14 ათასი წლის ექსკრემენტები ჩრდილოეთ ამერიკის უძველეს დასახლებაზე მოგვითხრობს
როდის დასახლდნენ ადამიანები პირველად ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიაზე, დღემდე გამოცანად რჩება, თუმცა მკვლევრებმა საინტერესო სამხილს მიაგნეს, რომელიც არქეოლოგიურ გამოცანას მეტ ნათელს ჰფენს.
ცოტა ხნის წინ ორეგონის პეისლის გამოქვაბულებში არქეოლოგებმა 14 ათასი წლის წინანდელ ექსკრემენტებს მიაგნეს, რაც კიდევ უფრო ამყარებს მზარდ კონსენსუსს, რომლის მიხედვითაც, ადამიანებმა ჩრდილოეთ ამერიკაში ცხოვრობა იმაზე ადრე დაიწყეს, ვიდრე აქამდე გვეგონა.
განამარხებული განავალი, რომელსაც ტექნიკური ტერმინიც აქვს და "კორპოლიტები" ეწოდება, მეცნიერებს წარსულის კვლევის საშუალებას აძლევს. თუ 14 ათასი წლის წინანდელი კორპოლიტები ადამიანის დნმ-ს შეიცავენ, მაშინ დადასტურდება, რომ ადამიანური აქტივობა ჩრდილოეთ ამერიკაში მართლაც ძალიან ადრე დაიწყო.
სამწუხაროდ, დნმ ძალიან მარტივად "მტვრევადი" მოლეკულაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის კარგად არ ინახება და არქეოლოგიური მასალა, შესაძლოა, დაბინძურებული იყოს. ამიტომ მეცნიერებმა ზუსტად არ იცოდნენ, ეს კორპოლიტები ადამიანს ეკუთვნოდა თუ არა.
ამიტომ მკვლევრებმა ახალი მიდგომა აირჩიეს. მათ განამარხებული ექსკრემენტების ლიპიდების და სხვა ნაერთების ანალიზი გააკეთეს, რომლებიც, დნმ-ისგან განსხვავებით, დროს უკეთ უძლებს. განამარხებული კორპოლიტების ლიპიდური შემცველობის საგულდაგულო შესწავლით მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ ექსკრემენტი მართლაც ადამიანური წარმოშობისაა.
აღსანიშნავია, რომ არქეოლოგებმა ძაღლის ლიპიდებსაც მიაგნეს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ 14 ათასი წლის წინ ჩრდილოეთ ამერიკაში ადამიანებს მოთვინიერებული ცხოველებიც ჰყავდათ.
მიუხედავად იმისა, რომ უძველესი კორპოლიტები 14 ათასი წლით თარიღდება, მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ადამიანურმა ცივილიზაციამ ჩრდილოეთ ამერიკას ამაზე უფრო ადრეც მიაღწია.
აღსანიშნავია, რომ ექსკრემენტების ბიოლოგიური ანალიზი იმდროინდელი ადამიანების დიეტაზე და ცხოვრების სტილზეც ბევრს გვეუბნება. როგორც ჩანს, ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიაზე ადამიანები მღრღნელებით, მცენარეებით და მწერებითაც იკვებებოდნენ.
მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ჩრდილოეთ ამერიკა ადრეული ადამიანების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას ინახავს, რაც დაგვეხმარება გავიგოთ, როგორ ცხოვრობდნენ ადამიანები ამერიკის კონტინენტზე და როგორ ახერხებდნენ ცვალებად გარემოსთან ადაპტაციას.
კვლევა Science Advances-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები