ადამიანის ტვინი არა მხოლოდ ზომით, არამედ "სწორი" ფორმითაც გამოირჩევა — კვლევა
ტვინის ზომა დიდი ხანია, რაც ადამიანებსა და პრიმატებს სხვა ძუძუმწოვრებისგან გამოარჩევს და ჩვენთვის ცნობილია, რომ მისი მასა დროთა განმავლობაში იზრდებოდა. ახლა კი, ინგლისის უნივერსიტეტის ახალი კვლევის მიხედვით დგინდება, რომ ადამიანებს განვითარებული კოგნიტური უნარები მხოლოდ ტვინის ზომის გამო კი არა, მისი "სწორი" ფორმის გამოც აქვთ.
დიდი ხნის განმავლობაში ანთროპოლოგიური გამოძიებების დროს ტვინის ზომა მნიშნელოვან როლს თამაშობდა. თუმცა სხვადასხვა სახეობაში ტვინს გარკვეული სტანდარტული ფორმა არ აქვს, იგი სტრუქტურულ სახესხვაობებს აჩვენებს.
მკვლევრები დაინტერესებულები იყვნენ იმით, თუ როგორ ჩამოგვიყალიბდა შედარებით დიდი, სფეროსებრი ფორმის ტვინი.
ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად გუნდმა პრიმატთა ტვინების 3D რეკონსტრუქციული ნიმუშების გამოყენებით ფართომასშტაბიანი ევოლუციური ანალიზი ჩაატარა. ანალიზის მიზანი სხვადასხვა პრიმატთა ჯგუფს შორის არსებული მორფოლოგიური განსხვავებების გაზომვა იყო.
კვლევამ გამოამჟღავნა, რომ ისეთი ადამიანის მსგავსი მაიმუნების ტვინები, როგორიცაა შიმპანზე, პავიანი და მაკაკა — და თავად ადამიანიც — სიდიდითა და სწრაფი ევოლუციით ხასიათდებიან. ეს დამახასიათებელი თვისება მათ პატარა ლემურებისგან და ცხვირფართო მაიმუნებისგან გამოარჩევთ, რომელთა ტვინებიც უფრო ნელა ვითარდებიან. ასევე აღსანიშნავია, რომ ჰომინიდების ტვინის სტრუქტურა პავიანებისა და მაკაკების ტვინის სტრუქტურისგან განსხვავდება.
"ადამიანებისა და ჰომინიდების ტვინების ისეთი უბნები, რომლებიც კომპლექსურ აზროვნებაზე, სოციალურ ქცევასა და პრობლემის გადაწყვეტაზე არიან პასუხისმგებლები, განსხვავებულადაა მოწყობილი", — განაცხადა კვლევის ავტორმა გაბრიელა სანსალონემ, — "ჩვენ მიერ შექმნილი რუკები კარგად ასახავს, რომ ადამიანის ტვინის შუბლისწინა ქერქი უფრო მეტად გამობერილია, პავიანების ტვინში კი ცვლილებები საფეთქლისა და კეფის წილში შეინიშნება".
კვლევა ჟურნალ Proceedings of the Royal Society-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები