შუა პანდემიაში ტექგიგანტების შემოსავალი თვალშისაცემად გაიზარდა
კონგრესმა 29 ივლისს ოთხი ტექგიგანტის — ამაზონის, გუგლის, ფეისბუქის და ეფლის — ანტიმონოპოლური მოსმენა გამართა, რათა დაედგინა, ზედმეტად ხომ არ გაიზარდა მათი ძალაუფლება. მოსმენიდან მეორე დღესვე კი ამ ოთხი კომპანიიდან სამის შემოსავალმა კიდევ უფრო იმატა.
როგორც ჩანს, ახალი კორონავირუსი ტექკორპორაციების წისქვილზე ასხამს წყალს. მოსმენაში მონაწილე ოთხმა კომპანიამ მხოლოდ სამი თვის განმავლობაში ერთობლივად $28.6 მილიარდის მოგება ნახა.
იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოს მოსახლეობა პანდემიის გამო სახლებში გამოიკეტა, სულაც არაა გასაკვირი, რომ ტექნოლოგიების გამოყენებაზე მოთხოვნა გაიზარდა. გარდა იმისა, რომ მრავალი დისტანციურად მუშაობაზე გადავიდა, ხალხი ციფრულ სამყაროს გასართობადაც აკითხავს. ამაში დასარწმუნებლად იუთუბის ვიდეოების ნახვებისთვის თვალის შევლებაც საკმარისია. მიუხედავად იმისა, რომ ამ პლატფორმაზე რეკლამიდან შემოსული თანხის ოდენობა საგრძნობლად დაეცა, იუთუბის წლიური შემოსავალი წინა წლის $3.6 მილიარდიდან $3.8 მილიარდამდე გაიზარდა.
ფეისბუქის — რომლის ბიზნესიც მეტწილად ასევე რეკლამებზეა დამოკიდებული — წლიური შემოსავალიც გაიზარდა და $18.7 მილიარდი შეადგინა. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ რამდენიმე კომპანიამ პლატფორმას საჯაროდ გამოუცხადა ბოიკოტი, ამგვარი ზრდის მიზეზი სოციალურ ქსელში მომხმარებლების მიერ გატარებული დროის მატება უნდა იყოს
რაც შეეხება ამაზონს — მაშინ, როცა მოსახლეობა სახლში ზის და შეკვეთის სერვისს გაცილებით ხშირად იყენებს, მან შემოსავლის გაორმაგებაც კი მოახერხა. ამ სამ თვეში კომპანიამ $5.2 მილიარდი გამოიმუშავა (გასულ წელს ეს რიცხვი $2.6 მილიარდი იყო).
ეფლმაც უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში $11.25 მილიარდის მოგება ნახა. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია იძულებული გახდა, თავისი მაღაზიების ნაწილი დაეკეტა, როგორც ჩანს, ადამიანებმა ახალი ელექტრომოწყობილობების ყიდვა თავის შექცევის კარგ საშუალებად მიიჩნიეს.
ამასობაში კი აშშ-ის ზოგადი ეკონომიკა ნამდვილად არაა სახარბიელო მდგომარეობაში: უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში მან გასულ წელთან შედარებით 32%-ით იკლო. ეს ერთობ სავალალო რეკორდული მაჩვენებელია, რადგან უკანასკნელი 70 წლის განმავლობაში მოკლე პერიოდში ასეთი სწრაფი ვარდნა ქვეყნის ეკონომიკას არ განუცდია.
ისიც ხაზგასასმელია, რომ ტექკომპანიებმა COVID-19-ის პანდემიის საპასუხო ნაბიჯები ოპერატიულად გადადგეს და სიტუაციის გათვალისწინებას დღემდე აგრძელებენ. მაგალითად, გუგლმა 27 ივლისს განაცხადა, რომ 2021 წლის ივნისის ბოლომდე მისცემს თავის თანამშრომლებს სახლიდან მუშაობის უფლებას; ფეისბუქმა მაისში აღნიშნა, რომ მუდმივად დისტანციურად მომუშავე პერსონალის გაზრდას აპირებს; ეფლის თანამშრომელთა უმრავლესობა კი 2021 წლამდე სახლიდან შეძლებს მუშაობას.
ყველა ამ ფაქტის გათვალისწინებით, ტექგიგანტებისადმი საზოგადოების დამოკიდებულება ერთობ პარადოქსულია: მაშინ, როცა სულ უფრო მეტი ადამიანი ხდება დამოკიდებული ამ კომპანიების მიერ შეთავაზებულ სერვისებზე, პარალელურად იზრდება მათდამი უნდობლობაც, რისი ნათელი მაგალითიც კონგრესის გამოძიებაა.
შეგახსენებთ, რომ, მართალია, კონგრესს არ აქვს იმის ძალაუფლება, რომ პირდაპირ ჩაერიოს ტექნოლოგიური გიგანტების საქმიანობაში, მას შეუძლია შექმნას კანონმდებლობა, რომლის მიზანიც ამ სექტორის რეგულაცია იქნება. ოთხი კორპორაციის გამოძიების მიზანიც სწორედ ისეთი საერთო დარღვევებისა და ტენდენციების გამოკვეთაა, როგორებიც მომავალში სარეგულაციო რეფორმის საფუძველი შეიძლება გახდეს.
კომენტარები