ილონ მასკმა Neuralink-თან დაკავშირებული სიახლე დააანონსა
გასულ კვირას ილონ მასკმა ტვიტერზე განაცხადა, რომ Neuralink-ის პროგრესის შესახებ განახლებას 28 აგვისტოს შემოგვთავაზებს. კომპანია 2016 წელს ილონ მასკმა დააფუძნა და მის მიზანს ნეიროკომპიუტერული ინტერფეისის შექმნა წარმოადგენს.
კომპანიისგან ბოლო მასშტაბური განახლება დაახლოებით ერთი წლის წინ გამოვიდა, როდესაც ცნობილი გახდა, რომ ისინი ქირურგიულ რობოტს გამოიყენებდნენ, რომელსაც კომპიუტერთან დაკავშირებული თხელი მავთულები ადამიანის ტვინში უნდა მოეთავსებინა.
2019 წლის ივლისში Neuralink-მა განაცხადა, რომ მეთოდი თაგვებსა და მაიმუნებზე წარმატებით გამოსცადეს და ადამიანზე ტესტირებებს მომავალ წელს დაიწყებდნენ. საწყის ეტაპზე კომპანიის მიზანი ნევროლოგიური აშლილობების მქონე პაციენტებში არსებული სიმპტომების შემსუბუქებაა, თუმცა საბოლოო მიზანს "გაუმჯობესებული" ადამიანი წარმოადგენს, რომელსაც კომპიუტერთან ურთიერთობა ფიქრის სიჩქარით შეეძლება.
მასკს ხშირად აღუნიშნავს, თუ როგორი არაკომფორტული და ბუნდოვანია აზრების თარგმნა სტანდარტული მოწყობილებების, კლავიატურისა და მაუსის გამოყენებით, და მიაჩნია, რომ ადამიანებსა და კომპიუტერებს შორის უფრო კომპაქტური და სანდო ბმა შეამცირებს იმის შანსს, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა ადამიანის უნარები გადაფაროს.
მასკს სჯერა, რომ არსებობს უამრავი მდგომარეობა, სადაც უკონტროლო, დაურეგულირებელი ხელოვნური ინტელექტი ადამიანისთვის საფრთხეს შეიძლება წარმოადგენდეს და Neuralink სწორედ ამ საფრთხისგან თავდაცვისთვისაა საჭირო.
ჯერჯერობით ზუსტად უცნობია, თუ რა სიახლეებს გაგვაცნობს კომპანია მომავალ თვეს, თუმცა დიდი ალბათობით დაგეგმილი განცხადება ადამიანებზე ექსპერიმენტების ჩატარების დაწყებასთან იქნება დაკავშირებული.
კომენტარები