ხელოვნური ინტელექტი და კაცობრიობის მომავალი — რას გვიმზადებს ახალი ეპოქა
ხელოვნური ინტელექტი მნიშვნელოვან პროგრესს განიცდის, ხოლო ექსპერტების ვარაუდით, 2040 წლისთვის ის ადამიანის ინტელექტს ყველა პარამეტრით აჯობებს და გრძნობების იმიტაციასაც შეძლებს.
უკვე დღეს, ციფრულ ეპოქაში ჩვენი ვირტუალური ასისტენტები რუტინულ სამუშაოს წარმოუდგენლად სწრაფად ასრულებენ მაშინ, როცა ადამიანს ამისთვის გარკვეული დრო სჭირდება.
გონებრივი უპირატესობა
რა მოხდება მაშინ, თუ ხელოვნური ინტელექტი უკონტროლო გახდება და თავად, ადამიანის ჩართულობის გარეშე გადაწყვეტს საკუთარი განვითარების გზას. ასეთ დროს ჩვეულებრივ ადამიანს, რომელიც მსგავს ხელოვნურ ინტელექტს ნამდვილად ვეღარ გაუწევს კონკურენციას, საკუთარი თავის მოდერნიზება და ახალ რეალობასთან ადაპტაცია მოუწევს.
თავდაპირველად ასეთი მოდერნიზაცია შეეხება ადამიანის ჯანმრთელობასა და მის ორგანოებს — საშინლად ჟღერს, თუმცა ეს დაეხმარება ადამიანს იყოს უფრო სწრაფი, ძლიერი და ნაკლებად მოწყვლადი დაავადებების მიმართ. მთავარი, რისი გაუმჯობესებაც დასჭირდება ადამიანს, მისი ტვინია — ადამიანს ისეთივე სწრაფი აზროვნების უნარი უნდა ქონდეს, როგორსაც ხელოვნური და უკვე დამოუკიდებელი ინტელექტი იმ დროისთვის მიაღწევს. მსგავსი მოდიფიკაციების მცდელობას ჩვენ დღესაც ვხედავთ, მაგალითად ილონ მასკის Neuralink-ის პროექტის ფარგლებში.
ხელოვნურ ინტელექტს ადამიანის ტვინში არსებული ინფორმაციის ჩაწერისთვის მილიარდობით მილიარდი ბიტი დასჭირდება, თუმცა ჩვენი სისუსტე სულ სხვა რამეში მდგომარეობს — ჩვენი ტვინი ზედმეტად ქაოტურია. უმნიშვნელო ინფორმაციის მისაღებად ჩვენ მრავალ არასაჭირო ქმედებას ვასრულებთ.
ნანორობოტებს ჩვენთვის დახმარება მოუწევთ, რათა ადამიანმა საკთარი ტვინის შიდა პროცესების რეორგანიზება შეძლოს. გარდა ამისა, ნანორობოტებს ვიზუალური და ხმის ეფექტების მანიპულირების საშუალება ექნებათ, რის საშუალებითაც რეალურ სამყაროში ვირტუალური რეალობა ჩვენ ყოველდღიურობად იქცევა.
როდის დადგება ეს დრო? ერთ-ერთი ვარაუდით, 2040 წელს. სულ რაღაც 20 წელიწადში. ექსპონენციური ზრდა პროცესებს მნიშვნელოვნად აჩქარებს. მაგალითისთვის, პროგრესი, რომელსაც კაცობრიობამ მთელი მე-20 საუკუნის განმავლობაში მიაღწია, 2000-იანებში მხოლოდ 20 წელიწადს წაიღებდა. 2013-ში ამ პროგრესს 7 წელი დასჭირდებოდა, ხოლო 2020-ში კაცობრიობა ყველაფერს სულ რაღაც 1 წელიწადში მიიღებდა.
განვითარებასთან ერთად აჩქარდა ამ ტექნოლოგიათა დანერგვის პროცესიც. მაგალითად, პირველი მობილური ტელეფონის შექმნიდან მის კომერციულ გაყიდვამდე 70 წელი გავიდა. მობილური კავშირგაბმულობის ფართოდ გავრცელება კი სულ რაღაც 5 წელიწადში მოხერხდა. განვითარების თითქმის იგივე ქრონიკა გაიარა ტელევიზიამ, ინტერნეტმა და სხვა ტექნოლოგიებმა, რომლებსაც დღეს ყოველდღიურად ვიყენებთ.
1980-იანებში კომპიუტერის დასაპროექტებლად ადამიანები ფანქრით გაკეთებულ ნახაზებს იყენებდნენ, დღეს კი კომპიუტერები საკუთარი "ოჯახის წევრების" შექმნაში თავად მონაწილეობენ. რთული წარმოსადგენია, როგორ შეიცვლება სამყარო მომდევნო 20 წელიწადში, ჩვენ ვაანალიზებთ წარსულის გამოცდილებას, თუმცა უცნობია, რა მიმართულებით და როგორ განვითარდება მსოფლიო მომავალში.
ემოციური უპირატესობა
არც თუ ისე შორეულ წარსულში პოპულარული იყო მოსაზრება, რომ ხელოვნური ინტელექტი ვერ აითვისებდა ემოციურ ინტელექტს. როგორც აღმოჩნდა, ეს ვარაუდიც მცდარია. გრძნობები — ეს ჩვეულებრივი ქიმიური პროცესებია, რომელთა კოპირების შესაძლებლობა არსებობს. სირთულე მდგომარეობს იმაში, რომ გრძნობები ლოგიკას არ ექვემდებარება. მაგრამ საკმარისია, ხელოვნურმა ინტელექტმა ადამიანების ალოგიკური ლოგიკა ამოხსნას, მისთვის ადამიანური გრძნობები ერთ მორიგ ამოხსნილ ამოცანად იქცევა.
გარდა ამისა, ხელოვნური ინტელექტი, დიდი ალბათობით, საკუთარი გაუმჯობესებული ფიზიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ემოციებს შესაბამისად გამოხატავს. ერთ-ერთი მსგავსი ექსპერიმენტის დროს ხელოვნურ ინტელექტს ტყუილის თქმა ასწავლეს. ხელოვნურ ინტელექტს ეს მოეწონა და ტყუილი მის ჩვევად იქცა. საბოლოოდ AI-სთან მომუშავე 120 თანამშრომელი მოტყუებული დარჩა.
შემოქმედებითი უპირატესობა
გარდა ამისა, ხელოვნური ინტელექტი წარმატებით ავითარებს კრეატიულობას. ჩვენ უკვე გვაქვს არაერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ ქმნის ხელოვნური ინტელექტი მუსიკას, ნახატებს და ა.შ. ხელოვნურ ინტელექტს უკვე აქტიურად იყენებენ სამართალწარმოებაში და ჟურნალისტიკაშიც კი.
მანქანური დასწავლის უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ მას მილიონობით ფაქტის დამახსოვრება და მათი შედარება შეუძლია. გარდა ამისა, მათ საკუთარი რესურსების სხვა მანქანებთან გაერთიანების უნარიც აქვთ.
თანამედროვე ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ერთდროულად იყოს დამოუკიდებელი და თან რომელიმე სხვა ხელოვნური ინტელექტის ნაწილი. ეს ყველაფერი ადამიანურ სიყვარულს ჰგავს. თუმცა მანქანის "სიყვარული" ადვილად პროგრამირებადია მაშინ, როცა ადამიანს ბევრად მეტი ნიშან-თვისების გარჩევა და მასზე რეაგირება შეუძლია.
მომავლის ხედვები
რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ დედამიწაზე? ინტელექტი მომავალში მეტწილად არაბიოლოგიური იქნება. იგი დღეს არსებულ კომპლექსურ ინტელექტზე გაცილებით განვითარებული გახდება. განსხვავება ბიოლოგიურ არსებებსა და რობოტებს შორის პრაქტიკულად წაიშლება. იგივე მოხდება ვირტუალურ და რეალურ სამყაროს შემთხვევაშიც.
დაბერების პროცესი მნიშვნელოვნად შემცირდება და სხვადასხვა დაავადება წარსულში დარჩება. ნანოტექნოლოგიები მნიშვნელოვან რეალურ და ვირტუალურ პროდუქტებს შემოგვთავაზებს, რაც კაცობრიობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება.
უნებლიედ მახსენდება 1968 წელს კლიფორდ საიმაკის მიერ დაწერილი გობლინთა ნაკრძალი, რომელშიც ტელეპორტაციაა აღწერილი. დღეს ამ საკითხზე უკვე სრული სერიოზულობით საუბრობენ. ერთ-ერთი ასეთი თეორიული ტელეპორტაციის მოდელი შემდეგნაირად იმუშავებს: იგი სრულად დაასკანირებს მოგზაურს, მის თითოეულ ატომსა და უჯრედს და ტერაბაიტობით მონაცემს გააგზავნის ანალოგიურ მოწყობილობაზე, რომელიც სხვა პლანეტაზეა განთავსებული და რომელიც ადამიანს სრულად აღადგენს.
ფიზიკურ ფრენებს ე.წ. ბიოლოგიური ფაქსი და 3D ბეჭდვა შეიძლება ჩაენაცვლოს. ასეთი სახით ადამიანი მუდმივად შეძლებს საკუთარი თავის რეპლიკაციას და წინა საკუთარი თავის უმტკივნეულო განადგურებას.
ეს ყველა მომავლის დაშვება რომ გვერდზე გადავდოთ და დღევანდელ დღეს დავუბრუნდეთ, ცხადი ხდება, რომ ხელოვნური ინტელექტის სწრაფ განვითარებასთან ერთად მრავალი პროფესია უბრალოდ ქრება. 2013 წელს ჩატარებული კვლევების მიხედვით, 2030 წლამდე ხელოვნური ინტელექტის გამო სამსახურს 40 მილიონამდე ადამიანი დაკარგავდა. ხოლო უახლესი, 2020 წელს ჩატარებული კვლევიდან ვიგებთ, რომ უკვე 2022 წლისთვის ხელოვნური ინტელექტის გამო უმუშევარი 20 მილიონამდე ადამიანი დარჩება.
ექსპონენციური ზრდის გათვალისწინებით, 2030 წლის სავარაუდო შედეგის 10-ზე გამრავლება მოგვიწევს.
პროცესი შეუქცევადია და ერთადერთი რაც შეგვიძლია — ადაპტაციაა. დარწმუნებული ვარ, რომ ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას გადაშენებისგან დაიცავს. რუტინული საქმეების საკუთარ თავზე აღებით კი ადამიანები მათთვის უფრო საინტერესო საქმით დაკავდებიან.
კომენტარები