ახალი მტკიცებულება იმისა, რომ ვენერა გეოლოგიურად დღემდე აქტიურია
მეცნიერები დიდი ხანია დავობენ, ვენერა დღემდე აქტიური პლანეტა არის თუ არა. მისი ვულკანების ახალი 3D მოდელების გამოყენებით კი მკვლევრებმა ბოლო პერიოდში აქტიური 37 ადგილი დააფიქსირეს, რაც პლანეტის აქტიურობის დასამტკიცებლად საკმაოდ წონიანი საბუთია.
"ჩვენი კვლევა ვენერას ზედაპირზე ტექტონიკური და მაგმური აქტივობის არსებობის დამამტკიცებელ საბუთს გვთავაზობს", — განაცხადა კვლევის ავტორმა ანა გულხერმა, — "დღესაც კი ვენერაზე ბევრი ადგილია, სადაც პლანეტის შიგნიდან ცხელი დინებები ლითოსფეროს კვეთენ და ვულკანურ და ტექტონიკურ აქტივობებს იწვევენ, შედეგად კი გეოლოგიური სტრუქტურა, სახელად coronae წარმოიქმნება.
ვენერას coronae ათასობით კილომეტრის სიგანის, ბეჭდის ფორმის სტრუქტურებს წარმოადგენს, რომლებსაც მრგვალი ცენტრალური რეგიონი და შემოსაზღვრული ბზარები ახასიათებს.
"ეს სტრუქტურები დედამიწაზე არ არსებობს, რაც მათ მეტად საინტერესოს ხდის. მათი მრგვალი ფორმა და უზარმაზარი ზომა გვაფიქრებინებს, რომ ისინი პლანეტის სიღრმიდან ამოსული ცხელი ქვების ზემოთ წარმოიქმნენ", — აცხადებს გულხერი.
coronae-ს ტოპოგრაფიული ანატომიის ცვალებადობის გამოსაძიებლად მკვლევრებმა 3D სიმულაცია გამოიყენეს, რომელიც ზედაპირის ქვეშ მიმდინარე პროცესების მოდელირებას ახდენდა. მათ აღმოაჩინეს, რომ აქტიური coronae-ს თავზე გუმბათის მსგავსი სტრუქტურა აქვს, რომელიც თხრილითაა შემოსაზღვრული.
გუნდმა 133 დიდი coronae-ს ტოპოგრაფიული მოდელები შეაფასა, რათა გაეგოთ, მიმდინარეობდა თუ არა რომელიმე მათგანში აქტიური პროცესები. მათ საერთო ჯამში 37 აქტიური coronae დააფიქსირეს.
"აქტიურ coronae-ებში ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ისინი ერთ ადგილას არიან განთავსებულნი. ჩვენ არ ვიცით, რამ გამოიწვია მათი ასეთი განლაგება, მაგრამ ეს, შესაძლოა, პლანეტის შიგნით მიმდინარე პროცესების შედეგი იყოს", — განმარტავს გულხერი.
კვლევა ჟურნალ Nature Geoscience-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები