აგვისტოდან Facebook საქართველოში საარჩევნო და პოლიტიკური რეკლამებისთვის ავტორიზაციას სავალდებულოს გახდის
ფოტო: Getty
2020 წლის აგვისტოდან Facebook საქართველოში საარჩევნო და პოლიტიკური რეკლამებისთვის ავტორიზაციას სავალდებულოს გახდის. ამის შესახებ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ფეისბუქის საჯარო პოლიტიკის დირექტორმა, გაბრიელა ცსეჰმა იმ წერილში განაცხადა, რომელიც საპასუხოდ გაუგზავნა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიებს.
კერძოდ, 29 ივნისს NGO-ებმა და მედიის წარმომადგენლებმა Facebook-ს ღია წერილით მოუწოდეს, გაითვალისწინოს საქართველოში არსებული პოლიტიკური გარემო და წინასაარჩევნოდ ხელმისაწვდომი გახადოს პოლიტიკური რეკლამების ბიბლიოთეკა. განცხადების ხელმომწერებს შორის, სხვა მედიებთან ერთად, იყო On.ge-ც. საპასუხო წერილში გაბრიელა ცსეჰი წერს:
"მადლობა 29 ივნისს გამოგზავნილი წერილისთვის, რომლის ადრესატებიც არიან მარკ ცუკერბერგი და ნიკ კლეგი. მე გაბრიელა ცსეჰი ვარ, ფეისბუქის საჯარო პოლიტიკის დირექტორი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში. ვუპასუხებ იმ მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებიც გაგვიზიარეთ.
აქ, ფეისბუქში სრულად ვაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერასა და უსაფრთხო, დაცული და თავისუფალი არჩევნების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. ბოლო წლებში ჩვენ ბევრი რამ ვისწავლეთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებზე დაკვირვებით და შევიმუშავეთ გლობალური მიდგომა, რათა არჩევნების წინ ჩვენი პლატფორმები დაცული იყოს ყალბი ამბებისგან, რეკლამირება იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და დროულად წაიშალოს ყალბი ანგარიშები და ზიანის მომტანი კონტენტი. თითოეული არჩევნების წინ ჩვენ კონკრეტულ ჯგუფს გამოვყოფთ, რომელიც მუშაობს ამა თუ იმ ქვეყნისთვის სპეციფიკურ რისკებზე და, როცა შესაძლებელია, ჩვენი ზომებიც ლოკალურ საჭიროებებზეა მორგებული. ამ პროცესში გვეხმარებიან ადგილობრივი პარტნიორები, რომლებიც ქვეყნის შიდა ტრენდებზე კონტექსტსა და ინფორმაციას გვაწვდიან.
2019 წლის ივნისიდან მოყოლებული საქართველოში სარეკლამო თანხების გამჭვირვალობისთვის შექმნილი რეკლამების ბიბლიოთეკა (Ad Library) სურვილისამებრ, უკვე ხელმისაწვდომია და ჩვენ აქტიურად მოვუწოდებთ რეკლამის განმთავსებლებს, რომ ავტორიზაცია გაიარონ და პოლიტიკისა და არჩევნების თემაზე რეკლამების გაშვებისას შესაბამისი წარწერები დაურთონ. ინფორმაცია იმის შესახებ, როდის შეიქმნა გვერდი, შეიცვალა თუ არა სახელი და სად იმყოფებიან მისი ადმინისტრატორები Ad Library-ში საჯაროდ ხელმისაწვდომია.
2020 წლის აგვისტოდან მოყოლებული ჩვენ საქართველოში საარჩევნო და პოლიტიკური რეკლამებისთვის ავტორიზაციას სავალდებულოს გავხდით. ეს გამჭვირვალობის წარმოუდგენლად მაღალ დონეს შექმნის და მომხმარებლებს ეცოდინებათ, ვინ ცდილობს მათ გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მოხდენას და რატომ.
ჩვენი მოთხოვნებია:
1. ვინაობის დადასტურება: ჩვენ მოვთხოვთ რეკლამის განმთავსებლებს, რომ ავტორიზაცია გაიარონ, თუ აპირებენ რეკლამის გაშვებას არჩევნების ან პოლიტიკის შესახებ. მათ უნდა წარმოადგინონ პირადობის დამადასტურებელი საბუთები, რათა რეკლამის გაშვება შეძლონ.
2. შესაბამისი მონიშვნების გაკეთება: საარჩევნო ან პოლიტიკურ რეკლამებს მითითებული უნდა ჰქონდეთ, რომელი ორგანიზაცია ან პიროვნება დგას რეკლამის უკან (Paid for By) – აუცილებელი იქნება მათი მისამართი, ტელეფონის ნომერი, იმეილი და ვებგვერდი. ეს ინფორმაცია რეკლამების ბიბლიოთეკაში 7 წლის განმავლობაში შეინახება.
3. რეკლამების ბიბლიოთეკა: ჩვენ საარჩევნო და პოლიტიკურ რეკლამებს საჯარო ბიბლიოთეკაში 7 წლის განმავლობაში ვინახავთ. ასევე ღია იქნება რეკლამაზე დახარჯული თანხის რაოდენობა და წვდომა. ამგვარად, რეგულატორები, ჟურნალისტები და მომხმარებლები სახიფათო საკითხებს მაშინვე შეამჩნევენ და რეკლამის განმთავსებლებს პასუხისმგებლობას დააკისრებენ".
როგორც გაბრიელა ცსეჰი ამბობს, სექტემბრის დასაწყისიდან მოყოლებული ნებისმიერ ადამიანს შეეძლება ბიბლიოთეკაში ძიება, გაფილტვრა და მონაცემების გადმოწერა. მისივე თქმით, უახლოეს კვირებში დაუკავშირდებიან რეკლამების განმთავსებლებს, რათა მათ დეტალური ინსტრუქცია მიაწოდონ ამ პროცესებთან დაკავშირებით.
ამავე წერილში საუბარია მსოფლიო სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში მოქმედ კოორდინირებულ ქსელებზე და ფეისბუქის მიერ მათ წინააღმდეგ გატარებულ საქნციებზე. გაბრიელა ცსეჰი აცხადებს, რომ მათ გააუმჯობესეს ალგორითმი, რათა უფრო ეფექტურად იპოვონ ყალბი ანგარიშები, რომლებსაც არაავთენტურად იყენებენ. მისივე თქმით, სამჯერ გავარდეს იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც უსაფრთხოებაზე და დაცულობაზე მუშაობენ და ახლა მათი რიცხვი 35 000-ს აღწევს.
"მხოლოდ 2019 წელს ჩვენ მსოფლიოს გარშემო 50 კოორდინირებული ქსელი გავაუქმეთ. მათ შორის იყო საქართველოში მოქმედი ქსელებიც.
ჩვენ ვიცით, რომ ეს აქტორები (შიდა და საგარეო) კვლავაც ეცდებიან, სხვადასხვა ტაქტიკა გამოიყენონ ჩვენს პლატფორმებზე. ჩვენი გუნდები კი კვლავაც მოძებნიან მათ, გამოააშკარავებენ და წაშლიან. ჩვენ ორ რამეზე ვკონცენტრირდებით: პირველი: ჩვენ გამუდმებით ვამონიტორინგებთ უკვე წაშლილ გვერდებსა და ანგარიშებს, რომლებიც სხვა ფორმით ცდილობენ დაბრუნებას (მათ გამოსავლენად ვიყენებთ როგორც ავტომატიზებულ ფორმებს, ასევე მოდერატორების რესურსებს) და მეორე: რაკი ვხედავთ, რომ ეს აქტორები იშვიათად სჯერდებიან ერთ პლატფორმას, ვცდილობთ, გავაღრმავოთ კავშირები სამოქალაქო საზოგადოებასთან და ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებთან. ასეთი კოლაბორაციები დაგვეხმარება, რომ ერთ პლატფორმაზე წაშლის შემდეგ საეჭვო აქტივობა ყველგან შევაჩეროთ", — წერია განცხადებაში.
მისივე თქმით, აფასებენ მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას და იმედს გამოთქვამენ, რომ ეს მიმოწერა ნაყოფიერი კოლაბორაციის დასაწყისი იქნება.
"ჩვენ, რა თქმა უნდა, ისიც ვიცით, რომ მხოლოდ ეს ვერ დაიცავს არჩევნებს. ყველას აკისრია პასუხისმგებლობა, რომ ეს პლატფორმა ყველასთვის ღია და უსაფრთხო იყოს. ჩვენ ვმუშაობთ უკეთეს ტექნოლოგიებზე, ვეძებთ მეტ ადამიანს და ვეთანამშრომლებით სამართალდამცავებს, უსაფრთხოების ექსპერტებსა და სხვა კომპანიებს. ჩვენ მივესალმებით და ვაფასებთ უკუკავშირს მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებისაგან. ჩვენ ვთხოვთ ადამიანებს, რომ მეტი პასუხისმგებლობით მიუდგნენ გაზიარებას და შეგვატყობინონ, თუ კონტენტი ჩვენს წესებს ეწინააღმდეგება. ამ გზით შეიძლება მუდმივად ცვალებად ლანდშაფტში ხელოვნური ჩარევების შემცირება.
იმედი მაქვს, რომ ეს მიმოწერა ნაყოფიერი კოლაბორაციის დასაწყისი იქნება და მომავალ თვეებში ჩვენ აქტიური კავშირი გვექნება", — აცხადებს ცსეჰი.
რა მისწერეს Facebook-ს NGO-ებმა და მედიებმა
არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიის წარმომადგენლები Facebook-ს მოუწოდებდბენ, რომ გაეძლიერებინათ ძალისხმევა საარჩევნო პერიოდში არაავთენტური კოორდინირებული ქცევის გამოსავლენად და ხელმისაწვდომი გაეხადათ პოლიტიკური რეკლამების ბიბლიოთეკა.
"ჩვენ — საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, სამოქალაქო აქტივისტებსა და მედიის წარმომადგენლებს, გვსურს თქვენი ყურადღება მივაპყროთ საქართველოში დაგეგმილ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე და ამ კონტექსტში პოლიტიკური ინტერესების მქონე ჯგუფებისა და უცხო ქვეყნის აქტორების მიერ ფეისბუქზე დეზინფორმაციისა და კოორდინირებული არაავთენტური ქცევის გამოყენებით თავისუფალი და თანასწორი საარჩევნო გარემოს დაზიანების მცდელობებზე, რაც საფრთხეს უქმნის დემოკრატიას და საქართველოს დასავლურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესს", — ეწერა განცხადებაში.
ხელმომწერები აღნიშნავდნენ, რომ არაავთენტური ანგარიშების წაშლამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საინფორმაციო სივრცის განტვირთვაში თუმცა ამ ღონისძიებას დროებითი ეფექტი ჰქონდა, რადგან არაავთენტური გვერდები ახალი ტაქტიკების გამოყენებით ცდილობენ აირიდონ ფეისბუქის სანქციები. მათი განცხადებით, პოლიტიკური რეკლამების გაუმჭვირვალობის პირობებში, მავნე აქტორები ახერხებენ გვერდი აუარონ პოლიტიკური ხარჯების დეკლარირებისთვის საქართველოს კანონმდებლობის დადგენილ ვალდებულებებს.
"საქართველოს საპარლამენტო არჩევნებამდე ოთხი თვე რჩება. ფეისბუქს აქვს შანსი მტკიცე ქმედებებით და საინფორმაციო გარემოს დაცვის გზით პასუხისმგებლიანი როლი შეასრულოს ამ არჩევნებზე. ამისთვის, მნიშვნელოვანია, დაუყოვნებლივ ამოქმედდეს პოლიტიკური რეკლამების გამჭვირვალობის ფეისბუქის ხელთ არსებული მექანიზმები", — წერია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერდნენ:
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED);
- საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS);
- საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო;
- მედიის განვითარების ფონდი (MDF);
- მოძრაობა სირცხვილია;
- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
- ონლაინგამოცემა პუბლიკა — publika.ge;
- ჟურნალისტიკის რესურსცენტრი;
- მწვანე ალტერნატივა;
- მმართველობის მონიტორინგის ცენტრი;
- ტელეკომპანია ფორმულა;
- საქართველოს ატლანტიკური საბჭო;
- ტაბულა;
- ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC);
- საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP);
- საქართველოს გაეროს ასოციაცია;
- დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD);
- მთავარი არხი;
- კავშირი საფარი;
- პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის;
- ევროპის ფონდი;
- ადამიანის უფლებათა ცენტრი;
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა;
- რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი;
- საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF);
- დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი;
- ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI);
- კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი — საქართველო;
- მედიასაშუალება ინდიგო;
- მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის;
- ცენტრი ემპათია;
- საზოგადოება და ბანკები;
- ლიბერალური აკადემია — თბილისი;
- ონლაინ გამოცემა On.ge;
- ტელეკომპანია პირველი;
- ტელეკომპანია კავკასია;
- სტუდია მონიტორი;
- საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (რონდელის ფონდი);
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
- ინტერნიუსი — საქართველო;
- თბილისი პრაიდი;
- საქართველოს მომავლის აკადემია;
- ფორსეტი;
- ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორნგის ცენტრი (EMC);
- OC-Media;
- IWPR საქართველო;
- საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია.
თუ გინდა, რომ ნამდვილი და ყალბი ამბები ერთმანეთისგან მარტივად განასხვავო და დეზინფორმაციისგან სხვებიც დაიცვა, შემოგვიერთდი ჯგუფში – ერთად ვებრძოლოთ დეზინფორმაციას.
სტატია მოამზადა On.ge-მ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. მასალის დამზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია On.ge. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების შეხედულებებს.
-
სატურნის უდიდესი თანამგზავრის გამოქვაბულები შეიძლება "აერობოტებით" შეისწავლონ სატურნის უდიდესი თანამგზავრის გამოქვაბულები შეიძლება "აერობოტებით" შეისწავლონ
გადახედვა
-
სოფელ ტიბაანში ავტომობილი ოთხ ქვეითს დაეჯახა, ერთი ადგილზე გარდაიცვალა სოფელ ტიბაანში ავტომობილი ოთხ ქვეითს დაეჯახა, ერთი ადგილზე გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი: ღარიბაშვილი ჩემი მეგობარია და მე მეგობრებზე უარს არასდროს ვამბობ, მე ვამხელ და ვებრძვი პირადად კობახიძეს ირმა ინაშვილი: ღარიბაშვილი ჩემი მეგობარია და მე მეგობრებზე უარს არასდროს ვამბობ, მე ვამხელ და ვებრძვი პირადად კობახიძეს
გადახედვა
-
თაღლითობის ბრალდებით "ქართული ოცნებიდან" გორის საკრებულოს ყოფილი წევრი და რაიონის ყოფილი გამგებელი იოსებ მუმლაძეა დაკავებული თაღლითობის ბრალდებით "ქართული ოცნებიდან" გორის საკრებულოს ყოფილი წევრი და რაიონის ყოფილი გამგებელი იოსებ მუმლაძეა დაკავებული
გადახედვა
-
გიორგი არველაძე: ბენზინი გალის იქით არ გასულა, თუ კიდევ იქნება მოთხოვნა, კიდევ შევიტანთ გიორგი არველაძე: ბენზინი გალის იქით არ გასულა, თუ კიდევ იქნება მოთხოვნა, კიდევ შევიტანთ
გადახედვა
-
ჩვენი გალაქტიკის ცენტრალურ შავ ხვრელთან ახლოს წყალი აღმოაჩინეს ჩვენი გალაქტიკის ცენტრალურ შავ ხვრელთან ახლოს წყალი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
SpaceX-მა მიყოლებით გაშვებული Falcon 9-ებით რეკორდი მოხსნა SpaceX-მა მიყოლებით გაშვებული Falcon 9-ებით რეკორდი მოხსნა
გადახედვა
-
რის გამო დააკავეს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე? — შსს-ს განმარტება რის გამო დააკავეს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე? — შსს-ს განმარტება
გადახედვა
-
მთავარია, მათი გადაწყვეტილებები და გადადგმული ნაბიჯები ჯდებოდეს კანონის ფარგლებში — კალაძე ოკუპირებულ აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდებზე მთავარია, მათი გადაწყვეტილებები და გადადგმული ნაბიჯები ჯდებოდეს კანონის ფარგლებში — კალაძე ოკუპირებულ აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდებზე
გადახედვა
-
5 ადგილი, სადაც მზეს ვერ დაემალები 5 ადგილი, სადაც მზეს ვერ დაემალები
-
სამეფო ქორწილი და ახალი ბოროტმოქმედი — იხილეთ ნაწყვეტი Frozen 3-დან სამეფო ქორწილი და ახალი ბოროტმოქმედი — იხილეთ ნაწყვეტი Frozen 3-დან
გადახედვა
-
ირანის წინააღმდეგ EU-ს სანქციებთან საქართველოს არ შეერთებას ენმ-ს და "ოცნების" წევრები ეხმაურებიან ირანის წინააღმდეგ EU-ს სანქციებთან საქართველოს არ შეერთებას ენმ-ს და "ოცნების" წევრები ეხმაურებიან
გადახედვა
-
თიბისი ტექ ტალანტების მხარდამჭერი: საქართველოს ნაკრებმა IOI 2026-ზე 2 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა თიბისი ტექ ტალანტების მხარდამჭერი: საქართველოს ნაკრებმა IOI 2026-ზე 2 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა
-
ფიგურულ ციგურაობაში II ადგილის მფლობელები ₾0.5 მლნ-ს მიიღებენ — მთავრობა 25-ე ზამთრის ოლიმპიური თამაშების მონაწილეებს ფულად პრიზებს გადასცემს ფიგურულ ციგურაობაში II ადგილის მფლობელები ₾0.5 მლნ-ს მიიღებენ — მთავრობა 25-ე ზამთრის ოლიმპიური თამაშების მონაწილეებს ფულად პრიზებს გადასცემს
გადახედვა
-
იაპონიაში 30 წლის წინ ნაპოვნი ნამარხი ხელახლა შეისწავლეს და მოზაზავრის ძვლები აღმოაჩინეს იაპონიაში 30 წლის წინ ნაპოვნი ნამარხი ხელახლა შეისწავლეს და მოზაზავრის ძვლები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
კაია კალასი: ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქცირებულთა სიას მესამედით გაზრდის კაია კალასი: ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქცირებულთა სიას მესამედით გაზრდის
გადახედვა
-
სააკაშვილი წერს, რომ რუსებმა ივანიშვილს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ხელშეკრულების პროექტი გამოუგზავნეს სააკაშვილი წერს, რომ რუსებმა ივანიშვილს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ხელშეკრულების პროექტი გამოუგზავნეს
გადახედვა
-
"რეპსოლი" "სოლიდუსს" საწვავის მიწოდებას უწყვეტს — კომპანია საწვავს ოკუპირებულ აფხაზეთში აწვდიდა "რეპსოლი" "სოლიდუსს" საწვავის მიწოდებას უწყვეტს — კომპანია საწვავს ოკუპირებულ აფხაზეთში აწვდიდა
გადახედვა
-
კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი საქორწილოდ დემნას სამოსში გამოეწყვნენ — ნახეთ ფოტოები კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი საქორწილოდ დემნას სამოსში გამოეწყვნენ — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
საქართველო ირანის წინააღმდეგ EU-ს ახალ სანქციებს არ შეუერთდა საქართველო ირანის წინააღმდეგ EU-ს ახალ სანქციებს არ შეუერთდა
გადახედვა
-
ილიაუნის სტუდენტური თვითმმართველობა: უნივერსიტეტი მომდევნო 2 წელი შიდა და გარე მობილობას 120-ვე პროგრამაზე შეინარჩუნებს ილიაუნის სტუდენტური თვითმმართველობა: უნივერსიტეტი მომდევნო 2 წელი შიდა და გარე მობილობას 120-ვე პროგრამაზე შეინარჩუნებს
გადახედვა
კომენტარები