კიბოს ვაქცინა პრეკლინიკურ კვლევაში იმედისმომცემ შედეგებს იძლევა
სხვადასხვა ტიპის კიბოს წინააღმდეგ შექმნილმა ექსპერიმენტულმა ვაქცინამ პრეკლინიკური კვლევის ეტაპზე იმედისმომცემი შედეგები აჩვენა. აღნიშნულის შესახებ ჟურნალში Clinical and Translational Immunology გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ. ნაშრომის ავტორები ავსტრალიის ტრანსლაციური კვლევის ინსტიტუტისა და ქუინსლენდის უნივერსიტეტის მკვლევრები არიან. მათმა შექმნილმა ვაქცინამ ლაბორატორიულ პირობებში ადამიანების უჯრედებსა და თაგვებში კარგი შედეგი აჩვენა.
ეს მიღწევა, შესაძლოა, კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვანი ნაბიჯი აღმოჩნდეს. მეცნიერები აღნიშნულ საკითხზე უკვე ათწლეულებია, რაც მუშაობენ. ავსტრალიელ მკვლევართა ჯგუფს იმედი აქვს, რომ ვაქცინა ავთვისებიან სიმსივნეთა საკმაოდ ფართო არეალს მოიცავს და იგი არამხოლოდ პრევენციაში ითამაშებს გადამწყვეტ როლს, არამედ უკვე დაწყებულ პროცესსაც შეანელებს.
"ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ვაქცინა არა მხოლოდ სისხლის კიბოების (მიელოიდური ლეიკემია, არა-ჰოჯკინის ლიმფომა, მრავლობითი მიელომა და პედიატრიული ლეიკემია) სამკურნალოდ, არამედ ძუძუს, ფილტვის, თირკმლის, საკვერცხის, პანკრეასის კიბოებისა და გლიობლასტომების სამკურნალოდაც გამოდგება", — აღნიშნავს ასოცირებული პროფესორი კრისტენ რედფორდი. იგი ამ ნაშრომის მთავარი მკვლევარი გახლავთ.
კიბოს წინააღმდეგ ვაქცინის შექმნის იდეა მეცნიერებაში ნათქვამი ახალი სიტყვა ნამდვილად არ გახლავთ. ამ ეტაპზეც კი, მსოფლიოს წამყვან ლაბორატორიებში შესაბამისი კვლევები მიმდინარეობს. კიბოს საწინააღმდეგო ექპერიმენტული ვაქცინები ისეთივე პრინციპით მუშაობენ, როგორც სხვა დაავადების წინააღმდეგ შექმნილი ვაქცინები. მათ შემადგენლობაში კიბოს უჯრედების მსგავსი ცილები შედიან, რომელთაც ორგანიზმი უმალ ამოიცნობს და მის წინააღმდეგ იმუნურ პასუხს გამოიმუშავებს. ამის შედეგად ყალიბდება ე.წ. "იმუნური მეხსიერება". შესაბამისად, თუ შემდგომში ორგანიზმში კიბოს ჩამოყალიბების პროცესი დაიწყება, იმუნიტეტი მას განვითარების ადრეულ ეტაპზევე აღკვეთავს.
კონკრეტულად ეს ექსპერიმენტული ვაქცინა სიმსივნე-სპეციფიკური ცილისა და ანტისხეულების კოქტეილს წარმოადგენს. როდესაც ეს უკანასკნელი დენტრიტულ უჯრედებს (თეთრი სისხლის უჯრედების ტიპი) ხვდება, ორგანიზმი იმუნურ პასუხს იწყებს. როგორც აღმოჩნდა, ვაქცინამ წარმატებით შეძლო სიმსივნე-სპეციფიკური ცილის დენდრიტულ უჯრედებამდე მიტანა, რასაც საპასუხო ძლიერი იმუნური პასუხი მოჰყვა. ეს ზემოთ ჩამოთვილი კიბოების წინააღმდეგ ბრძოლაში ძალიან იმედისმომცემი შედეგია.
პროფესორი რედფორდი იმედოვნებს, რომ მისი ჯგუფის შექმნილი ვაქცინა კონკურენტებთან შედარებით მეტად ეფექტიანია.
"უპირველეს ყოვლისა, ეს ვაქცინა პირდაპირ მზა ფორმით შეგვიძლია ვაწარმოოთ, რაც თავიდან აგვარიდებს პაციენტ-სპეციფიკური ვაქცინების თანმდევ ლოგისტიკურ და ფინანსურ სირთულეებს. მეორეს მხრივ, ეს ექსპერიმენტული ვაქცინა იმუნური პასუხის გამომწვევ საკვანძო სიმსივნურ უჯრედებს იღებს მიზანში. ამგვარად მკურნალობის ეფექტიანობა მაქსიმალურად იზრდება, ხოლო გვერდითი ეფექტები მინიმუმამდე დადის", — განმარტავს პროფესორი კრისტენ რედფორდი
კომენტარები