მათ, ვინც COVID-19 გადაიტანეს, ხშირად ფსიქიკური აშლილობები უვითარდებათ
ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღე უფრო და უფრო მეტს ვიგებთ. როგორც ირკვევა, მისი გვერდითი ეფექტები იმაზე სერიოზულია, ვიდრე თავდაპირველად გვეგონა.
ფართო კვლევის ფარგლებში, ექიმებმა შენიშნეს, რომ ინფექციაგამოვლილი პაციენტების 55%-ს, როგორც მინიმუმ, ერთი ფსიქიკური აშლილობა აღმოაჩნდათ. შედეგების თანახმად, COVID-19-ის გადატანის შემდეგ პაციენტების 28%-ს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, 31%-ს დეპრესია და 42%-ს შფოთვა აღენიშნებათ. ხშირად პაციენტებს ერთდროულად რამდენიმე აშლილობა აქვთ.
კვლევის მიხედვით ისიც დგინდება, რომ ვირუსის გადატანის შემდეგ ადამიანთა 40%-ს უძილობა აწუხებს.
ბოლო დროს ექიმები COVID-19-თან ასოცირებულ ფსიქოლოგიურ პრობლემებს ინტენსიურად იკვლევენ. ისიც აღსანიშნავია, რომ თანამედროვე მედიცინაში ანთებას და ფსიქიკურ აშლილობას შორის მნიშვნელოვანი კავშირი დგინდება.
COVID-19-ის მქონე პაციენტებში დეპრესიის და შფოთვის უფრო დეტალური შესწავლა, შესაძლოა, ფსიქიკური აშლილობების და ანთებას შორის არსებული კავშირის გაგებაში დაგვეხმაროს, რადგან COVID-19, პირველ რიგში, ანთებითი დაავადებაა.
კვლევით, რომლის ფარგლებშიც 265 კაცი და 137 ქალი იყო შესწავლილი, ირკვევა, რომ ვირუსის გადატანის შემდეგ უფრო მძიმე ფსიქოლოგიური პრობლემები ქალებში გვხვდება. კვლევის თანაავტორის, ექიმი მარიო გენარო მაზას თქმით, ინფექციურ დაავადებებს ფსიქოლოგიური პრობლემები ხშირად ახლავს და ახალი კვლევა ამას ადასტურებს: "შესაძლოა, რომ ფსიქიატრიული შედეგები იმუნურმა პასუხმა გამოიწვია, ან — სოციალურ იზოლაციასთან ასოცირებულმა ფსიქოლოგიურმა წნეხმა", — აღნიშნა მან.
კომენტარები