ბილ გეიტსი ილონ მასკს COVID-19-ზე დეზინფორმაციის გავრცელებისთვის აკრიტიკებს
ბილ გეიტსმა CNBC-სთან მიცემულ ინტერვიუში ინტერნეტით დეზინფორმაციის გავრცელების პრობლემაზე ისაუბრა და ილონ მასკსაც შეეხო. მან აღნიშნა, რომ SpaceX-ისა და ტესლას დირექტორი პანდემიასთან დაკავშირებულ საკითხებში კარგად გაცნობიერებული არ არის და მათზე საჯაროდ საუბრისას უპასუხისმგებლოდ იქცევა.
"ილონის მიზანია, მუდმივად გაავრცელოს აღშფოთების გამომწვევი კომენტარები", — აღნიშნა გეიტსმა.
პანდემიის დაწყებიდან მოყოლებული მასკმა მართლაც არაერთხელ გაავრცელა დეზინფორმაცია: მან COVID-19-ით გარდაცვლილთა სტატისტიკაზე აღნიშნა, რომ აშშ-ის ოფიციალური მონაცემები რეალურ რიცხვებს გაზვიადებულად წარმოაჩენდნა. მან ასევე არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ კორონავირუსი იმაზე ნაკლებად საშიში იყო, ვიდრე წარმოაჩენდნენ და ერთხელ ისიც განაცხადა, რომ ბავშვები ვირუსისადმი ფაქტობრივად იმუნურები იყვნენ.
"ბავშვებს არსებითად იმუნიტეტი აქვთ [COVID-19-ის მიმართ], მაგრამ მოხუცები და ჯანრთელობის პრობლემის მქონეები მოწყვლადები არიან. ისეთი ოჯახური შეკრებები, რომლის დროსაც ბავშვებს ბებია-ბაბუებთან აქვთ ახლო კონტაქტი, ალბათ ყველაზე სარისკოა", — წერდა ტვიტერზე მასკი 20 მარტს.
"ის ვაქცინების შექმნის პროცესში დიდად ჩართული არაა", — განაცხადა გეიტსმა მასკზე, — "ის შესანიშნავ ელექტრომობილებს აწყობს. და მისი რაკეტებიც კარგად მუშაობენ. ამიტომაა, რომ მას მსგავსი რაღაცების თქმა შეუძლია. იმედი მაქვს, რომ ის იმ სფეროებისგან თავს შორს დაიჭერს, რომლებშიც დიდად ჩართული არაა".
თუმცა დეზინფორმაციასთან დაკავშირებული პრობლემები ილონ მასკით ნამდვილად არ შემოიფარგლება. გეიტსმა აღნიშნა, რომ თავად ინტერნეტისა და სოციალური მედიის ბუნება ამარტივებს მცდარი ფაქტების გავრცელებას.
"როცა შენ ადამიანებს კომუნიკაციის საშუალებას აძლევ, იმასთან გამკლავებაც გიწევს, როცა ზოგიერთი განსაკუთრებით მაცდური მცდარი ინფორმაცია სიმართლეზე გაცილებით სწრაფად ვრცელდება", — დაურთო გეიტსმა, — "და სწორედ ეს ხდება ვაქცინებთან დაკავშირებითაც".
გეიტსი კონკრეტულად ფეისბუქსა და ტვიტერსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ამ კომპანიებს დეზინფორმაციასთან გამკლავება უჭირთ. მისი თქმით, ამ პლატფორმებზე მცდარი ფაქტების გავრცელების კონტროლი, მსგავსი პოსტების წაშლა ან მსგავსი ინფორმაციის გავრცელების შენელება ძალიან რთულია.
კომენტარები