ბელარუსის რამდენიმე ქალაქში საპროტესტო აქციები გაიმართა. მოქალაქეები აპროტესტებენ, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ოპოზიციონერი კანდიდატები — ვიქტორ ბაბარიკო და ვალერი ცეპკალო არ დაარეგისტრირა.

რამდენჯერმე დაპირისპირება იყო პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის. არასამთავრობო ორგანიზაცია ვესნას ინფორმაციით, მინსკსა და სხვა ქალაქებში პოლიციამ 280-მდე პირი დააკავა, მათ შორის ჟურნალისტები.

ფოტო: Reuters

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აგვისტოს უნდა გაიმართოს. მოქმედი პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო მეექვსე ვადით კენჭისყრას აპირებს. ვიქტორ ბაბარიკო და ვალერი ცეპკალო, რომლებიც ცესკომ არ დაარეგისტრირა, ლუკაშენკოს ყველაზე რეალურ კონკურენტებად მიიჩნეოდნენ.

ბაბარიკოს შემთხვევაში ცესკომ თავისი უარის მიზეზად ოფშორებში არადეკლარირებული ქონება დაასახელა. ცეპკალოს კი უარი მას შემდეგ უთხრეს, რაც კომისიამ მისი მხარდამჭერი ხელმოწერების დიდი ნაწილი დაბლოკა.

ვიქტორ ბაბარიკო ბელგაზპრომბანკის ყოფილი ხელმძღვანელია. ის და მისი შვილი, ედუარდი ივნისის შემდეგ დაკავებულები არიან. მას ფულის გათეთრებაში, ქრთამის მიცემასა და გადასახადებისგან თავის არიდებაში ადანაშაულებენ. ბელარუსელი უფლებადამცველები ბაბარიკოს პოლიტპატიმარს უწოდებენ.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკასა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეპ ბორელიმ განაცხადა, რომ ოპოზიციონერი კანდიდატებისთვის რეგისტრაციაზე უარის თქმა დემოკრატიულ არჩევნებს ძირს უთხრის.