავშირებული. მკვლევრებმა დაადგინეს, რომ დენისოველების გენომის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენთვის უცნობ და უფრო შორეულ ნათესავებს ეკუთვნის.
კორნელის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ორი ნეანდერტალელის, ერთი დენისოველისა და ორი აფრიკელი ადამიანის გენომი ახალი ალგორითმის მეშვეობით შეისწავლეს. მათ დაადგინეს, რომ ნეანდერტალელთა გენომის დაახლოებით 3% უძველესი ადამიანებიდან მოდის, რომლებიც მათთან 200 ათასიდან 300 ათასამდე წლის წინ შეჯვარდნენ. ასევე, დადგინდა, რომ დენისოვანთა გენომის 1% ჩვენთვის უცნობ, შორეულ ნათესავს ეკუთვნის.
მკვლევრებმა ზუსტად არ იციან, თუ ვინ იყო ეს წინაპარი, მაგრამ ვარაუდობენ, რომ იგი, შესაძლოა, ჰომო ერექტუსი ყოფილიყო, რომელიც ადამიანის შორეული ნათესავია. ეს სახეობა ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც აფრიკა დატოვა და სამხრეთ აზიამდე და დასავლეთ ევროპამდე მიაღწია.
ეს ჯერჯერობით მხოლოდ ვარაუდია, მკვლევრებს ჯერ საიდუმლოებებით მოცული გენომი არ შეუსწავლიათ და იმის დამტკიცება, რომ იგი ნამდვილად ჰომო ერექტუსია, ამჟამად შეუძლებელია.
"ჩემი აზრით, ამ ამბავში ყველაზე აღმაფრთოვანებელი ისაა, რომ იგი გვაჩვენებს, თანამედროვე და უძველესი ადამიანის გენომის ერთმანეთთან შედარებით რამდენი რამის სწავლაა შესაძლებელი ადამიანების წინაპრების ისტორიის შესახებ. ეს ახალი ალგორითმი კი ამ ყველაფრის შესაძლებლობას გვაძლევს", — განაცხადა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა ადამ სიეპელმა.
კომენტარები