ჰიქსოსების მიერ ეგვიპტის დაპყრობის უძველესი ისტორია, შესაძლოა, ყალბი იყოს
უძველესი ეგვიპტის ფარაონები კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი მმართველები იყვნენ. ისინი მდინარე ნილოსის რეგიონში დაახლოებით სამი ათასი წელი მეფობდნენ. თუმცა მეფობის შუა პერიოდში მათ ნაყოფიერი მიწების უმეტესობაზე კონტროლი დაკარგეს.
უძველესი ტექსტების მიხედვით, დაახლოებით 3 600 წლის წინ ეგვიპტის ჩრდილოეთ ნაწილი ჰიქსოსების სახელით ცნობილმა დამპყრობლებმა მიიტაცეს და ფარაონები ქვეყნის სამხრეთ ნაწილში გააძევეს.
ჰიქსოსების უძველეს დედაქალაქში — რომელიც კაიროდან 120 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს — ნაპოვნი უძველესი ადამიანების ნამარხების გაანალიზების შედეგად მკვლევრებმა განსხვავებული თეორია ჩამოაყალიბეს. მის თანახმად, ჰიქსოსების აღზევება არა ძალადობრივი დაპყრობის შედეგი იყო, არამედ — იმიგრანტების მომრავლების.
არქეოლოგებს ჰიქსოსების დამპყრობლობის შესახებ ეჭვები აქამდეც ჰქონდათ, უკანასკნელმა ანალიზებმა კი ეს ეჭვები დაადასტურა.
"ეს შედეგები ჰიქსოსების შემოსევების კლასიკურ ვერსიას ეწინააღმდეგება. ეს კვლევა იმ თეორიას უჭერს მხარს, რომლის მიხედვითაც, ჰიქსოსები დასავლეთ აზიატები იყვნენ, რომელთა წინაპრებიც ეგვიპტეში შუა სამეფოს დროს გადავიდნენ და იქ საუკუნეები ცხოვრობდნენ. ჩრდილოეთ ეგვიპტის მმართველობა კი შემდეგ დაიწყეს", — წერენ მკვლევრები.
ეს ყველაფერი არქეოლოგიური გათხრების ნაკვეთზე არსებული სტრონციუმის იზოტოპების შეფარდებით გაირკვა. ელემენტი სტრონციუმი იმ მინერალებში გვხვდება, რომელიც ჩვენს საკვებსა და წყალშია, საბოლოოდ კი ის ჩვენს ძვლებში და კბილებში აღმოჩნდება.
მკვლევრებმა ჩრდილოეთ ეგვიპტის ადგილობრივი მოსახლეობისა და არაადგილობრივი ჰიქსოსების სტრონციუმის იზოტოპების თანაფარდობა შეადარეს. შედეგად კი, ნილოსის კვალი ორივე მათგანში იპოვეს.
"ჰიქსოსებს ძალაუფლება შემოსევებით არ ჩაუგდიათ ხელში, ეს მათ დროთა განმავლობაში, ძალთა შიდა გადათამაშებების შედეგად მოახერხეს", — აღნიშნავენ ავტორები.
თუმცა, დაახლოებით საუკუნის შემდეგ, როდესაც ფარაონებმა ჰიქსოსებისგან მიწები დაიბრუნეს, მათ ისინი სხვა მიწების საძებნელად გაუშვეს — შესაძლოა, ბიბლიურ წიგნი გამოსვლათაში მოთხრობილი ამბავი სწორედ ამ ისტორიიდან იღებდეს სათავეს.
ამასთან, როგორც ირკვევა, ეგვიპტე მხოლოდ ადგილობრივი ეგვიპტელების სახლი არ იყო — ჯერ კიდევ ჰიქსოსების მმართველობამდე დიდი ხნით ადრეც ნილოსის შესართავი მულტიკულტურულ ცენტრს წარმოადგენდა.
ამ თეორიას სხვა არქეოლოგიური მასალებიც ამტკიცებს. მკვლევრებმა რეგიონში ბრძოლის ვერანაირი კვალი ვერ იპოვეს. სამაგიეროდ, მრავლადაა აღმოჩენილი იმდროინდელი ელიტის სამარხები. ამასთან, ამ პერიოდში საკმაოდ ბევრი დამამტკიცებელი საბუთი გვხვდება იმისა, რომ ეგვიპტელი კაცები არაეგვიპტელ ქალებზე უფრო ხშირად ქორწინდებოდნენ, ვიდრე — პირიქით. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ისტორიაში შემოსევათა უმრავლესობას კაცები თაოსნობდნენ. ამის გათვალისწინებით კი ნიშანდობლივია, რომ ჰიქსოსების აღზევებამდე ტერიტორიაზე ქალი იმიგრანტები რაოდენობით კაცი იმიგრანტებს აღემატებოდნენ.
"რეგიონში გათხრილ საფლავებში, როგორც წესი, ქალაქის ელიტის წარმომადგენლების ნამარხებია და არა ზოგადი საზოგადოების წევრების. და, შესაძლოა, რომ ეს ქალები რეგიონში ძლიერ ოჯახებთან დასაკავშირებლად ჩამოდიოდნენ", — ნათქვამია კვლევაში.
ისტორიკოსები ჰიქსოსებს დამპყრობლებად მოიხსენიებენ, თუმცა არქეოლოგების გარკვეული ნაწილის მიხედვით, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ჰიქსოსებმა ძალაუფლება ნელა, მშვიდობიანი გზით მოიპოვეს და რეგიონში ისეთი ტექნოლოგია შემოიტანეს, როგორიც, მაგალითად, ცხენებშებმული ეტლია.
იერუსალიმის ებრაულ უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ისიც შესაძლებელია, რომ ეგვიპტის ჩრდილოეთით დასახლების მერე ჰიქსოსებმა ანბანური დამწერლობაც კი შექმნეს.
კომენტარები