"ზოგჯერ, ადამიანების გარდაცვალების შემდეგ, მათი სახის გამომეტყველება იმდენად შეუცვლელი რჩება, რომ იფიქრებთ, უბრალოდ, სძინავთო. თუმცა, ჩემს ერთ-ერთ ნათესავს, რომელიც აღსასრულამდე საათების განმავლობაში იტანჯებოდა ტკივილებით და სამედიცინო მომსახურებაზე ხელი არ მიუწვდებოდა, გაბრწყინებული და აღტაცებული სახე ჰქონდა. ეს ყველაფერი ათწლეულებია, მაფიქრებს: შესაძლებელია თუ არა, რომ სიცოცხლის უკანასკნელი წუთები აღმაფრთოვანებელი იყოს. შეიძლება, რომ სიკვდილი ენდორფინების ზღვას ათავისუფლებდეს, რომელსაც ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი აქვს?" — გორანი, 77 წლის, ჰელსინგბორგი, შვედეთი.

პოეტი დილან თომასი მრავალ საინტერესო რამეს ამბობს სიკვდილზე, რომელთაგან განსაკუთრებით შთამბეჭდავი აზრის ამოკითხვა მის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ლექსში შეიძლება:

შენ, მამაჩემო, ამაო სასოწარკვეთის პირას,
ნუ დაიშურებ შმაგი ცრემლებით კრულვას და წირვას.
ნუ შეერწყმები შენი სურვილით ღამის ავ წყვდიადს.
და მედგრად უდექ არსი სინათლის მქრობელ ქარ-ნიავს.

ვარაუდობენ, რომ სიცოცხლე უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ებრძვის სიკვდილს. მაგრამ, იქნებ, მასთან უბრძოლველად დანებება და სიხარულით შეხვედრაც შესაძლებელია?

პალიატიური მზრუნველობის სპეციალისტების თქმით, გარდაცვალებამდე ორი კვირით ადრე რაღაც მნიშვნელოვანი ხდება. ამ დროის განმავლობაში ადამიანების მდგომარეობა ნაკლებად იცვლება უკეთესობისკენ. ჩვეულებრივ, მათ სიარული უჭირთ და მეტწილად, რულმორეულნი ხდებიან — ფხიზლად უფრო და უფრო ცოტა დროს ატარებენ. სიცოცხლის ბოლო დღეებში მათ აბების, საკვების და სასმლის მიღებაც კი უჭირთ.

ამ დროს ვამბობთ, რომ სულთმობრძავი "აქტიური სიკვდილის" სტადიაშია და ვფიქრობთ, რომ სიკვდილამდე მათ ორი თუ სამი დღეღა აშორებთ. ზოგიერთი ადამიანისთვის ეს სტადია მხოლოდ ერთ დღეს გასტანს ხოლმე, ზოგ შემთხვევაში კი კულმინაციური მომენტის დადგომამდე მთელი კვირაა, რაც განსაკუთრებით სტრესული და ნაღვლიანი ოჯახის წევრებისთვისაა. ამრიგად, ყოველი ადამიანის თავს ყველაფერი სხვადასხვანაირად ხდება, ჩვენ კი ამის წინასწარმეტყველება არ შეგვიძლია.

უშუალოდ სიკვდილის მომენტის გაგება მეტად რთულია. თუმცა, გამოუქვეყნებელი კვლევის თანახმად, რაც უფრო უახლოვდება ადამიანი აღსასრულს, მით უფრო იზრდება სტრესთან ასოცირებული ნივთიერების რაოდენობა მის სხეულში. იმ ადამიანების ორგანიზმში, რომელთაც სიმსივნე აქვთ — და, შესაძლოა, სხვა შემთხვევებშიც — ანთების მარკერები იზრდება. ეს ნივთიერება მაშინ გამოიყოფა, როცა ორგანიზმი ინფექციას ებრძვის.

გორანის ვარაუდის თანახმად, შესაძლებელია, სიკვდილამდე ადამიანის სხეულში ენდორფინიც გამოიყოფოდეს. თუმცა, რადგან ამის შესაძლებლობა არავის უკვლევია, რაიმეს დანამდვილებით თქმა რთულია. მიუხედავად ამისა, 2011 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სეროტონინის რაოდენობა, რომელიც აგრეთვე მიჩნეულია ბედნიერების ჰორმონად, ექვსი ვირთხის ტვინში სიკვდილის წინა პერიოდში გასამმაგდა. ვერ გამოვრიცხავთ, რომ რაღაც მსგავსი ადამიანებშიც ხდება.

მეთოდი, რომელიც ენდორფინის და სეროტონინის რაოდენობას ზომავს, არსებობს. ამისდა მიუხედავად, ანალიზის, განსაკუთრებით კი — სისხლის ანალიზის რამდენჯერმე აღება იმ ადამიანისგან, რომელსაც სიკვდილამდე საათებიღა აშორებს, არცთუ მარტივი პროცედურაა. ამგვარი კვლევისთვის დაფინანსების მოპოვებაც არაა ადვილი. მაგალითისთვის, გაერთიანებულ სამეფოში 2015-2016 წლებში სიმსივნის კვლევისათვის 580 მილიონი ფუნტი გამოიყო, მაშინ როცა, პალიატიური მზრუნველობისთვის 2 მილიონ ფუნტზე ნაკლები იყო განკუთვნილი.

არ არსებობს მტკიცებულება, რომ ისეთი ტკივილგამაყუჩებელი, როგორიც მორფინია, ხელს შეუშლის ენდორფინის გამოყოფას. თან, ტკივილი სიკვდილის მომენტში ყოველთვის როდია პრობლემა. დაკვირვებებსა და განხილვებზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ თუკი ადამიანს სიკვდილამდე ტკივილი არ აწუხებდა, ნაკლებსავარაუდოა, მან გარდაცვალებისას შეაწუხოს. ზოგადად კი მიჩნეულია, რომ ადამიანის მიერ ტკივილის განცდა სიკვდილის პროცესში ქრება. ამის ახსნა არ მოიძებნება — შესაძლოა, ყველაფერი ენდორფინების ბრალი იყოს. მაგრამ აქვე კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ ამ თემაზე კვლევა არ ჩატარებულა.

ნიუტონის ფრაქტალი.

ნიუტონის ფრაქტალი.

ფოტო: Wikipemedia Commons

ჩვენს ტვინში განვითარებული პროცესები, შესაძლოა, მწვავე ტკივილის დაძლევაში დაგვეხმაროს. მაგალითისთვის, მეომრები ბრძოლის ველზე ხშირად ვერც კი გრძნობენ ტკივილს, რადგან მათი ყურადღება სხვა რამეზეა გადატანილი. ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორის, აირენ ტრეისის კვლევამ ტკივილის დამარცხებაში პლაცებოს, შთაგონებისა და რწმენის გასაოცარი ძალა აჩვენა. დახმარება მედიტაციასაც შეუძლია.

აღმაფრთოვანებელი გამოცდილება

და მაინც — ენდორფინების ან სხვა ნეიროტრანსმიტერების გარდა, სხვას რას შეუძლია გარდაცვალებისას ეიფორიის გამოწვევა? როცა სხეული სიცოცხლეს წყვეტს, ეს ტვინზე პირდაპირ მოქმედებს. შესაძლოა, ის გზა, რომლითაც ეს ხდება, რაღაც გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ აღვიქვამთ სიკვდილის მომენტს. ნეიროანატომიის ამერიკელმა სპეციალისტმა, ჯილ ბოლტი-ტეილორმა TED Talks-ის გამოსვლაში აღწერა ის აღმაფრთოვანებელი წუთები და "ნირვანაში ყოფნაც" კი, რომელიც მაშინ განიცადა, როცა ინსულტის შედეგად ლამის დაიღუპა და მისი ტვინის მარცხენა ნახევარსფერომ მუშაობა შეწყვიტა.

საინტერესოა, რომ, მართალია, ბოლტი-ტეილორის შემთხვევაში მისი ტვინის მარცხენა მხარე დაზიანდა, მარჯვენა ნაწილის დაზიანებამაც შეიძლება ისეთი გრძნობები გამოიწვიოს, თითქოს რაღაც არაამქვეყნიურს ვეზიარებით.

დიდი ალბათობით, სწორედ ამგვარი რაღაც განიცადა გორანის ნათესავმა გარდაცვალებამდე. ზოგიერთი ადამიანი სიკვდილამდე ხელს ჰაერში სწევს და თითებით თითქოს ვიღაცას ხატავს. ღრმადმორწმუნე ადამიანები ამბობენ, რომ ამ დროს მომაკვდავები უკვე დაღუპულ ახლობლებს ხედავენ — მშობლებს ან ბებია-ბაბუას. მათ რწმენას ამტკიცებს ის ფაქტიც, რომ გარდაცვალებისას ადამიანებს სახეზე ზოგჯერ ღიმილი აქვთ გამოსახული.

გარდაცვალება ბუდისტებისთვის განსაკუთრებით საკრალური გამოცდილებაა. მათ სწამთ, რომ სიკვდილის მომენტი გონებას დიდებულ შესაძლებლობებს ანიჭებს. მათი ხედვით, სიკვდილი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა ადამიანის არსებობაში — სწორედ ამ დროს გადადის კარმა ერთი ცხოვრებიდან მეორეში.

თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ რელიგიურ ადამიანებს ზოგადად სიკვდილის უფრო სასიამოვნო გამოცდილება აქვთ. არაერთი მღვდელი თუ მონაზონი უკიდურესად აფორიაქებული ხდება აღსასრულის მოახლოებისას და ეს, შესაძლოა, მათი რწმენის გამო — ნამოქმედარის და სამსჯავროს შიშით ხდებოდეს.

ასობით ცნობილი ადამიანის "სიკვდილის ნიღაბის" ერთმანეთზე შეერთებით მიღებული გამოსახულება.

ფოტო: Parashkev Nachev

საბოლოო ჯამში, ყოველი სიკვდილი განსხვავებულია — და წინასწარ ვერაფრით განვსაზღვრავთ, ვის ექნება მშვიდი აღსასრული. სიამოვნების მომგვრელი ნივთიერებების გამოყოფა ბევრს საერთოდ არ დახმარებია. პალიატიური მზრუნველობის ცენტრებში ბევრ ახალგაზრდას უჭირს მოახლოებული აღსასრულის დაჯერება. მათ ახალადშექმნილი ოჯახები ჰყავდათ და გარდაცვალებისას სიმშვიდე არ უპოვიათ.

ადამიანები, რომელთაც სიკვდილის პროცესში აღმაფრთოვანებელი ემოციები ეუფლებათ, უმეტესად ისინი არიან, ვინც საკუთარ ბედს და გარდაუვალ სიკვდილს შეგუებულნი იყვნენ. ამასთან, ზრუნვას დიდი მნიშვნელობა აქვს — ფილტვის სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა კვლევამ აჩვენა, რომ ვინც პალიატიური მზრუნველობით სარგებლობდა, უფრო ბედნიერი იყო და მეტხანსაც იცოცხლა.

მაგალითად, ერთი ქალი პარენტერალურ კვებაზე იყო. მას საკვერცხის სიმსივნე ჰქონდა და საჭმლის მიღება არ შეეძლო. ამგვარ კვებაზე მყოფი პაციენტები სერიოზული ინფექციების რისკის ქვეშ არიან. სიცოცხლისთვის საშიში მეორე თუ მესამე ინფექციის გადატანის შემდეგ ქალი შეიცვალა. შესამჩნევი იყო ის სიმშვიდე, რაც მას დაეუფლა. მან მცირეხნიანი პერიოდებით საკუთარ სახლში დაბრუნებაც კი მოახერხა. იგი ასევე ხშირად საუბრობდა დაისების მშვენიერებაზე. ასეთ ადამიანებს აქვთ ძალა, მათ გარშემო მყოფები საკუთარ ცხოვრებაზე დააფიქრონ.

ფოტო: THE ART ARCHIVE/SHUTTERSTOCK

რომ შევაჯამოთ, ჩვენ ძალიან ცოტა რამ ვიცით იმაზე, თუ რა ემართება მომაკვდავ ადამიანს. მედიცინის 5 000 წლიანი გამოცდილებიდან შეგვიძლია ვთქვათ, როგორ კვდებიან დახრჩობის ან გულის შეტევის შედეგად, თუმცა არ ვიცით, როგორ იღუპებიან სიმსივნის ან პნევმონიისგან. მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, ამ მომენტების აღწერაა.

დღევანდელი კვლევები უმეტესად მიზნად ისახავს სიკვდილის პროცესის ახსნას, საბაზისო ბიოლოგიის გაგებასა და იმ მოდელის განვითარებას, რომლითაც სიცოცხლის უკანასკნელ კვირებს და დღეებს წინასწარ განვსაზღვრავთ. დროთა განმავლობაში, შესაძლოა, იმასთან დაკავშირებითაც ჩატარდეს კვლევა, თუ რა როლს თამაშობს ენდორფინები სიცოცხლის უკანასკნელ საათებში, რის შემდეგაც გორანის კითხვაზე საბოლოო პასუხი გვეცოდინება.

შესაძლოა, ჩვენი გონება სიკვდილისა და სიცოცხლის ბურუსით მოცულ ზღვარზე ყოფნისას მართლაც უახლოვდება ყველაზე აღმატებულ მდგომარეობას. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ არსი სინათლის მქრობელ ქარ-ნიავს მედგრად არ ვუდგეთ. როგორც შვედმა დიპლომატმა, დაგ ჰამარშელდიმ თქვა:

"ნუ ეძებთ სიკვდილს. სიკვდილი თავად გიპოვით. მაგრამ ეძებეთ გზა, რომლითაც სიკვდილი უკანასკნელ მიღწევად იქცევა".