ოკუპაციის პირისპირ — ზაზა გახელაძე და ირმა ბუთხუზი
33 წლის ზაზა გახელაძე რუსმა ოკუპანტებმა 11 ივლისს, კასპიდან გაიტაცეს და თან ფეხში დაჭრეს. სამწუხაროდ, იგი არაა პირველი ვინც სოფლიდან წაუყვანიათ, მაგრამ, ალბათ, პირველია ვისაც აქ რუსი "მესაზღვრის" ტყვია მოხვდა. ზაზა ახლა ცხინვალის ციხეშია. ოჯახი მის დაბრუნებას ყოველ დღე ელოდება.
ერთ დღეში ქვემო ჭალაში წასვლა და თან უკან დაბრუნება ბუნდოვნად გვესახებოდა. თუმცა თბილისიდან სულ რაღაც 40 წუთში ჩავედით. მანქანით კიდევ შვიდი წუთი რომ გვევლო, საოკუპაციო ხაზთან აღმოვჩნდებოდით და ალბათ, რუსი სამხედროების ნახვაც მოგვიწევდა.
გახელაძეების სახლი მიკროავტობუსის მძღოლმა მიგვასწავლა. მანამდე მოგვიყვა, ზაზა გახელაძის დაკავებაზე მედიაში არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს სოფელთან ახლოს არსებულ ერთ-ერთ ციხესთან დააკავეს და ამის შემდეგ აქ ტურიტების რაოდენობამ იკლოო.
სახლში ზაზა გახელაძის დედა, ცოლი და ორი შვილი დაგხვდნენ — 11 წლის ანანო და 8 წლის მარიამი. ზაზას მამა არ გვინახავს.
"ვცხოვრობთ ჩვეულებრივი ცხოვრებით, როგორც შეეფერება გლეხებს. მუშაობს ზაზა. ბევრი სამსახური გამოიცვალა, მაგრამ ამჟამად სოფელში არის საწარმო გახსნილი და იქ მუშაობს... მუშაობდა", — გვეუბნება ზაზას ცოლი, ირმა.
გვიყვება, რომ მისი ქმარი სახლიდან მეგობართან ერთად დილით გავიდა, თან ძაღლიც წაიყვანა. ზაზას ნადირობა უყვარს, იმ დღეს კი ძაღლის გასეირნება უნდოდა, რომელსაც ლეკვები ახალგაჩენილი ჰყავდა, თან ნაწვიმარზე სოკოს მოკრეფასაც აპირებდა.
უკვე პირველის ნახევარზე ოჯახმა შეიტყო, რომ გაიტაცეს.
"ჯერ მომწერა ესემესი, ბავშვს ვფიცავარ, დამაკავესო. მერე იყო ზარი მისი ნომრიდან და მითხრა, არ შეგეშინდეთ, დამაკავეს, კარგად ვარ, ჩემზე არ იდარდოთო. სავარაუდოდ, იყო ისევ ახალგორში. ბუნება ლამაზი არის ძალიანო. ელაპარაკა ბავშვსაც, დედასაც, მოიკითხა ოჯახი და გამხნევება გვისურვა. იმის მერე კონტაქტი არ გვქონია".
სოფელთან არის მინდვრები, სადაც არც ნიშნულები, არც მავთულხლართები და არც ბანერებია. რაც სოფლის მაცხოვრებლებმა იციან, ისაა, რომ არის გზა, სადაც მისვლა არ შეუძლიათ. როგორც ირმა ამბობს, ზაზა საოკუპაციო ხაზისგან შორს, მინდორში დააკავეს, სადაც გადასვლა ყველას შეეძლო, მათ შორის მწყემსებსაც, რადგან იქ საძოვრებია და საქონელი დაჰყავთ.
ქმრის დაკავების შესახებ დეტალური ინფორმაცია არ აქვს, მიუხედავად იმისა, რომ მას თან მეგობარი ახლდა. რაც იცის ისაა, რომ ძაღლი გაექცა და მას გაეკიდა.
რამდენიმე წლის წინ რუს ოკუპანტებს გახელაძეების მეზობელი ჰყავდათ დატყვევებული, თუმცა ის სამ-ოთხ დღეში, ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.
"საფრთხეში ვართ და ეს ყველამ ვიცით. მაგრამ მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტიაო, ზუსტად ჩვენზეა ნათქვამი, ვინც ოკუპირებულ ზონასთან ახლოს ვცხოვრობთ. ისევ ვაგრძელებთ ჩვეულებრივ ცხოვრებას, ხან გაცინებულები, ხან ატირებულები და ვუძლებთ ყველაფერს", — ამბობს ირმა.
ზაზასთან კავშირზე გასასვლელად მათი იმედი ახლა წითელი ჯვარია. წერილი უკვე ორჯერ დაიწერა, თუმცა პროცესი იწელება. მიზეზი ჯერ კარანტინი იყო, ახლა კი უბრალოდ არ იციან, რა დრო დასჭირდებათ მის სანახავად.
როგორც მთავრობის წარმომადგენლებმა შეატყობინეს, ახლა ზაზა კარანტინიდან წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.
"გართულებები რომ ჰქონოდა, დატოვებდნენ საავადმყოფოშიო და გააგრძელებდნენ მკურნალობას, თუმცა იზოლატორში ყოფნის დროსაც ზაზას ჯანმრთელობაზე ისედაც ზრუნავენ, უხვევენ ფეხს, შედიან მედიკოსები. ამ ყველაფერზე ყოველდღიურად ინფორმაციას გვაწვდის ირაკლი ანთიძე".
სასამართლოს იმედი აქვთ და მოლოდინიც შესაბამისია. ოჯახს დამატებით ადვოკატის აყვანაც არ შეუძლია, რადგან ადვოკატმა ცხინვალში ჩასვლისას კარანტინი უნდა გაიაროს. ვარაუდობენ, რომ ზაზას სახაზინო ადვოკატი ეყოლება.
"მძიმეა ჩვენთვის, არამარტო ჩვენთვის, ბავშვებისთვისაც. კატასტროფა დღეებია ესენი. 23 დღეა ვცხოვრობთ ჯოჯოხეთში. ბავშვები ძალიან განიცდიან. პირველ დღეებში არც საჭმელი უჭამიათ, არც კომუნიკაცია ჰქონდათ საერთოდ ადამიანებთან, ბავშვებთან, მეგობრებთან. იყვნენ ჩაკეტილები, მაგრამ რა ვიცი... მიეჩვივნენ, ნელ-ნელა გამოვიდნენ, მაგრამ დღე არ გავა და საათი არ გავა, რომ მამაზე მაგათ არაფერი არ თქვან. ვიძახდით, რომ 25-ში გასდის კარანტინი. ესენი ფიქრობდნენ, რომ, ალბათ, კარანტინის მერე გამოუშვებდნენ და ბებიამისი მიიყვანეს კალენდართან, დღეს ხომ 26-ია და რატო არ გამოუშვესო".
გარდა იმისა, რომ ოკუპაციამ ქმარი დაუტყვევა, აგვისტოს ომის ჩრდილმა მის თავზეც გადაიარა. ირმა წარმოშობით კასპიდანაა და 2008 წელს, როცა ქალაქი დაიბომბა, ორსულ დასთან და პატარა დისშვილთან ერთად ახალგორში წავიდა, საიდანაც მისი დის ქმარია წარმოშობით. ეგონათ, რომ იქ უფრო დაცულად იქნებოდნენ, თუმცა, როგორც იხსენებს, უარესი სიტუაცია დახვდათ.
"იქ დაგვხვდა ტანკების შემოსვლის ხმა. ისეთი ხეობა იყო, რომ ყველაფერი ისმოდა. ყველანაირად იგებ ყველაფერს. თუნდაც ის ავტომატების ხმა, ტანკების შემოსვლა, როგორ იკავებდნენ პოზიციებს და ბოლოს თქვეს, რომ, ვისაც წასვლა უნდა, უნდა წავიდეს. მანამდე ჩვენ არ შეგვეძლო წამოსვლა არც იქიდან. ახალგორი რომ დავტოვეთ, უკვე პოსტები ჰქონდათ ჩაბარებული, რუსები იდგნენ".
მიუხედავად ყველაფრისა, სახლის დატოვებასა და სხვაგან გადაცხოვრებაზე არასდროს უფიქრია.
"ეს ბავშვების მოგონებებია, თუნდაც ზაზასი, რომელსაც პატივი უნდა ვცე. მე აქედან რატომ უნდა წავიდე? რომ ჩამოვიდნენ და სახლის წინ იდგნენ, რატომ უნდა წავიდე? ეს ჩემი სახლია.
ახალგორი ჩვენი არ არის, მაგრამ ჩვენია. იქნებ მოვიდეს დრო და ისევ საქართველო გამთლიანდეს. მერე სად წავიდე? რა ვუთხრა ბავშვებს? შეგვეშინდა და მაგიტო წავედით აქედანო? მშიშარა დედ-მამა რად უნდათ? ძლიერები უნდა ვიყოთ ჩვენ, უფროსები, რომ ბავშვებს შიში არ დავანახოთ. მიუხედავად ამისა, შიშში ვცხოვრობთ..."
სახლის მეორე სართულიდან ჩამოსვლისას ორი პატარა ლეკვი დაგვხვდა.
"ზაზა რომ წავიდა, სულ პატარები იყვნენ, ახლა რამხელები გაიზარდნენ. ამათი დედა იყო ზაზასთან ერთად. ძაღლი საღამოს მოვიდა სახლში", — გვიყვება ირმა.
ლურჯი ჭიშკრის კარი გამოვიხურეთ, იქვე სკამზე დავსხედით და მიკროავტობუსს დაველოდეთ. თბილისში ისევ 40 წუთში დავბრუნდით.
კომენტარები